„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო
პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც
მედიაგარემოზეცაა საუბარი.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო კვლავ პოლარიზებულია. მმართველი პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების საინფორმაციო გადაცემებში, ხოლო პროსახელისუფლებო მედია არ იწვევს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მის სატელევიზიო გადაცემებში.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებიც შეისწავლა და გამოვლინდა, რომ ComCom-ის მიერ იმ მედიაორგანიზაციებისთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენა თუ დაჯარიმება, რომლებმაც უარი განაცხადეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი შინაარსის მქონე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, ახალისებს ძალადობას და ქმნის პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, „ვიდეორგოლი ამძაფრებს არასამთავრობო და მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და შესაძლოა, მან წაახალისოს ვიდეოში ასახული პირების მიმართ ძალადობა“.
ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, ასევე, პრობლემური და რისკის შემცველია, სასამართლოსა და ComCom-ის მიერ განვითარებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც პარტიაში რეორგანიზაცია ან/და შერწყმა არ განხორციელებულა, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტის აქტივობა, სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ იქნას მიჩნეული. „კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები აჩენს კითხვებს მის დამოუკიდებლობასთან მიმართებით, კერძოდ, არსებობს რისკები მმართველი პარტიის ინტერესების გატარებასთან დაკავშირები“.
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ მედიაგარემოს შესწავლისას გამოვლინდა, რომ კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგისა თუ საჩივრების განხილვის გზით შეისწავლა 14 მედიაორგანიზაცია, რომელთაგან 3 მედიაორგანიზაცია მონიტორინგის, ხოლო 11 მედიაორგანიზაცია საჩივრის საფუძველზე შეისწავლა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ ISFED-ის შეფასება წაიკითხეთ ვრცლად ორგანიზაციის ანგარიშში.