"მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" ოთხმა ჟურნალისტმა
პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერების გამო სახალხო დამცველს მიმართა.
"მედიაომბუდსმენის" დახმარებით ისინი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას
ითხოვენ.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტად იქცა.
"აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ვკითხულობთ "მედიაომბუდსმენის" განცხადებაში.
ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც".
ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენებას.
"ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3-4 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს და 6 თვით - ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფო გოზალიშვილს.
"ხალხის ძალის" დეპუტატების, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია თითო-თითო თვით შეუჩერდათ "ტვ პირველის" ჟურნალისტებს, ნატა ქაჯაიას და მაკა ჩიხლაძეს. ქაჯაიამ შესაბამისი განცხადება 3 ივნისს მიიღო, ჩიხლაძისთვის გაგზავნილი წერილი კი 21 მაისით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეწყვეტის მიზეზი ერთნაირად არის განმარტებული: "მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“.
პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით,აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
"მედიაჩეკერის" ვიდეოში ნახავთ, რა კითხვების გამო
მოითხოვეს პარლამენტარებმა ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის
შეჩერება.