ტელევიზიებმა „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობისთვის მიღებული ჯარიმები სააპელაციოში გაასაჩივრეს
25.09.2024


„TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ „ქართული ოცნების“ რეკლამის  ეთერიდან ამოღებისა და განუთავსებლობისთვის მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი 5 000-ლარიანი ჯარიმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 

11 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხს“ სამართალდარღვევის ოქმი „ქართული ოცნების“ იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო შეუდგინა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“. 

„ქართული ოცნების“ ამავე რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის ComCom-მა 2 დღეში, 13 სექტემბერს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა „ფორმულას“ და  „ტვ პირველსაც“. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ეს ტელევიზიები, კომუნიკაციების კომისიის სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, 5-5 ათასი ლარით 13 და 16 სექტემბერს დააჯარიმა. 

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ამავე რეკლამის განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 ათასი ლარით 21 სექტემბერს მეორედაც დააჯარიმა.  სამივე ტელეკომპანია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს.

„TV პირველის“ იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, შესაძლოა, პროცესი საერთოდ არ ჩაინიშნოს და გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღონ, რაც მათთვის მიუღებელია. 

„გვინდა, რომ სააპელაციოში ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. ფაქტობრივი და სამართლებრივი მოცემულობა ისეთია, რომ [საქალაქო სასამართლოს] გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ვინაიდან საქმე ამ სასამართლოსთან გვაქვს, შეიძლება იგივე დარჩეს“.

„მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი კი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, რადგან სანქცირებული, კორუმპირებული კლანური სასამართლო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც ვასაჩივრებთ, რადგან მინიმუმ ისტორია უნდა შეიქმნას და ეს ყველაფერი დოკუმენტირდეს. ჩვენ ფორმალურად მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას“.

როგორც ტელევიზიების იურისტები ამბობენ, მათ „ქართული ოცნების“ სადავო რეკლამის ეთერში განთავსება მოუწიათ.

სააპელაციოში გასაჩივრდა ის სიტყვიერი გაფრთხილებაც, რომელიც ტელევიზიებმა უფასო პოლიტიკური დროის განაწილებასთან დაკავშირებით მიიღეს. საქალაქო სასამართლომ ამ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიის შუამდგომლობა გაითვალისწინა და საქმის პრეცენდენტულობის გამო, ისინი არ დააჯარიმა.

საქმე ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნების“ საჩივარს ეხებოდა. 

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ