„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წერილს აქვეყნებს.
"ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების მიმართ სასტიკი და მძიმე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, საპოლიციო ძალები დაუნდობლად ეპყრობოდნენ ჟურნალისტებსაც. ჟურნალისტების ნაწილი სასტიკად ნაცემია, ნაწილი კი ძვლების მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანილი.
მივესალმები საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ჟურნალისტებს, რომლებიც მუდმივად მხარში მიდგნენ, ავლენენ სიმამაცეს, გამძლეობას და ნებისყოფას, მადლობას ვუხდი და მეც მხარს ვუჭერ მათ.
გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ მედიას, ჟურნალისტებს!
გაუმარჯოს დემოკრატიის და თავისუფლების მოყვარულ მოქალაქეებს!
რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაც აპირებს გახდეს იმ დიქტატორთა გაერთიანების წევრი (რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელარუსი, ჩრ. კორეა და მისთანები), რომელიც კაცობრიობის მტერია და მიისწრაფვის მათკენ.
აზერბაიჯანში კი პოლიტიკური ვითარება გაცილებით მძიმეა. ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. 20 წელზე მეტია, რაც ილჰამ ალიევის ხელისუფლება კრიმინალური, კორუმპირებული, მკვლელი, მექრთამე ჩინოვნიკებისგან შემდგარი გუნდით ძარცვავს სახელმწიფო ბიუჯეტს, ავიწროებს და ჩაგრავს ხალხს, სასტიკად ემუქრება პოლიტიკური პარტიების წევრებს, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს და აძლიერებს მათ წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს პროცესები დღეს კულმინაციამდეა მისული აზერბაიჯანში.
რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, აზერბაიჯანში ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობისა და გამოძიების გამო, მე და ჩემი ოჯახი მუდმივად ვიმყოფებოდით უმძიმესი დევნისა და მუქარების ქვეშ. ჩვენი ოჯახის ღირსებით გვაშანტაჟებდნენ, მცირეწლოვანი შვილების მოკვლით გვემუქრებოდნენ. ჩემს ოჯახს , რომელიც ახლა თბილისში იმყოფება, დღემდე ემუქრებიან და დევნიან, მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
სწორედ აზერბაიჯანის დიქტატორის დაკვეთით ვარ საქართველოში დაპატიმრებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით 2-ჯერ გრძელვადიანი, 3 ჯერ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვიყავი და რამდენიმე წელი ვცხოვრობდი, როგორც პოლიტპატიმარი.
ძირს დიქტატურა!
არა რეპრესიებს!
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!"
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, თბილისში დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.