TI: კრიტიკული მედიისთვის ჩამოყალიბდა მტრული გარემო, ხოლო ჟურნალისტური საქმიანობა გახდა საფრთხის შემცველი
22.10.2024



„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „დემოკრატიის მდგომარეობა 2020-2024 წლებში: კორუფცია, სასამართლო, პარლამენტი და მედია“. ანგარიში ბოლო 4 წლის განმავლობაში არსებულ მედიის მდგომარეობასაც მიმოიხილავს:

  • მედიაგარემოს გაუარესების კვალდაკვალ, გამოვლინდა ისეთი საგანგაშო შემთხვევები, როგორებიცაა - ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმები და ძალადობა, რასაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაც მოჰყვა. ასევე, სამართლებრივი საქმეების აღძვრა კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და დამფუძნებლების მიმართ და მათი დაკავება.
  • საგანგაშოა მართლმსაჯულების სისტემის, კომუნიკაციის კომისიისა და ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სხვა სტრუქტურების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენება; 
  • განსაკუთრებით სახიფათოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომლითაც კიდევ უფრო შეიზღუდა და გართულდა ჟურნალისტური საქმიანობა.


საქართველოს მედიაგარემო 2020-2024 წლებში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, მედიაგარემო საქართველოში წლიდან-წლამდე სისტემურად უარესდება და მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ პლურალისტურია, მნიშვნელოვან გამოწვევად მკვეთრი პოლარიზება რჩება. 

„ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა სამაუწყებლო მედიის კონტექსტში, რადგანაც უკვე წლებია, პოლიტიკური აქტორების მხრიდან ტელევიზია პოლიტიკური ბრძოლისა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების მთავარ ინსტრუმენტად არის აღქმული. ამდენად, პოლიტიკურ კლასს შორის არსებული მწვავე დაპირისპირება პირდაპირ გავლენას ახდენსმედიაგარემოზე. საქართველოში მედიაგარემოს გაუარესება აღნიშნულია საერთაშორისო ანგარიშებშიც. მაგალითად, მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières - RSF) ბოლო, 2024 წლის კვლევით, საქართველომ მედიის თავისუფლების ინდექსი 26 ქულით გააუარესა და 180 ქვეყანას შორის 10-ე ადგილი დაიკავა".


TI-ის შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა:

  • ჟურნალისტებზე როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური თავდასხმების, მუქარისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები, მათ შორის, მმართველი უმრავლესობის წევრებისა და სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან.
  • კვლავაც საგანგაშო ტენდენციად შენარჩუნდა მმართველი გუნდის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის, ასევე სამართალდამცველი და მისი გავლენების ქვეშ მყოფი სხვა სტრუქტურების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის კრიტიკული მედიის შევიწროებისა და ზეწოლის იარაღად გამოყენება.
  • განსაკუთრებით საგანგაშოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომელთაც კიდევ უფრო შეზღუდეს და გაართულეს ჟურნალისტური საქმიანობა. ნათელია, რომ ამგვარი ინიციატივების საბოლოო მიზანი ხელისუფლებისადმი კრიტიკული არხების შესუსტება, შეზღუდვა და საბოლოო გაქრობაა.
  • გამოწვევად რჩება დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაც, რომლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხელისუფლებას მწყობრი, ქმედითი გეგმა არ გააჩნია. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ის თავად გვევლინება დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ წყაროდ, რასაც იგი ოპონენტებისა და მისი კრიტიკოსების დისკრედიტაციისთვის აქტიურად იყენებს. ამას მოწმობს ბოლო წლებში Facebook-ის მიერ საკუთარი პლატფორმებიდან ათობით გვერდისა თუ მომხმარებლის წაშლაც, რომლებიც ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამგვარ აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
  • ერთ-ერთ გადაულახავ წინაღობად რჩება საგნობრივი და თემატური პოლიტიკური დებატების გაქრობა სატელევიზიო სივრციდან. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კვლავაც ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან კრიტიკულ ტელევიზიებთან და უარს ამბობენ მათთან გადაცემებში სტუმრობაზე. მეორე მხრივ კი, თითქმის არ ისმის ოპოზიციური ხმა პროსამთავრობო ტელევიზიების ტოქ-შოუებში, რაც მაყურებელს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებული, არგუმენტირებული მსჯელობის მოსმენის შესაძლებლობას მისცემდა. სამწუხაროდ, ჯეროვანი პოლიტიკური დებატების გამართვას არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უზრუნველყოფს, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა. ეს განსაკუთრებით პრობლემურია წინასაარჩევნო პერიოდში, რადგანაც ამგვარი მანკიერი პრაქტიკა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.

თავდასხმები ჟურნალისტებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა

TI-ის ინფორმაციით, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა სულ უფრო საშიში და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ხდება, რასაც წლიდან-წლამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა ტიპის დანაშაულების მზარდი სტატისტიკა მოწმობს. მხოლოდ 2023 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 45-მდე საჯაროდ დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა დათვალა.

ორგანიზაციის განცხადებით, ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ასეთ დანაშაულებზე არასაკმარისი რეაგირება, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეებზე წარმოებული გამოძიების დროში გაჭიანურება და დამნაშავე პირთა არასათანადოდ დასჯა, რაც ამგვარ დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს და მთლიანობაში, ჟურნალისტური საქმიანობისადმი მტრულ გარემოს აყალიბებს. 

„ამ მხრივ განსაკუთრებით დრამატული იყო 2021 წლის ივლისი, როდესაც ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი - მასზე ძალადობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა. საგულისხმოა, რომ ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო უსაფრთხო არც საკუთარი მთავრობების მხრიდან დევნილი უცხოელი ჟურნალისტებისთვის არის. დოკუმენტში საუბარია იმ რუს, ბელარუს და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებზე, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მმართველი ელიტების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, იდევნებიან და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. 

ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე, აფგან სადიგოვზე. ის 3 აგვისტოს დააკავეს და 4 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.


სამართლებრივი დავები კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ბოლო ოთხ წელს წითელ ხაზად გასდევდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების – მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის მფლობელებისა და დამფუძნებლების წინააღმდეგ წარმოებული სამართლებრივი დავები. 

ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშო ტენდენციის ხასიათი ჰქონდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებულმა ცილისწამების, ე.წ. SLAPP-ების (საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელები) სარჩელების გააქტიურებასაც, რომლებსაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის შევიწროების დამატებით ბერკეტად იყენებს. 

„ამგვარი სამართლებრივი დავები საქართველოში 2021 წლიდან დაიწყო და ბოლო 3 წელიწადში უკვე 40-მდე ასეთი სარჩელი აღირიცხა. მომჩივნები ძირითადად მმართველი გუნდის წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები არიან და მაუწყებლებისგან „ზიანის ასანაზღაურებლად“ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვენ, რაც ისედაც ფინანსური კრიზისის პირობებში მყოფ მაუწყებლებს დამატებით წნეხად აწვებათ“.

გაუარესებული კანონმდებლობა


როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, დრამატულად გაუარესდა საკანონმდებლო ბაზაც, რამაც მედიის საქმიანობა კიდევ უფრო შეზღუდა და შეაფერხა. 

„ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საგანგაშოა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის შემობრუნება, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლური ფონდებიდან ფინანსდებიან, უცხოური გავლენის გამტარ ორგანიზაციებად რეგისტრაციას აიძულებს.

ამასთან, გასული წლის ოქტომბერში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი სადავო ცვლილებები, რომლითაც სიძულვილის ენა და უხამსობა თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადავიდა. ამ ორის საკითხის განხილვისა და შესაბამისი სანქციების დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა, რომელიც, თავის მხრივ, ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობაშია მხილებული“.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გასული წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტის მიერ ამოქმედებულ აკრედიტაციის ახალ წესზეც, „რითაც საკანონმდებლო ორგანო კრიტიკული მედიისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე გახდა“. 

TI-ის შეფასებით,აკრედიტაციის წესი ერთგვარ სადამსჯელო მექანიზმადაც იქცა, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესვლის უფლება კრიტიკული მედიის არაერთ წარმომადგენელს შეუჩერეს. 

„ამასთან, ახალმა წესმა კიდევ უფრო გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ისედაც გაუარესებული პრაქტიკა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხიც“.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კრიტიკული მაუწყებლების ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია 2022 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ამოქმედებულმა ცვლილებებმაც, რომლითაც აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა, რასაც მაუწყებლები მოუმზადებლები შეხვდნენ და შედეგად 2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 7.6%-ით შემცირდა.


კომუნიკაციების კომისია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ წერს კომუნიკაციების კომისიის მკვეთრად უარყოფით როლზეც, რომელიც მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებთან მიმართებით ითამაშა. 

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ის ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი ორგანოა, უკვე წლებია, რაც კომისიის საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისაკენ არის მიმართული. საანგარიშო პერიოდში, კომისიამ არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო და მმართველი გუნდის საჩივრების საფუძველზე კრიტიკული მაუწყებლები სოლიდური თანხებით არაერთხელ დააჯარიმა“.

TI-ის ანგარიშის მიხედვით, კომისია განსაკუთრებით გააქტიურდა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში: „მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ხელისუფლებისადმი კრიტიკულ ტელევიზიებს არაეთიკური საარჩევნო რეკლამების გაშვებაზე უარისთვის სამართალდარღვევის უკვე არაერთი სადავო ოქმი შეუდგინა, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ ისინი დააჯარიმა“.

კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე სამართალდარღვევის ოქმი პროსამთავრობო მაუწყებლებსაც შეუდგინა, თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, „მთლიანობაში, ეს ვერ დააბალანსებს იმ გამოუსწორებელ ზიანს, რაც კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებით კრიტიკულ ტელევიზიებსა და ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს უკვე მიადგათ“.


პროსამთავრობო მედია

„მათ შორის გამორჩეულია „იმედი ჰოლდინგი“, რომელიც ტელეკომპანიებს – „იმედს“, „მაესტროსა“ და GDS-ს აერთიანებს და სადაც ყველაზე დიდი ფინანსური რესურსია თავმოყრილი. ტელეკომპანია „იმედი“ სატელევიზიო რეიტინგების სათავეშია. „იმედის“ ერთმა-ერთმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისიც თქვა, რომ „მისია“, რომელიც მას და მის ტელეკომპანიას აქვთ, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „მასთან აფილირებული პირები არასდროს დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში““.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებასა და ხელისუფლების კრიტიკოსთა დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურ როლს თამაშობს კიდევ ერთი პროსამთავრობო ტელევიზია „პოსტვ“, რომლის 52%-იან წილსაც მმართველი უმრავლესობის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.

“„იმედთან“ და „პოსტვ-სთან“ ერთად, პროსამთავრობო ხაზს ატარებს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ც“, რომლის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ასევე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია“.



საზოგადოებრივი მაუწყებელი

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აღნიშნავს, პოლიტიკური და მედიაპოლარიზაციის პირობებში, მოვლენების დაბალანსებული, მიუკერძოებელი გაშუქებისთვის კიდევ უფრო დიდია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ როლი და მნიშვნელობა. 

„თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ამ დრომდე ვერ შეძლო ფართო საზოგადოების ნდობის მქონე მედიად ჩამოყალიბება. უკვე წლებია, რაც კითხვის ნიშნები არსებობს მისის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სკეპტიციზმს კიდევ უფრო ამძაფრებს მაუწყებლის მმართველი რგოლის ხელისუფლებასთან აფილირებული პირებით დაკომპლექტება. 

მოცემული მომენტისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ვასილ მაღლაფერიძე თავმჯდომარეობს, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მაღლაფერიძეს მანამდე, 2017-2020 წლებში მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ეკავა, საიდანაც გადადგომის შემდეგ, 2021 წელს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მსახურობდა. 16 ოქტომბერს ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის გახსნაზე ბიძინა ივანიშვილს პერსონალური მადლობაც გადაუხადა“.

ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახდა, რომელიც წლების განმავლობაში მაუწყებელში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობდა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ 2022 წელს მაუწყებლის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა არხის ხელმძღვანელობა ცენზურის მცდელობაში დაადანაშაულეს. გასულ წელს კი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაიხურა რამდენიმე ისეთი გადაცემა, რომელთა წამყვანებიც აქტიურად აკრიტიკებდნენ ე.წ. “რუსული კანონის” ინიცირებას. მათ შორის იყო გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და „კაცები“. 

„კანონის ხელახლა შემობრუნებას აპროტესტებდნენ გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანებიც, რომლებიც მაუწყებლიდან მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს“.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ