ComCom-მა „მთავარ არხს“ „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობისთვის სამართალდარღვევა დაუდგინა, 11 მაუწყებლის წინააღმდეგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი კი არ დააკმაყოფილა
11.09.2024


კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების" საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. 

საქმე მმართველი პარტიის პოლიტიკურ რეკლამას ეხება, რომელიც „მთავარმა არხმა” ეთერში კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით არ განათავსა.

კომისიის განცხადების მიხედვით, ტელეკომპანიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული რეკლამის განთავსება, შესაძლოა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს ეწინააღმდეგებოდეს.

დღეს, 11 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კი ComCom-მა მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ არ ჩანს. 

„საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო,“ - განმარტავს კომისია.

ComCom-მა დღესვე 11 მაუწყებლის წინააღმდეგ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის მიხედვით, მათ ტელეკომპანიებს: „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეიმედი“, „რუსთავი2“, „სტუდია მაესტრო“, „პოსტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”, „სილქ მედია“, „ილიონი“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსები მიზნით მიმართეს, მაუწყებლებმა კი ბლოკში შემავალი პარტიებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო სარეკლამო დრო არასწორად გაანაწილეს. 

„კერძოდ, ბლოკისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც უნდა გაყოფილიყო სამზე, გაიყო ხუთზე, რის გამოც, დაირღვა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფლება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისი უფასო სარეკლამო დრო შემცირდა“.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საკითხის განხილვისას მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ უფასო საეთერო დრო თანაბრად იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ეძლევათ, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. 

„თუ უფასო საეთერო დრო საარჩევნო ბლოკს ეძლევა, ეს დრო მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ ერთმანეთისგან განასხვავებს პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო სუბიექტს. საარჩევნო სუბიექტი კი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ მიუთითებს პოლიტიკურ პარტიებზე და არა საარჩევნო სუბიექტებზე, შესაბამისად ამ დანაწესის მიხედვით, უფასო საეთერო დროც თანაბრად ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბლოკში იყვნენ გაერთიანებული, მათ შორის, მათ, რომლებიც მიმდინარე არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტებად არ დარეგისტრირებულან,“ - განმარტავს კომისია.

აქედან გამომდინარე, ComCom-მა მიიჩნია, რომ მაუწყებლებს „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისი ნორმები არ დაურღვევიათ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ