„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს საერთო სასამართლოების
მიერ თბილისში დაკავებული აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს
ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საქართველოს
სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო მაღალი პოლიტიკური და უფლებრივი
მნიშვნელობის მქონე საქმეზე დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის
დემონსტრირება.
„სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს აბსოლუტური ხასიათის უფლებების დაცვის უმაღლესი პრინციპი და ჟურნალისტი გაწირეს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი დევნისთვის“.
ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 დეკემბრის განჩინებებით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა მიჩნეული. „სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს“.
სადიგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით 3 აგვისტოს თბილისში დააკავა. მას ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული და ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში 2 თვეზე მეტია შიმშილობს.
SJC-ის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
როგორც ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა, დაკავებული ჟურნალისტი და მისი დამცველები პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანში სადიგოვის ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავდა მიზნად, რაც არსებითად მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებებისა და კორუფციის კრიტიკას უკავშირდება და ამიტომ ის დაუშვებელი იყო.
„დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა არა ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა როგორც აფგან სადიგოვის აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას აზერბაიჯანში, ისე წინა წლებში მის თვითნებურ და განგრძობად სამართლებრივ დევნას ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. ამ კუთხით სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, განცხადება და წერილი, რომელშიც ისინი უთითებდნენ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა და დევნის მექანიზმად მის წინააღმდეგ სწორედ დაუსაბუთებელი სისხლისსამართლებრივი ბრალდებების წარდგენასა და ადმინისტრაციულ დაკავებებს იყენებდა“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, აღნიშნული ინდივიდუალური გარემოებების გარდა, აფგან სადიგოვის დამცველები სასამართლოების წინაშე ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ფიქსირდება აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მასობრივი დევნის, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევის უმძიმესი პრაქტიკა, რის გამოც, აშკარაა, რომ აფგან სადიგოვი სხვა არა ერთი ჟურნალისტის მსგავსად საბაზისო უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
როგორც SJC-ი წერს, აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად შეაფასეს საქმის გარემოებები და მიიჩნიეს, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს აფგან სადიგოვის მიმართ წამებისა, არასათანადო მოპყრობის რისკები.
„ამასთან, სასამართლოების შეფასებით საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ იგი ჟურნალისტურ საქმიანობის გამო იდევნება. სამწუხაროდ, სასამართლოებმა სათანადო სამართლებრივი შეფასებები არ მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის Amnesty International-ის და ეუთოს შეფასებებს, სადაც ისინი ღიად და პირდაპირ უთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს, ვინაიდან აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში დადგება არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე.
საერთო სასამართლოების მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებზე ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების შეკავებასა და კონტროლს. სასამართლოებმა ეს ვერ შეძლეს ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სამართლით აბსოლუტურად დაცული უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს უკავშირდება“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლოებმა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში დასაშვებად ცნეს, ექსტრადიციის პროცედურა პრაქტიკულად ვერ განხორციელდება მანამ, სანამ არ დასრულდება საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა, რომელიც ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აქვს შესაძლებლობა ექსტრადიციის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს და ჟურნალისტი არ გადასცეს აზერბაიჯანს.
„ამ შემთხვევაში მინისტრი ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და იგი უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება“.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და გაითვალისწინოს ჟურნალისტის მიმართ აბსოლუტური უფლებების დარღვევის სერიოზული რისკები, ჟურნალისტების ოჯახის უსაფრთხოების და მომავლის დაცვის მაღალ ინტერესი და არ დაუშვებს მისი ექსტრადიცია.
ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მიანიჭოს აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა და ამ გზით დაიცვას ჟურნალისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ასევე თვითნებური დევნისკენ.