5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულების: დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე
და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლებას „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა.
ქურდოვანიძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ
ძალადობაში მხილებულებზე „ამნისტია წესით არ უნდა
გავრცელებულიყო“.
2021 წლის 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო ძალადობრივი შეკრების გაშუქებისას მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის „ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაც იყო, რომელიც ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მხილებულმა მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს.
სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ.
იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ.
ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან,“ - წერს საიას თავმჯდომარე.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო.
2021 წლის 5 ივლისის ძალადობის საქმეზე მსჯავრდებულ 6 პირს 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.