კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური
რეკლამის გავრცელებისთვის „ალტ-ინფო" წერილობით გააფრთხილა. მიმდინარე
წლის ივლისში მაუწყებლის ეთერით გასულ ვიდეორგოლში „ალტ-ინფოს“
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მათი
პოლიტიკური პარტიების უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად, არჩევნებში
მონაწილეობას მიიღებენ.
„ასევე, ის [„ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი] გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“. კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას ემსახურება“, - განმარტავს კომისია.
ვინაიდან „ალტ-ინფო“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის დასანქცირებული არ ყოფილა, ComCom-მა ის წერილობით გააფრთხილა.
„ალტ-ინფო“ ღიად კრემლისტური და ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. არხის წამყვანები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ტელეკომპანიის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ mediameter-ზე.
კომუნიკაციების კომისიამ მანამდე, ივლისში, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გავრცელებისთვის - რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო "მთავარი არხი" გააფრთხილა.
ივნისის თვეში კი ComCom-მა არაწინასაარჩევნი პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთარ წიგნზე საუბარი მიიჩნია და 4 ტელეკომპანია: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ ,„ფორმულა“ და „კავკასია“ დაასანქცირა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) კი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
ComCom-მა ყველა ეს გადაწყვეტილება მონიტორინგის
საფუძველზე მიიღო. მათი განმარტებით, ყველა ტელემაუწყებლის
მონიტორინგს კომისია წელიწადში არანაკლებ ორჯერ ატარებს. ამასთან,
წლის განმავლობაში რამდენჯერმე დამატებით ხორციელდება ყველაზე
რეიტინგული, TOP 10 ტელემაუწყებლის მონიტორინგიც.
რისთვის ასანქცირებს ComCom-ი ტელემედიის ნაწილს
- ვრცლად გაეცანით „მედიაჩეკერის“ მიერ მომზადებული
მასალას.