ComCom-მა „ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა
09.10.2024

კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივარი „მთავარი არხის“, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელევიზიებს მმართელი პარტიის უფასო საარჩევნო რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს. 

კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“, „TV პირველისა“ და „ფორმულას“ შუამდგომლობა, სხდომა ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გადადებულიყო. ტელეკომპანიებმა ცესკოს „ქართული ოცნების“ რეკლამის მიერ საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევის დასადგენად მიმართეს.

საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე ნაწილი გულისხმობს, რომ „საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას“.

„ქართული ოცნება“ ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვს, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები.

5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო:

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.“

„მედიაომბუდსმენის“ მიერ გასაჯაროვებული წერილებიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანიებმა („მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“) „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებამდე, 4 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიას მიმართეს. 

ტელეკომპანიები ითხოვდნენ, ComCom-ს მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ვიდეორგოლის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და განთავსების შესახებ.

კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელევიზიას იდენტურად უპასუხა: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესის მიღმა, შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მის ეთერში განთავსების/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია“.

ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას არაერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გამოეხმაურა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „საქართველოს ევროპული ორბიტამ“ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ტელევიზიების გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.

„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ ამ სამ ტელევიზიას სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.

წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ