ComCom-მა „ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
13.09.2024


კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების" საჩივარი, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღებას ეხება, დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

როგორც კომისია განმარტავს, ტელევიზიებმა თავდაპირველად ვიდეო-რგოლი ეთერში განათავსეს, თუმცა, რამდენიმე დღეში კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამიღეს. ტელეკომპანიებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეკლამის განთავსება, შესაძლოა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს ეწინააღმდეგებოდეს.

დღეს, 13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე კი, ComCom-მა მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. 

„საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ,“ - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ მსგავსი შინაარსის საჩივარი „მთავარი არხის“ წინააღმდეგაც დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. 

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 

„მთავარი არხისთვის“ 11 სექტემბერს შედგენილ სამართალდარღვევის ოქმზე სასამართლო გადაწყვეტილება დღეს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

ეთერიდან ამოღებულ „ქართული ოცნების“ სადავო საარჩევნო კლიპში  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან, ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ