„ახლა რასაც ვუყურებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია
ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური სპექტაკლი
სასამართლოს კედლებში,“ - მოუსმინეთ „ბათუმელების“ რედაქტორს, ნანა
კვაჭაძეს „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და
დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ
ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18
მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7
წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე
შიმშილობდა.