ტელეკომპანიები: „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ ერთობლივ
განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“
აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის
ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ
„ამორალური“ ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში,
ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.
„ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე - ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია „ქართული ოცნების“ ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს,“ - აღნიშნულია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში
„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელევიზიას: „მთავარი არხი“, „TVპირველი“, „ფორმულა“ სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.
წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით მედიების დაჯარიმებებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:
- „იმედმა“ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა
- ტელევიზიებმა „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობისთვის მიღებული ჯარიმები სააპელაციოში გაასაჩივრეს
- „ქართული ოცნების“ რეკლამის განუთავსებლობის გამო, სასამართლომ ტელევიზიები 5-5 ათასი ლარით მეორედ დააჯარიმა
- „ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის სასამართლომ „ფორმულა“ და „TV პირველი“ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა
- ComCom-მა „ქართული ოცნების“ რეკლამის ეთერიდან ამოღებისთვის „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა