სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის მიერ
მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის
საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა. ის ამაღლობელის
ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი
შემადგენლობით განისაზღვრა:
1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია
2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები
3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია
4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია
„ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას“, - წერს ომბუდსმენი.
მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს საჭირო კვლევებისთვის გადაიყვანეს. დღეს, 6 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა თქვა, რომ ის დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, დღეს და სავარაუდოდ, ხვალ მათ კლინიკაში დარჩება.
ზურაბ ჩხაიძემ „TV პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა საგანგაშოა და გარკვეული გართულებები ყოველთვის მოსალოდნელია:
„რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება, ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება. სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კვლევა კიდევ გაგრძელდეს და იყოს კონტროლის ქვეშ. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე“, - თქვა ჩხაიძემ „TV პირველთან“ სატელეფონო საუბარში.
ამაღლობელი დაკავების დღიდან, 26-ე დღეა შიმშილობს. „ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.