„აუცილებელია, შეიცვალოს მენეჯმენტი და მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას“ - SJC
26.12.2024


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდება, მაუწყებლის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და მისი პროგრამული პრიორიტეტების შესრულებისთვის კი მენეჯმენტის შეცვლაა აუცილებელი. 

ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოების პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმებული სტუმრები გადაცემაში ყოველდღიურად მიიწვიოს და მათ დაახლოებით 1 ან 2 საათი დაუთმოს, არასაკმარისია და ვერ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს. 

„ამ გადაცემებზე დაკვირვებაც აშკარად ცხადყოფს, რომ წამყვანები ავლენენ მიკერძოებას და შესაბამისად, მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს და არ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე წლებია მუშაობს, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული მედია ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას, ტირაჟირებს ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას და ვერ ასრულებს მის კონსტიტუციურ ფუნქციას, შექმნას პოლიტიკურად ნეიტრალური, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პლურალისტური მედია შინაარსი და სამუშაო გარემო ორგანიზაციის შიგნით. 

„სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი მისიის სათანადოდ შესრულებასა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას.

წლების განმავლობაში, ტელევიზიის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ინიშნებიან[3] და  ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მუშაობენ, რაც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება“.

ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“  მონიტორინგის ანგარიშსაც იშველიებს და წერს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი მოჩვენებითად ცდილობს დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, სინამდვილეში კი იგი ვერ ახერხებს მაყურებელს შესთავაზოს იმგვარი ფორმატი, სადაც სიღრმისეულად და თანაბრად კრიტიკულად იქნება განხილული პარტიების ხედვები, რაც მაყურებელს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. საგანგაშოა, რომ გადაცემების მსვლელობისას ცალსახად  იგრძნობა წამყვანების მიკერძოებული დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინტერვიუირებისას მაუწყებლის ჟურნალისტები განზრახ ირგებენ პასიურ როლს, თავს იკავებენ კრიტიკული შეკითხვების გაჟღერებისგან. ხელისუფლების წევრებს მოწვევის დროს ჟურნალისტები მათ საშუალებას აძლევენ, ისაუბრონ მმართველი ძალის პოზიტიურ დღის წესრიგზე და არა კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც, შეიძლება, მოსახლეობას აწუხებდეს. მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპთან ერთად, საზოგადოებრივი  მაუწყებელი უხეშად უგულებელყოფს მისსავე დასახულ პროგრამულ პრიორიტეტებსაც, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციას“. 

SJC-ის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქება ნაკლოვანი და მიკერძოებული იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების ფონზეც.

„მაგალითად, 2024 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა.  ევროკავშირის მთავარ ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ქართული მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას პირდაპირი ეთერი არ დაუთმო“.

ორგანიზაციის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი ხშირად ავრცელებს ევროსკეპტიკურ განწყობებს და განცხადებებს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ამჟამად  პოდკასტების სერიას უძღვება, რომლის ძირითადი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე სისტემატურად გამოხატავენ ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს, ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროპიდან მზაობის არ არსებობის გამო და რომ, საქართველოს სჭირდება ალტერნატიული საგარეო ინტეგრაციის მოდელები“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაუწყებელი არღვევს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმის ასახვის მოთხოვნასაც. 

„მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, საზოგადოებრივი მაუწყებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონმდებლობასა და საპროტესტო აქციებს სახელისუფლებო პრიზმიდან აშუქებდა. აღნიშნული საკითხის განხილვისას, მაუწყებელში მოწვეულნი იყვნენ, არა ის ორგანიზაციები, რომლებიც რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების უშუალო სამიზნე გახდნენ, არამედ  ის პირები, რომლებიც თავიანთი ნარატივით აძლიერებდნენ სახელისუფლებო პროპაგანდას და წამყვან, გიორგი გვიმრაძესთან ერთად, აძლიერებდნენ სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზებასა და აგენტად მონიშვნის მავნე პრაქტიკას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ სამეურვეო საბჭოს არ გააჩნია მის მიერვე განსაზღვრული მაუწყებლობის პრიორიტეტების შემდგომი იმპლემენტაციის შეფასების ეფექტური მექანიზმი, რის გამოც, რეაგირების გარეშე რჩება მაუწყებლის მიერ დასახული ამოცანებისა და საბაზისო პრინციპების  სისტემური დარღვევის შემთხვევები და სარედაქციო პოლიტიკის ორგანულ ნაწილად იქცევა.

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ასევე ითხოვს მაუწყებლის მენეჯმენტისგან,  რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ- პოლიტიკური მსჯელობისთვის, თუმცა, არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან“.

SJC-ის განცხადებით, მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოსა და ნდობის კრიზისის პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებდეს და მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად ასახავდეს. „თუმცა არსებულ კრიზისზე მენეჯმენტის რეაგირების ფორმები და რეზისტენტულობა აჩვენებს, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დემოკრატიზება და საზოგადოებრივი ინტერესების დაბრუნება მის მუშაობაში, რადიკალური დემოკრატიული ცვლილებების გარეშე შეუძლებელია“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი გადადგეს და ის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს დაუბრუნდეს. 

„ეს ცვლილება არსებითია მაუწყებლის საქმიანობის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნებისთვის და ასევე კრიზისის დაძლევისა და დეპოლარიზებაზე მიმართული პროცესის ხელშეწყობისთვის“.

მენეჯმენტის ცვლილება უკვე მოითხოვა სხვა 10-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ.

დღის სატელევიზიო ეთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას ითხოვს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილიც.

 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 

აქცია 19:00 საათზე დაგეგმილია დღესაც. დღის ეთერის გახსნამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან სახალხო ეთერი დღეიდან ყოველდღე მოეწყობა. დღეს კი პროტესტი ტყიბულელ მეშახტეებს უმასპინძლებს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ