„იმედი“„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს აღარ
განათავსებს, სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული
ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს. ტელეკომპანიამ ამ
გადაწყვეტილების შესახებ განცხადება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე
გაავრცელა და ასე დაასაბუთა: „ყველა
მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი
წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო
გარემო ქვეყანაში“.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს...“.
მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა - არ დაუშვას „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით - ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს“, - წერს ტელეკომპანია.
„იმედის“ განცხადებას იზიარებს და ეთანხმება ტელეკომპანია „POSTV-იც“:
„იქიდან გამომდინარე, რომ „ნაცმოძრაობას“ დაქვემდებარებულმა „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ თავხედურად, სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მოტივებით უარი თქვეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლების განთავსებაზე, საარჩევნო სუბიექტების მიმართ შექმნა შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა.
„საარჩევნო პროცესში ადგილი აქვს დისბალანსს, რომლის გამო ყველა პოლიტიკურ სუბიექტს არ ეძლევა საშუალება, თანაბრად ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ხელი არ შევუწყოთ პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკრიმინაციული და არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას, უფრო მეტიც - მიგვაჩნია, რომ თავიდანვე შეცდომა იყო კოლექტიური "ნაცმოძრაობის" საარჩევნო რეკლამის ჩვენს ეთერში განთავსება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „POSTV-მ“ მიიღო გადაწყვეტილება, ეთერში აღარ განათავსოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი პარტიების საარჩევნო რგოლები“.
გუშინ, 9 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო ტელეკომპანიებს („მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“) სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი მათ ხვალ, 11 ოქტომბერს, 15:00 საათზე განიხილავს.
„ქართული ოცნება“ ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“) ეთერში გაშვებას ითხოვს, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. ტელეკომპანიებმა 5 ოქტომბერს ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. მათ მხარი არაერთმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ დაუჭირა.
წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს, ვიდეორგოლის შინაარსზე პასუხისმგებელი კი, ტელევიზია არ არის.
„ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამის განუთავსებლობის გამო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩანან და პარალელურად ისმის ფრაზაც: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“, კომუნიკაციების კომისიამ ამ სამ ტელევიზიას სამართალდარღვევის ოქმები ორჯერ გამოუწერა, სასამართლომ კი ისინი 5-5 000 ლარით დააჯარიმა და სადავო ვიდეორგოლის ეთერში განთავსება დაავალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „იმედმა“ რამდენიმე დღის წინ უარი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე უთხრა.