როგორ მუშაობენ რეგიონული ტელევიზიები საქართველოში
და რა გამოწვევებია მათ წინაშე - „მედიაჩეკერი“ „საქართველოს რეგიონულ
მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორს, ნათია კუპრაშვილს
ესაუბრა.
„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ ტელე და
რადიო კომპანიების მიერ არის დაფუძნებული და მიზნად ისახავს რეგიონული
მედიის განვითარების გზით, რეგიონში მცხოვრები აუდიტორიისთვის
ხარისხიანი და შინაარსიანი აუდიო-ვიზუალური პროდუქტის მიწოდებასა და
მოსახლეობის ინფორმირებას. ალიანსი 30-ზე მეტ ტელე-რადიო მაუწყებელს
აერთიანებს.
რა ფინანსური რესურსით არსებობს დღეს რეგიონული მედია?
ფინანსების წყარო, ზოგადად, მედიისთვის არის
სარეკლამო შემოსავალი, მასში ითვლება კერძო და სახელმწიფო დაკვეთიდან
შემოსული თანხები და მეორე, ეს არის დონორთა მხარდაჭერა. ამ
შემთხვევაში დონორად შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეც კი
იგულისხმებოდეს.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“
მიზანმიმართული პოლიტიკა აწარმოა, რეგიონული მედიებიდან ადგილობრივი
შემოსავალი რომ გაექრო. პირველ რიგში, საკანონმდებლო
ცვლილებებით შეამცირა სარეკლამო ინვენტარი, დრო და ასევე,
კატეგორიები. მედიებს აეკრძალათ გარკვეული ტიპის რეკლამების გაკეთება,
შეუმცირდათ რეკლამის გასაყიდი დრო და ბოლოს, „საზოგადოებრივ
მაუწყებელს“ მიეცა რეკლამის გაყიდვის უფლება. პირველ რიგში, სწორედ ამ
უკანასკნელმა იქონია გავლენა, რადგან ამხელა დაფინანსების არხთან
კონკურენცია რთული გახდა. წარმოიდგინეთ, სად „საზოგადოებრივი
მაუწყებელი“ რომ შექმნის კონტენტს თავისი რესურსებით და სად ეს პატარა
მედიები. კონკურენციის კუთხით, ძალიან პრობლემური თემაა და ვფიქრობ,
ეს სრულიად მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო. ასევე,
შექმნეს ისეთი სისტემა, რომ რეგიონული მედიების რეიტინგი
ციფრებში არ არსებობდეს, ესეც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
„ქართული ოცნების“ მიერ ისიც წინასწარ განსაზღვრულია, რომ
სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებულ ყველა კონსოლიდირებულ
ტენდერში რეგიონული მედიების მონაწილეობა აკრძალულია. ამის
საფუძველზე რეგიონული ტელევიზიების დაფინანსება მინიმუმამდე დავიდა,
რუსულმა კანონმა კი ეს დაფინანსება საბოლოოდ გააქრო. ამ კანონის
შემდეგ უკვე ის მცირე აქტორებიც დაშინდნენ, რომელთა ფული ამ
ტელევიზიებს ნაწილობრივ აცოცხლებდა. ცხადია, არავის უნდა,
რომ იმ ე.წ. უცხო ძალასთან ერთად მოიაზრებოდეს ამ თუ იმ მედიის
დამფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ეს ადგილობრივი ფული რეგიონულ
მედიებში, ფაქტიურად, სულ ბოლომდე გაქრა.
მაშინ რა არის თუნდაც ის მინიმალური შემოსავალი, რის ხარჯზეც ეს
მედიები არსებობენ?
ერთადერთი ვინც დარჩა ერთგულ გადამხდელად,
ეს არის ადგილობრივი მოსახლეობა. ეს არის განცხადებები. მათი წილი არ
შემცირებულა. არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს განცხადებები მხოლოდ
გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაა, ასე არ არის. საერთოდ ნეკროლოგი
ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჟანრია, დასავლურ მედიაშიც
ხშირად შეგხვდებათ და ძალიან საინტერესოა. გარდაცვლილებს ძალიან დიდ
პატივს ვცემ, რადგან ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მხარს
უჭერდნენ და აფინანსებდნენ რეგიონში მედიებს და რაც მთავარია,
სანაცვლოდ არაფერს ითხოვდნენ. მუდმივი მოგონება ძალიან კარგი ამბავია
ყველასათვის და მათ შორის ადგილობრივი მედიისთვის. ეს მნიშვნელოვანი
შემოსავალი იყო და ჯერჯერობით ისევ რჩება. არსებობენ კიდევ
ადგილობრივი მოქალაქეები, ვისაც სურს, რომ რაღაც მოჰყვეს, გაუზიაროს
თავის თანასოფლელებს ან მეზობლებს, რა ხდება მის თავს კარგი თუ ცუდი.
ამის ტრადიციაც რჩება და ესეც მუდმივი შემოსავლია რეგიონული
მედიისთვის.
დონორების მხარდაჭერა არ აქვს რეგიონულ
მედიას?
„ქართული ოცნების“ პირობებში დონორთა მხარდაჭერა
გაქრა. ჩვენს წევრებს შორის 22 რეგიონული ტელევიზიაა და მათ
აბსოლუტურ უმრავლესობას, 18-19 მედიას დონორთა მხარდაჭერა ყოველთვის
ჰქონდა, მაგრამ 2013 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა დაცოტავდა და
ბოლოსკენ მათი ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ სამ არხს
ჰქონდა.
რა იყო ამის მიზეზი?
ამ დონორებს გარე ძალა კი დაარქვეს, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი
მათგანი არ ახორციელებს დამოუკიდებლად რაიმე ტიპის ინტერვენციას.
ყოველთვის იყო და დღემდე არის პრაქტიკა, რომ ის ყველა პარტნიორს
ეკითხება და იღებს რეკომენდაციას ვისი მხარდაჭერა ღირს, ქვეყანას რა
სჭირდება, რომელი სფეროს განვითარებისთვის და ხელისუფლებაც ყოველთვის
უზიარებს თავის რეკომენდაციებს. როგორც ჩანს რეგიონულ მედიაზე ეს
რეკომენდაციები არ მიდიოდა. ჩემთვის ერთ-ერთი პირველი
სიგნალი, რამდენიმე წლის წინ, „ლაივ პრესის“ დახურვა იყო. სამწუხაროდ,
ეს ჩვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მიმხვდარიყავით, რა ხდებოდა
ჩვენს თავს და დღევანდელ დღემდე ასეთი დასუსტებულები არ
მოვსულიყავით. ახლა მხოლოდ ტელევიზიებზე არ ვსაუბრობ, ონლაინ
მედიებშიც იგივე მდგომარეობაა. რაც ამ პოლიტიკის შედეგად ყველაზე
მეტად შემცირდა, იყო ადგილობრივი ამბის წარმოება.
ოლიგარქიზაციას რა კვებავს ყველაზე მეტად? ის რომ ვერ
მოვახერხეთ (მედიის) დეცენტრალიზაცია. მთელი ჩვენი პრობლემა
ცენტრალიზებული სისტემაა, სადაც რეალურად არ ისმის ხალხის ხმა, მათი
რეალური პრობლემები. მედიამ ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად
გააღრმავა. დამოუკიდებელი მედია არის ყველაზე საშიში აქტორი
ნებისმიერი ავტორიტარისთვის და ამიტომაც იყო, რომ სისტემამ ნელ-ნელა
რეგიონში ეს ხმები გააქრო. რუსული კანონი უკვე საკონტროლო
გასროლა იყო, რომელიც ასეთი მედიებისთვის დაიწერა. უნდა
ვიფიქროთ და დავსვათ კითხვა, საიდან გაჩნდა კონკრეტულად
20-პროცენტიანი წილი მედიის ნაწილში? იმიტომ რომ ნაციონალურ
მედიებში შეიძლება იყოს უცხოური ინტერვენცია, როგორც დასავლური, ისე
ჩრდილოეთის მხრიდან, მაგრამ ბრუნვა იმდენად დიდია, რომ 20 პროცენტამდე
რთულად ადის. იმხელა ფულზე არ არის საუბარი, რომ საერთო ბიუჯეტის
20%-მდე ავიდეს, ამიტომაც არის, რომ პირდაპირ მცირე და დამოუკიდებელ
აქტორებს დაუმიზნეს.
ეს კანონი არ არის მხოლოდ ფინანსურ შემოსავალზე, როგორც ვთქვით,
რეგიონულ მედიებს დღეს დონორები არ ჰყავთ, მაგრამ მაინც ეხებათ. ამ
კანონის ქვეშ ნებისმიერი დაუსაბუთებელი შემოსავალი ხვდება.
ასევე, ფული რომ საერთოდ არ აიღო და კონტენტი გქონდეს
დასავლური, ესეც უცხოური ძალის ინტერესების გატარებათ
ითვლება. მინდა გითხრათ, რომ რეგიონულ მედიაში, საბედნიეროდ,
კონტენტი ძირითადად არის ამერიკული და ევროპული წარმოების. ესენია:
შემეცნებითი გადაცემები, საგანმანათლებლო პროგრამები, დოკუმენტური
ფილმები… რეგიონული მედიების ძირითადი მაყურებელი რეგიონებში
მცხოვრები ახალგაზრდობა აღმოჩნდა და მათ, სწორედ ეს ნაწილი
აინტერესებთ, რაც შემეცნებას, განათლებას მოიცავს.
კონკრეტულად
რა იგულისხმეთ ჩრდილოეთის მხრიდან ინტერვენციაში?
როგორც კი გართულდა დასავლეთის
ფული, გაიოლდა ჩრდილოეთის. პირველად ეს 2015 წელს ვიგრძენით, როდესაც
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მიმდინარეობდა, ტელევიზიების ტექნიკის
გამოცვლა ხდებოდა, ამ დროს საიდანღაც გაჩნდნენ რუსული ბიზნესები,
რომელნიც ყველას სთავაზობდნენ, ახალი გადამცემებისა და აპარატურის
ყიდვას. ასევე, ამ მიგრაციის ტალღის დროს გაჩნდა ბევრი რეკლამის
დამკვეთი, რომელსაც გეტყვით, რომ რეგიონული ტელევიზიების უმრავლესობამ
უთხრა უარი, სხვათაშორის ცენტრალური ტელევიზიებისგან
განსხვავებით. ეს მედიები არასდროს მოკიდებენ ხელს ისეთ ფულს,
რომელმაც შესაძლოა, რეალური გავლენა შინაარსზე იქონიოს, ეს მათ წლების
განმავლობაში დაამტკიცეს.
ტყუილია, რომ მედიას აღარ ენდობიან. მათ ურეკავენ, სთხოვენ მისვლას და
დახმარებას, მაგრამ აღარ აქვთ ამის საშუალება, მათ შეიძლება ბენზინიც
კი არ ჰქონდეს. თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით ხელისუფლებამ მათ ეს
საშუალებები გაუქრო. ბოლოს უკვე ისიც გაუკეთა, რომ თავისი ფუნქციიდან
გამოიყვანა და ბარიკადებთანაც დააყენა. წარმოიდგინეთ, კომუნისტების
დროს რომ ტელევიზიას შექმნი მიწისქვეშეთში, იმ დროიდან მოყოლებული
დამოუკიდებლობისთვის იბრძვი, დღეს ისევ ქუჩაში გაყენებენ. ეს
ადამიანები ჟურნალისტიკას თავს არასდროს დაანებებენ, ეს უკვე მათი
ოჯახური ტრადიციაა. სწორედ ეს ტრადიცია და ბრაზის გრძნობაა, რაც მათ
აძლიერებს. ამიტომ დღეს ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მაუწყებლობა არ
შეაჩერონ.
ადგილობრივი თვითმმართველობიდან არ აქვს
დაფინანსება რეგიონულ მედიას?
ჩვენთან შემავალი ტელევიზიებიდან 6-7 არხი იყო,
რომელსაც მუდმივად ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება.
მაგრამ ეს ფული მათი არსებობისთვის გადამწყვეტი არასდროს იყო. ჩვენ
მაინც სულ ვსაუბრობდით, რომ შესაძლებელია, ეს ყოფილიყო გავლენის
მომტანი და სიფრთხილე იყო საჭირო. რეალურად ეგრე ფუნქციონირებს
დასავლური რეგიონული მედია. პრინციპში, ვიდრე პირველი რუსიფიკაცია
მოხდებოდა, ჩვენც ეგეთი მოდელებით ვარსებობდით. მაგალითად, იმერეთში
მეაბრეშუმეებმა გააკეთეს პირველი გამომცემლობები, რომელსაც თვითონვე
აფინანსებდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობა კრებდა ფულს და გაზეთს
გამოსცემდა.
შექმნილი მდგომარეობის გამო დაიხურა რომელიმე ტელევიზია?
ეთერი არავის გაუჩერებია, მაგრამ დაახლოებით 10 ტელევიზია ვეღარ ამზადებს საინფორმაციო გამოშვებას, ანუ ადგილობრივი ამბავი აღარ იქმნება. აი, გუშინ ჩვენ გავაკეთეთ ასეთი ამბები, ბათუმში ჩამოვარდა ლიფტი და კაცი გარდაიცვალა, ქუთაისში წყლის ავზი გადმოვარდა, ქალს დაეცა და სერიოზულად დააზიანა, სვანეთში, მაგალითად, ხანძარი იყო და ბევრი სახლი და კაფე დაიწვა, რადგან სახანძრო, დროულად ვერ მივიდა. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი პრობლემები რეგიონებში უამრავია და ამ რამდენიმე დღის წინ კასპის მერი გამოვიდა და მოსახლეობას ესაუბრებოდა, რომ კასპში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არ იქნებაო.
უამრავი პრობლემაა რეგიონებში და ეს არსად ჩანს. ახლა
ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა ე.წ. ინვესტორთა საკითხია,
მთავრობასთან დაახლოებულ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის არსებული
კონფლიქტები. ეს კონფლიქტი ყველა რეგიონშია და ადგილობრივმა
მოსახლეობამ არც ერთი პოლიტიკური ძალის პოზიცია არ იცის. მაგალითად,
პრემიერ მინისტრის პოზიცია ვიცით, რომელმაც გვითხრა, რომ ეს არ არის
ჩვენი საქმე და არ ვერევით ბიზნესისა და ადგილობრივი მოსახლეობის
კონფლიქტშიო. არ ერევა "ჯორჯიან მანგანეზის" საქმეში, შუქრუთელები აქ
ჩამოვიდნენ, რამდენი ხანია აპროტესტებენ და მათ არავინ არ იმჩნევს.
ასეა ყველგან, ყველა რეგიონში.
როგორ ეხმარება თქვენი ორგანიზაცია რეგიონულ
მედიას?
ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ რეგიონულ
ტელევიზიებს დღეს საკუთარი საინფორმაციო ნაწილის კეთება უჭირთ. ამიტომ
მუდმივად ვთხოვ ყველას, მხარი დაუჭირონ ამ მედიებს, რომ მათ
ინტენსიური საინფორმაციო სიუჟეტების მზადება დაიწყონ. თუმცა, მანამდე
ვცდილობთ და ვახერხებთ, ერთი მხრივ, რეგიონში არსებული საკითხები დღის
წესრიგში აქეთ შემოვიტანოთ, კითხვები დავსვათ, ხალხი ვალაპარაკოთ.
ერთი სიტყვით, ვცდილობთ მაყურებელს ვაჩვენოთ, რა ხდება რეგიონებში.
იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური გარემო ძალიან
პოლარიზებულია და ყველაფერი მხოლოდ პარტიულ ჭრილში განიხილება,
მედიაში ძალიან ბევრი და პრობლემატური თემა გამოტოვებულია.
ჩვენ ვცდილობთ, რომ პირველ რიგში სწორედ ასეთი თემები შემოვიტანოთ.
ამიტომ გვაქვს ყოველდღიური პირდაპირი ეთერი, პროგრამა, რომელსაც ჰქვია
„ამასობაში“. სახელწოდება შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აქ ის იდეა
დევს, რომ მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება ერთი მიმართულებით არის,
ამასობაში რა ხდება. მე და ნინა ხელაძეს მიგვყავს
ეს გადაცემა, რომელიც 20 რეგიონულ ტელევიზიაში და ასევე, ტელეკომპანია
„კავკასიას“ ეთერში ვრცელდება. ყველა რეგიონს ვაძლევთ ამ კონტენტს და
ისინიც სრულიად უსასყიდლოდ უშვებენ ეთერში. ჩვენ ამ გადაცემას,
ფაქტიურად, მათთან ერთად ვამზადებთ. ისინი გვამარაგებენ ჩვენ თემებით,
გვეუბნებიან რაზე გავამახვილოთ ყურადღება, სად რა მოხდა და .ა.შ.
როდესაც ამ ფორმატის გადაცემას ვიწყებდით, ჩვენი იდეა იყო, ბლოკებად
ყოფილიყო დაყოფილი, ვთქვათ, დაიწყებოდა გურიის ბლოკით, შემდეგ
იმერეთის ბლოკი, ასე გაგრძელდებოდა და ბოლოს შემოვიდოდა თბილისის
ბლოკი ჩვენთან ერთად. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონული
ტელევიზიები თავიანთ მედიაპროდუქტს ვერ ქმნიან, დავრჩით მხოლოდ ჩვენ
და ვცდილობთ, რეგიონებში არსებულ პრობლემებზე
ვილაპარაკოთ.