სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან 1 თვე გავიდა - ჟურნალისტი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს
06.09.2024


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აფგან სადიგოვი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ დაუდასტურა.

„3 სექტემბერს მიგრაციის დეპარტამენტი იყო მასთან მისული და მოხდა ანკეტირება. ამ შეხვედრაში ჩვენი ორგანიზაციის [„უფლებები საქართველო“] იურისტი, რუსუდან მჭედლიშვილიც მონაწილეობდა. ამ მიმართულებით ისაა სადიგოვის იურისტი. ანკეტირების შემდეგ უნდა მოხდეს ინტერვიუირება, რომელსაც მალე ველოდებით. ამის შემდეგ  კი, უნდა გადაწყდეს, მისცენ მას საერთაშორისო თავშესაფარი, თუ არა.

თუ მიგრაციის დეპარტამენტმა საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა, მივმართავთ სასამართლოს და ამ უარს გავასაჩივრებთ,“ - განაცხადა ნოზაძემ.

როგორც სადიგოვის მეუღლემ განაცხადა, აფგანმა მიგრაციის დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენელს აცნობა, რომ ის აზერბაიჯანში სისხლის სამართლებრივად იდევნებოდა, იჯდა ციხეშიც და რამდენჯერმე ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს.

„აფგანმა განაცხადა, რომ მას საქართველოშიც დევნიდნენ და მის წინააღმდეგ აღძრულია ყალბი სისხლის სამართლის საქმე და ის ციხეში პოლიტიკური შეკვეთით იმყოფება. მას არ აქვს იმედი, რომ საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტი რაიმე პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს, რადგან აფგანს არ მიეცა საშუალება, დაწვრილებით მოეყოლა იმის შესახებ, რაც შეემთხვა“.

სევინჩ სადიგოვას თქმით, მისი მეუღლე სტრესშია და ოჯახის წევრებზე ძალიან ნერვიულობს.

„საერთო მდგომარეობა არც ისე კარგია. ამბობს, რომ ძალიან ნერვიულობს ბავშვების გამო. თქვენი ჯანმრთელობა მადარდებსო. მეშინია, შენ და ბავშვებს რამე არ დაგემართოთო. იმ საფრთხის გამოც განიცდის, რაც მე მემუქრება, იმიტომ რომ მე ვწერ, ვლაპარაკობ, ვიცავ აფგანს. მარტოები რომ ვართ, ამის გამო ეშინია“. 

სადიგოვა აღნიშნავს, რომ საპატიმროში როგორც ჰიგიენური, ისე კვების თვალსაზრისითაც, შეუფერებელი პირობებია.

„ვუყურებ მის თვალებს, სახეს, როგორი ფერმკრთალია. არ მესმის, ასე როგორ ჰყავთ დაკავებულები საქართველოში, ეს ხომ არაადამიანურია.  ციხეში არის მაღაზია, ვისაც აქვს ფული, იქ ყიდულობს და ჭამს, იქნებ  ვინმეს ფული არ  აქვს, მაშინ რა მოხდება? არ ვიცი, რა ვთქვა, ეს ხომ არაკანონიერია. საერთოდაც არაა კანონი, თორემ კანონი რომ ყოფილიყო, აფგანი მანდ არ იქნებოდა“. 

აფგან სადიგოვი მეუღლის მიმართვის საფუძველზე რამდენჯერმე მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც.  

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი შემდგომი ექსტრადირების მიზნით თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი მას 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში: 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ