ანა დოლიძე „პირველი არხის“ ჟურნალისტს თავს დაესხა? - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მანიპულაცია
17.11.2024


„ანა დოლიძე პირველი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა“, - ამ სახელწოდებით „პირველმა არხმა“ მანიპულაციური მასალა ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ ამბავს თან დართული ჰქონდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ დოლიძეს ხელი მაღლა აქვს აწეული და სათაურთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ან დასარტყმელად ემზადება ანდა ურტყამს. 


ეს ფოტო აქვს გამოყენებული ქავერად 1tv.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალასაც, რომელშიც უკვე ვიდეოსაც ვხვდებით. თან დართულ ტექსტში კი, ვკითხულობთ: „15 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა. 

სამწუხაროდ, ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ რიგ შემთხვევებში პოლიტიკოსები ჟურნალისტებს არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას და არც ღია აგრესიას თაკილობენ.

„ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა დოლიძემ უკვე მეორედ მიაყენა შეურაცხყოფა პირველი არხის ჟურნალისტს და, ამავე დროს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთელ არხს ანგარიშსწორებით დაემუქრა. ჩვენ არ ვაპირებთ ქალბატონ ანა დოლიძესა და მის თანამოაზრეებთან პოლემიკას, თუ რამდენად შეესაბამება პროევროპულ სულისკვეთებას მედიის მიმართ მუქარა, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. თუმცა ვაცხადებთ, რომ, ამგვარი ინციდენტების მიუხედავად, მაინც გავაგრძელებთ პროფესიული მოვალეობის შესრულებას და მოვლენების გაშუქებას – ვაჩვენებთ იმას, რაც რეალურად ხდება და რასაც ვხედავთ და არა იმას, რაც ვიღაცებს სურთ, რომ დაგვანახონ. ასევე, მიუხედავად მუქარებისა, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვთ“.


რა ჩანს ვიდეოში? 


„პირველი არხის“ მიერ მასალისთვის შერჩეული სათაურისა და ფოტოს შემდეგ, მაყურებელი ელოდება, რომ სწორედ ამ ვიდეოში ნახავს, როგორ „დაესხა თავს“ ანა დოლიძე ჟურნალისტს.

თუმცა, პირველი, რასაც კადრებიდან ვგებულობთ, არის ის, რომ ფოტო ამ ვიდეოდან ამოღებული ე.წ. სქრინი არ არის. ამასთან, ვიდეო ჩაწერილია ღამე, ფოტო კი, გადაღებულია დღის სინათლეზე. 

ვიდეოში ჩანს, რომ „პირველი არხის“ ჟურნალისტს პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერისგან კომენტარის მიღება მიმდინარე სტუდენტური პროტესტის შესახებ სურს, ანა დოლიძე კი, ტელევიზიის თანამშრომელს ახსენებს, რომ ის ხალხის გადასახადებით დაფინანსებული არხია.

„ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას და ვაფინანსებთ ბოლოჯერ, იმიტომ რომ თქვენი ტელევიზია გადაქცეულია გველის გესლის მთხეველ ორგანოდ, ჩვეულებრივ რუსულ პროპაგანდისტულ არხად“, - მიმართავს დოლიძე ჟურნალისტს და გამოხატავს უკმაყოფილებას ქალების აქციასთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის გამო, რომელიც მისი თქმით, „არაფერში არ ჯდება“. დოლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ პრეტენზიას გამოთქვამს, როგორც გადასახადის გადამხდელი და ამბობს: “ხელისუფლებაში რომ მოვალ, დაივიწყეთ სახელმწიფო დაფინანსება“.

რა ნახა მაყურებელმა ქალების აქციასთან დაკავშირებით 13 ნოემბრის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში და რითია უკმაყოფილო ანა დოლიძე?


„მოამბის“ ეთერში გასულ დაახლოებით 7-წუთიან სიუჟეტ - „ოპოზიციონერი ქალების საპროტესტო აქცია“ 5 ავტორი ჰყავს: შალვა სუმბაძე, ლიზა დვალი, შოთა ჩოხელი, პაატა ჯაჭვლიანი და გოჩა გამეზარდაშვილი. წამყვანის, თამთა სანიკიძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ქალების აქცია გაიმართა, სადაც ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. 

„სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როცა ადგილზე შეკრებილებმა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით დაწერილი განცხადებების დასატოვებლად საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში შესვლა სცადეს. მცდელობას სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა“, - ამბობს სანიკიძე. 

სიუჟეტის პირველივე წინადადებაში კი, ვისმენთ: „ქალების აქცია, რომელიც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი პროტესტი, სტარტზევე ხმაურით დაიწყო“. ჟურნალისტის თქმით, პროცესი დოკუმენტების ხელმიწერით გაგრძელდა, რომლის შეტანაც ცესკოში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჯგუფურად სურდათ. 

„თავდაპირველად აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ მათ უფლებებს უზღუდავდნენ, როდესაც განცხადების ჩაბარების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, თუმცა ცესკოს წარმომადგენელმა მოგვიანებით მათ განუმარტა, რომ შესვლის შესაძლებლობა მათ მაშინვე ექნებოდათ, როგორც კი კონსტრუქციულად, რიგრიგობით დაიწყებდნენ საკუთარი ხელმოწერილი დოკუმენტების საარჩევნო კომისიისთვის წარდგენას“. 

როგორ სიუჟეტის ავტორი ჰყვება, აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობიდან აღმაშენებლის ხეივანზე გადაინაცვლეს და მსვლელობა დაიწყეს:

„აქციის მონაწილეთა მცირე რიცხოვნობიდან გამომდინარე შსს-ს წარმომადგენლებმა მათ გზის სრულად გადაკეტვის უფლება არ მისცეს, თუმცა მსვლელობისთვის გზის სავალი ნაწილის ნახევარი გაათავისუფლეს, ამის მიუხედავად ვითარება კიდევ რამდენჯერმე დაიაძაბა. ქალი ლიდერების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა და გზის გადაკეტვას კატეგორიულად ითხოვდა, თუმცა ხელოვნურად. იმის მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს შეადგენდა“. 

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში სწორედ ამ ტექსტის პარალელურად, ვხედავთ ანა დოლიძესაც, რომელსაც ხელი მაღლა აქვს აწეული და საიდანაც კადრი „პირველმა არხმა“ ფოტოდ გამოიყენა მასალისთვის - „ანა დოლიძე პირველი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა“. 

ჟურნალისტის თქმით, „დაპირისპირების კადრები“ სოციალურ ქსელში ანა დოლიძემ თავადაც გაავრცელა, მაყურებელი ამ ვიდეოში ხედავს, რომ დოლიძე საავტომობილო გზაზე დგას და მოძრაობის 5 წუთით შეჩერებას ცდილობს.

13 ნოემბრის აქციაზე საუბარი სიუჟეტში ამით სრულდება და ავტორი ამბობს: „ეს ანა დოლიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ერთადერთი მსგავსი ვიდეო არ არის. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან დაპირისპირების ვიდეო 11 ნოემბრის საღამოსაც გამოაქვეყნა, სადაც პოლიციას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავს და ამის პარალელურად აღნიშნავს, რომ მას ვერ დააკავებენ, ვინაიდან პარლამენტის დეპუტატია“ და შემდეგ დრო ამ ვიდეოს ეთმობა. 

ავტორები მაყურებლებს 26 ოქტომბრის შემდეგ გამართულ აქციებსაც ახსენებენ და მმართველი პარტიის პოზიციას სთავაზობენ, რომ ოპოზიციამ გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და „აქციები არის მცდელობა, მოახდინონ რაიმე ფორმით არჩევნების დისკრედიტირება“. ამას „ქართული ოცნების“ 2 წევრის, არჩილ გორდულაძისა და რატი იონათამიშვილის კომენტარები მოსდევს. აღსანიშნავია ისიც, რომ სიუჟეტში დრო აქციის მონაწილე მხოლოდ ერთი ქალის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თეონა ჭალიძის 13-წამიან შეფასებას ეთმობა. 

სიუჟეტი კი, სრულდება ფრაზით: “როგორც ირკვევა მსგავსი შინაარსის პროტესტი მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მოწონებას იმსახურებს. სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, გაზარდონ ქუჩის აქციების მასშტაბი“, პარალელურად კი, ეკრანზე ნაჩვენებია მიხელ სააკაშვილის ფეისბუკ პოსტიც. 



გუშინ, 16 ნოემბერს „პირველმა არხმა“ გაავრცელა განცხადებაც - „მივმართავთ „ძლიერ საქართველოს“ და სხვა პოლიტიკურ აქტორებს, დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმები“. 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური მოძრაობა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ანა დოლიძის ბოლო დღეების განმავლობაში გამოხატულ აგრესიას პირველი არხის ჟურნალისტებისა და მთლიანად ორგანიზაციის მიმართ. როგორც ჩანს, ქალბატონი დოლიძე ცდილობს, გარკვეული დაპირისპირების პროვიცირებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრიმინაციას.

პირველ რიგში, ჩვენს შეშფოთებას იწვევს აქციების დროს მისი აგრესია ჩვენი ჟურნალისტების მიმართ, რამაც შესაძლოა, უკონტროლო პროცესი გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ჟურნალისტის და მასთან ერთად მყოფი გადამღები ჯგუფის უსაფრთხოებას, თავი რომ დავანებოთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. თავის მხრივ, მისი მიზანმიმართული და დაუსაბუთებელი ნეგატიური კამპანია პირველი არხის წინააღმდეგ, ხელოვნურად აქცევს ორგანიზაციას აგრესიის ობიექტად, რაც, ასევე, შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქმიანობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ანა დოლიძის საქციელს სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ბაძავენ და ეს კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენს წუხილს სახიფათო ტენდენციებთან დაკავშირებით. კატეგორიულად ვგმობთ ამგვარ ქმედებას და მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოს“, ასევე, სხვა პოლიტიკურ აქტორებს, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა შესაძლო ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებსა და ჩვენს მედიაორგანიზაციასთან ურთიერთობისას დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის წესები“, - წერს ტელეკომპანია. 


რამდენად იცავს „პირველი არხი“ გაშუქების პროფესიულ სტანდარტებს?


13 ნოემბრის სიუჟეტი - „ოპოზიციონერი ქალების საპროტესტო აქცია“ ვერ აკმაყოფილებს გაშუქების მიუკერძოებლობის პრინციპს. 15 ნოემბრის მასალ კი, - „ანა დოლიძე პირველი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა“ მანიპულაციურია.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, „უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება“. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით“ კი, „პირველი არხი“ ისწრაფვის დაიცვას: „მიუკერძოებლობა - ვიყოთ მიუკერძოებლები. შევისწავლოთ და სამართლიანად ავსახოთ განსხვავებული პოზიციები საკამათო საკითხის შესახებ. დავიცვათ ბალანსი და არ გამოვხატოთ არც ერთი პოზიციის მხარდაჭერა. უყურადღებოდ არ დავტოვოთ არც ერთი საგულისხმო და ღირებული აზრი“. 

 

თეგები : ფოტომანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ