„მედიაომბუდსმენი“: შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე?
16.10.2024


“მედიაომბუდსმენმა” მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, დეტალურად გამოიკვლია მმართველი პარტიის "აღმაშფოთებელ, სამარცხვინო და შემზარავ" ვიდეორგოლებთან დაკავშირებული საკითხი. ორგანიზაციის გუნდი ეძებდა პასუხს კითხვაზე - შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე?

კანონმდებლობისა და პრაქტიკის კიდევ ერთხელ შესწავლის შემდეგ, „მედიაომბუდსმენი“ წერს, რომ „რიგ შემთხვევებში მაუწყებელს ვალდებულებაც კი წარმოექმნება, არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა“.

„სამართლებრივი ანალიზის პროცესში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, როგორ ხდება ძალაუფლების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.

„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ვიდეორგოლი - “არა ომს, აირჩიე მშვიდობა” ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსს. ის არ არის თანხვედრაში “მაუწყებლობის შესახებ” და “რეკლამის შესახებ” კანონების მოთხოვნებთანაც. თუმცა, კომუნიკაციების კომისია და სასამართლო ახერხებს გაამართლოს მმართველი პარტიის მოთხოვნა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესში, კომისიამ არასწორად და არასათანადოდ განმარტა უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებას.

„აჭარის მაუწყებლის საქმეში“ უზენაესი სასამართლო უთითებს, რომ “ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. შესაბამისად, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოაღნიშნული ზოგადი დანაწესები”.

„მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, სამი მაუწყებლის [„მთავარი არხი“, „TV პირველი“, „ფორმულა“] დასჯისას, კომუნიკაციების კომისიის განმარტებები მისსავე შედგენილ გზამკვლევსაც ეწინააღმდეგება.

“მართალია, საარჩევნო სუბიექტი პოლიტიკურ რეკლამას, როგორც წესი, თავისი შეხედულებისამებრ ქმნის და იგი არ არის მომზადებული მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაგრამ მაუწყებელმა ნებისმიერი რეკლამის გავრცელებამდე უნდა შეაფასოს მისი შესაბამისობა კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებთან და პრინციპებთან, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ საარჩევნო სუბიექტის დამზადებული და მაუწყებლისათვის წარდგენილი რეკლამა კანონშეუსაბამოა, მაუწყებელმა იგი ეთერში არ უნდა განათავსოს“, - მითითებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში.


„მედიაომბუდსმენის“ კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის ანგარიშის ძირითადი მიგნებებია:


1. "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი აღმოჩნდა შემდეგი საქმე, როცა მედიის დასჯის მოთხოვნის ინიციატორი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა”;

2. კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ მმართველი პარტიის მოთხოვნით კიდევ ერთხელ დასაჯეს კრიტიკული მედიასაშუალებები საარჩევნო პერიოდში;

3. როდესაც “ქართული ოცნება” სადავო პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვდა, სამ კრიტიკულ მაუწყებელს არ მიეცა შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან მიეღო რეკომენდაციები. მათ კომისიამ რგოლის შეფასების თაობაზე უარი იდენტური შინაარსის წერილებით შეატყობინა;

4. ცენტრალური საარჩევნო კომისია უმოქმედო იყო მაუწყებლებისთვის მნიშვნელოვანი საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში. მაუწყებლების მიმართვის და საკითხის კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოს საჩივრები ამ დრომდე არ შეუსწავლია. მეტიც, თავდაპირველად ცესკომ უარი განაცხადა საჩივრების ონლიან ფორმით მიღებასა და მის საფუძველზე წარმოების დაწყებაზე, რითაც ხელოვნურად გაჭიანურდა პროცესი და მაუწყებლები იძულებულები გახდნენ საჩივრები მატერიალური სახით შეეტანათ ცენტრალურ საარჩევნო ორგანოში;

5. “არა ომს, აირჩიე მშვიდობა” ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსს. არ არის თანხვედრაში“მაუწყებლობის შესახებ” და “რეკლამის შესახებ” კანონების მოთხოვნებთან;

6. კომისიამ არასწორად და არასათანადოდ განმარტა სსიპ აჭარის ტელევიზიის და რადიოს მიერ წარდგენილი სარჩელი (უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება) პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით, რაც ომის პროპაგანდის საკითხზე დავას შეეხება;

7. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი ზოგადი დანაწესები;

8. კრიტიკული მედიის დასასჯელად “ქართული ოცნების” მოთხოვნასა და ჯერ კომუნიკაციების კომისიის, შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებების თანხვედრაში ნათლად ჩანს კოორდინირებული მოქმედების ნიშნები.

„მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას აკვირდება. ორგანიზაციის ვრცელი სამართლებრივი შეფასება იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1yWp6pOLQ5xfyAK1O-xk6Wa0JTstX-DyB/view 

„ქართული ოცნების“ რეკლამის - „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ განუთავსებლობის გამო, 11 ოქტომბერს, სასამართლომ „მთავარი არხი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“ 5-5 000 ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლის ტელეეთერში განთავსება დაავალა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ComCom-ის მიერ ტელეკომპანიებისთვის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები საფუძველზე მიიღო. კომუნიკაციების კომისიას კი, თავის მხრივ, საჩივრით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. მმართველი პარტია ამ ტელევიზიებისგან იმ უფასო პოლიტიკური რეკლამის („არა ომს, აირჩიე მშვიდობა“)  ეთერში გაშვებას ითხოვდა, რომელშიც საქართველოს საპირწონედ, შავ-თეთრ ფერებში რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის სხვადასხვა ადგილია ნაჩვენები. 

ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა: „რეკლამების განუთავსებლობა და ოპოზიციური პარტიებისთვის დათმობილი დრო - „ოცნების“ საჩივრები და ჯარიმები კრიტიკულ მედიას“ - https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98516-reklamebis-ganuthavsebloba-da-opoziciuri-partiebisthvis-dathmobili-dro-ocnebis-sachivrebi-da-jarimebi-kritikul-medias
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ