„იმედის“, „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
20.11.2024


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

როგორც საგამოძიებო სამსახურმა „მედიაჩეკერთან“ განმარტა, ამ ტელეკომპანიებში „იმედი“, „მთავარი არხი“ და „პირველი არხი“ იგულისხმება. 

„რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, თუ ვინმემ მოგვმართა, ყველა შემოსულ შეტყობინებასა და მომართვას სწავლობს საგამოძიებო სამსახური და ექნებათ სამართლებრივი რეაგირება. ამ ეტაპზე ჩვენთან გამოცხადდნენ ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტები“. 

გუშინ, 19 ნოემბერს სამართალდამცავებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 4 ჟურნალისტი დაშავდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე კი ძალის გამოყენებით დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

„მედიაომბუდსმენმა“ მედიის წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გუშინვე მიმართა.

• პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე;
• სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
• სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
• სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს სამოქალაქო საზოგადოების არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა. 

გუშინვე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმაც“. „იმედი“ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლად მიიჩნევს იმას, რომ აქციის დარბევისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემდეგ პროტესტის მონაწილეები პროსამთავრობო მედიის კამერის წინ საქართველოს დროშით დგებოდნენ და „მთავარი არხის“ ოპერატორისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის დაგმობას სთხოვდნენ.

„პირველმა არხმა“ კი, 19 ნოემბერს გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან“. ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე პროტესტის ნიშნად „მოამბის“ ჟურნალისტის, შალვა სუმბაძის პირდაპირ ეთერში ჩართვისას კამერასთან ევროკავშირის დროშას აფრიალებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ