დღეს, 8 დეკემბერს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მედიის
მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, ჩართვის
ოპერატორებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა მედიის მიმართ ტერორი
და რეპრესიები გააპროტესტეს.
28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც.
თბილისში მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია 15:00-ზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. ოპერატორები და ჟურნალისტები სიტყვით გამოვიდნენ და პროევროპული აქციების გაშუქების დროს დაზარალებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მედია „აპრილის“ ოპერატორის, ირაკლი მარტინენკოს თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
„ვისაც როგორ შეგვიძლია, რითაც შეგვიძლია, ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა. ჩვენ, ოპერატორებს შეგვიძლია გაშუქებით, გადაღებით. ეს, რაც დღეს ხდება ქვეყანაში არის საშინელება. არ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი მოხდეს “.
აქციაზე იმყოფებოდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილიც/ ტელეწამყვანის განცხადებით, მისი 40-წლიანი გამოცდილების მანძილზე ჟურნალისტებზე ასეთი სიმძიმის, მიზანმიმართული ანგარიშსწორება არ ახსენდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ძალიან დიდ მხარდაჭერას გამოთქვამს ჟურნალისტების მიმართ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვამბობთ თქვენს სათქმელს, ვსვამთ თქვენს შეკითხვებს და შემდეგ გაწვდით ამ შეკითხვებზე პასუხებს. ეს იმ კატეგორიის პროფესიაა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…ეს არის პირდაპირ საზოგადოებაზე დარტყმა, კისრის მოგრეხვა საზოგადოებისთვის“.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის შეფასებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტებს ტერორი და რეპრესიები ოფიციალურად გამოუცხადა.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს და ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და მოქალაქეების ფოტოები გააკრეს.
დედაქალაქის გარდა, მედიის სოლიდარობის აქცია გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც:
ბათუმი
მედიას სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში. აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმა და ძალადობის წახალისება.
ახალციხე
„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა იმ რეპორტიორებისა და მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც აქციების გაშუქებისას სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
ქუთაისი
ქუთაისში აქცია საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარ სამმართველოსთან
გაიმართა.
როგორც „ქუთაისიპოსტი“ წერს, „მდუმარე აქციაზე, მედიის
წარმომადგენლებმა კოლეგების მიმართ სასტიკი ანგარიშსწორება
გააპროტესტეს და პოლიციას მოუწოდეს, დაიცვან მათი უსაფრთხოება და
სიცოცხლე“.
გორი
ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ გორშიც და აქციებზე ნაცემ და დარბეულ ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ზუგდიდი
სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა საპროტესტო აქცია გამართეს ზუგდიდში.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ.