„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ათობით თანამშრომელი დღის ეთერის
საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას კვლავ
ითხოვს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილის თქმით, მზად არიან, ამ სატელევიზიო ფორმატებისა და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად იმუშაონ. თუმცა, როგორც ისინი აღნიშნავენ, პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მიიღეს.
„ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება.
სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.
სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ“, - ვკითხულობთ მათ ერთობლივ განცხადებაში.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი 20 დეკემბერს თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ოფიციალური წერილში წუხილს გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში არხს „ხშირად უწევს თავისი, როგორც ევროპული ინსტიტუტის არსის შეხსენება ან/და განმარტება, მათ შორის, მაუწყებლის თანამშრომლებისთვის“.
თინათინ ბერძენიშვილი წერს, „კიდევ ერთხელ იძულებული ვართ განვმარტოთ“, რომ არხი „ჯეროვანი სამართლიანობისა და პატივისცემის დაცვით ეპყრობა ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ამათუიმ გადაცემაში გაჟღერებულ თემატიკასთან, ასევე, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე თავის გადაცემებში ბალანსის დაცვას და გადაცემებში გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას“.
როგორც ბერძენიშვილი წერს, „სამწუხარო და არანაკლებ საყურადღებო ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს - ახალი შენობის მშენებლობას, განცხადების ავტორები უწოდებთ „საბაბს“, რომლითაც „გადაცემების ნაწილი გაჩერებულია““.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი წერილში ვრცლად საუბრობს არხის ახალ შენობაში გადასვლის პროცესზე და ამბობს, რომ „სექტემბრის თვიდან რამოდენიმე გადაცემის საქართველოს რადიოს ეთერში გადასვლა სწორედ ამ პროცესებით იყო განპირობებული“, მოცემულობა კი ამ გადაცემების ყველა თანამშრომელმა გაიზიარა, „რაც ასევე დასტურდება ხელმოწერილი შეთანხმებებით და გადაცემების რადიოეთერებით“.
თინათინ ბერძენიშვილი წერს, რომ მაუწყებელი მეორე კვირაა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და „ეთერში ასახავს ყველა იმ მოვლენას, ყველა საპროტესტო აქციის, მარშის და მსვლელობის ჩათვლით, რაც მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვა ქალაქებში“.
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული აქციის მონაწილეები იყენებენ ფრაზას „მოპოვებული ეთერი“, რასაც იმეორებენ განცხადების ავტორები, აღნიშნულს კატეგორიულად არ ვიზიარებთ და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის უზრუნველყოფდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების განსხვავებული მოსაზრებები გაჟღერებულიყო მაუწყებლის ეთერიდან“.
ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ „საგანგებო რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილება - საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, კვლავ მუშაობის საგანგებო რეჟიმის პირობებში გაგრძელდა მაუწყებლის მიერ განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წარდგენილი პირების მონაწილეობით. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. ამ დროს მნიშვნელოვანია იყოს გააზრებული, დაცული და უზრუნველყოფილი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და მასზე ნებისმიერი სახის ზეწოლის დაუშვებლობა, რაც კონსტიტუციით და კანონით არის გარანტირებული და დაცული“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ოფიციალურ წერილს ფეისბუკის პირად გვერდზე გამოეხმაურა მისი ერთ-ერთი ადრესატი, ტუხა კვინიკაძე. როგორც ტელეკომპანიის თანამშრომელი წერს, შენობის შეცვლა საბაბია, რადგან „თუ ნება არის, მაგ პროცესის პარალელურად, სრულიად შესაძლებელია მაუწყებლობაც“.
„არ ვიცი ხალხის ხმა ტელევიზიის კიბეებიდან მაქეთ როგორ ისმის, ამიტომ დაგიზუსტებთ: არავინ ითხოვს პირველი არხისგან ვიზუალურად გაპრიალებულ ეთერს, რეალობიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არც განათების სიზუსტეს და უნაკლობას აქვს, ამ შემთხვევაში, ჩრდილი როგორ დაეცემა რესპონდენტს სახეზე; არც იმას, უბრალოდ ბანერი ექნება ფონად ვინმეს თუ ძვირადღირებული დეკორაცია. მხოლოდ ის უნდათ, რომ მათი ხმა ისმოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. სათქმელი კი უამრავ ადამიანს აქვს. სამსჯელო კიდევ უფრო მეტია“.
აღსანიშნავია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილის მიერ არხის ძველ შენობასთან გამართული პრესკონფერენცია ტელევიზიას პირდაპირ ეთერში არ გაუშუქებია, ამ დროს, 13:00 საათი, ეთერში დოკუმენტური ფილმი - „ნანოსამყაროს საიდუმლოებანი“ გადიოდა.
ტელევიზიის 80-მდე თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება დეკემბრის დასაწყისშიც გაავრცელა.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც.
დღეს, 19:00 საათზე ტელევიზიის ძველ
შენობასთან დაგეგმილია მორიგი აქციაც.
თინათინ ბერძენიშვილის წერილი იხილეთ სრულად: