ფოტო :
„ბათუმელები"
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია
ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353
პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა
წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას
გულისხმობს. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ ამაღლობელის ოჯახს
გამომძიებელმა აცნობა. ეს დაადასტურეს შეხვედრიდან გამოსულმა
ადვოკატებმაც, რომლებსაც მზია ამაღლობელთან რამდენიმე საათის
განმავლობაში არ უშვებდნენ.
„ბათუმელების“ დირექტორი გუშინ, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.
ამასთან, მზია ამაღლობელმა აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მონახულობის დროს უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. როგორც გამოცემა წერს, ამაღლობელმა მას უამბო, რომ „როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა“.
11-12 იანვარს პოლიციამ ბათუმში გამართულ აქციაზე 12 ადამიანი დააკავა, მათგან რამდენიმე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.