„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება“ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შინაგან
საქმეთა სამინისტროს ძალადობრივ აქტს გმობს.
„2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, აგრეთვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების გაერთიანებულმა ძალებმა დაარბიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია.
საქართველოს მოქალაქეები არჩევნების მასობრივი გაყალბების გამო ორი დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შვიდობიანი ფორმით უწყვეტ პროტესტს გამოხატავენ.
გამთენიისას, დაახლოებით 7:00 საათზე, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მომიტინგეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ადგილიდან. უკანონო დარბევის დროს დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, “მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ფიზიკურად იძალადეს “პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზეც. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, გივი ავალიანს.
საქართველოში პოლიცია უკვე მერამდენედ ატარებს ძალადობრივ ოპერაციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რითაც უხეშად არღვევს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - ვკითხულობთ „სამართლაინი არჩევნების“ განცხადებაში.
„დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ შეფასებით კი, მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
„დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად. გავრცელებული კადრებით ნათლად ჩანს, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა არაძალადობრივი აქციის მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების რაოდენობას და არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება.
მიუხედავადა იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ძალა აქციის დასაშლელად, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ ტიპის აქციებზე, რომლებიც თავისი არსით ძალადობრივია. 19 ნოემბერს გამთენიისას, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ და ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციის ქმედებას უკანონოდ აქცევს რამდენიმე გარემოება: 1. შეკრების მშვიდობიანი ხასიათი და მისი მონაწილეების ხაზგასმით მშვიდობიანი ქცევა; 2. საპოლიციო ძალების არაპროპორციულად მაღალი რაოდენობა და გამოყენებული ფიზიკური ძალის სიხისტე; 3. სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე იგივე აქციის მიმართ რაიმე ტიპის გაფრთხილების არარსებობა.
გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ აქციის 14 მშვიდობიანი მონაწილე დააკავა. საგანგაშოა ისიც, რომ დაკავებულების ადვოკატებს არ აძლევენ დაკავებული პირების მონახულების შესაძლებლობას. აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ოპერატორს ხელს უშლის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებს“, - ვკითხულობთ DRI-ის განცხადებაში
„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოუწოდებს: „დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში; ხელი არ
შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში;
მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის
შესრულების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს
აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა“.
მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობისა და
პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს
ეხმაურება „მედიის, ინფორმაციის და სოციალური
კვლევების ცენტრიც“.
ასევე ნახეთ:
მედია ჩეკერი „მედიაომბუდსმენი“ შსს-ს მოუწოდებს, შეაჩეროს მედიასა და
აქციის მონაწილეებზე ძალადობა
მედია ჩეკერი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს
მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე
ანგარიშსწორება
მედია ჩეკერი კოალიცია: ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ
განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული
პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მედია
ჩეკერი საია: „ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის
შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ
პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი
პროცედურებით“