კატეგორია: ბლოგი
2017 წელს ბავშვებს ჰკითხეს, რა არ მოსწონდათ მედიაში ბავშვების
გაშუქებასთან დაკავშირებით.
ბავშვებმა ჩამოთვალეს :
- მათ არ მოსწონთ, როდესაც ბავშვების სერიოზულ კომენტარებზე მედიაში სიცილის ხმაურს ადებენ და მაყურებლები ამაზე იცინიან.
- არ მოსწონთ როცა „საყვარელი“ ბავშვების სახეებით კადრებს ალამაზებენ.
- არ მოსწონთ, როდესაც ბავშვების ფოტოებს იყენებენ უბედური შემთხვევების დროს ემოციების გამოსაწვევად.
- არ მოსწონთ, როდესაც უფროსები საუბრობენ იმაზე, რაც ბავშვებმა მათზე უკეთ იციან, მაგალითად: რას გრძნობენ ბავშვები.
- მათ არ მოსწონთ როცა ცირკის ცხოველებივით ავალებენ რაიმეს გაკეთებას და ამას კამერებით იღებენ.
- მათ არ მოსწონთ, როდესაც კამერები აფიქსირებენ, როცა ბავშვმა რაღაც არ იცის.
- მათ არ მოსწონს, როდესაც მათ კადრში კარნახობენ რა თქვან ან აწყვეტინებენ, შემდეგ კი ტელევიზიით აჩვენებენ.
- ბავშვებს არ მოსწონთ, როდესაც ისინი ხდებიან ვინმეს პრობლემა და მთელი გადაცემა მათი ანუ „პრობლემის“ მოგვარებას ეძღვნება.
ყველაფერი ეს არც რომელიმე ზრდასრულს მოეწონებოდა და იმის შიშით, რომ ზრდასრული ამგვარი გაშუქებისთვის მედიას ერთ ამბავს აუტეხდა, ჟურნალისტები არც გააშუქებდნენ. ბავშვების შემთხვევაში კი ასეთი გაშუქება ნორმაა. უფრო მეტიც, გადაცემები მხოლოდ იმ მიზნითაც იქმნება, რომ ბავშვების ნათქვამზე ვიცინოთ.
მისაუბრია ჟურნალისტებთან მედიაში ბავშვების პრობლემურ გაშუქებაზე. ისინი ამბობენ, რომ ტელევიზია იმას ასახავს რა რეალობაცაა, ამიტომ თუ ჩვენს რეალობაში ბავშვებზე იცინიან ან პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ, მედიაც ამას აჩვენებს.
მაგრამ, საინტერესოა, როგორ გვესმის რეალობა. რეალობა - ეს ჩვენს თავშია და თუ ჩვენ ყველა ვაღიარებთ რომ თავი ბევრია, შესაძლებელია, ჟურნალისტები სხვის თავში არსებული რეალობის გაშუქებითაც დაინტერესდნენ.
როგორია რეალობა ბავშვების თავში და რას გრძნობენ ისინი, როდესაც პოლიტიკოსები მუხლებზე დაისვამენ და საარჩევნო ბანერებში იღებენ? რას გრძნობენ სხვა ბავშვები, რომლებიც მუხლებზე დასმისთვის არ შეარჩიეს და ამ პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო მათ რეკლამას ბავშვთა ციხიდან უყურებენ ტელევიზორში? როგორია რეალობა ბავშვისთვის, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს და იცის, რომ მხოლოდ აღდგომას ან შობას მივლენ მათთან ქველმოქმედი ბიზნესმენები? მოიტანენ პროდუქტებით სავსე ცელოფნებს და ეტყვიან, რომ ნაჩუქარი საჭმელი შეჭამონ მაშინ, როცა კამერიანი ოპერატორი დაიძახებს - „ეთერში ვართ“! ამასთან, როცა ავალებენ, რომ ისეთი სახე მიიღონ, თითქოს, ამ საჭმლით ისე დაპურდნენ, რომ ეს ბედნიერება ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ, გულში ამ ბავშვებმა მაინც იციან, რომ ქველმოქმედის ოჯახში, ყოველ დღე, სწორედ ასეთ საჭმელს ჭამენ და შობას არ ელოდებიან.
ეს რეალობები ჩვენს მედიაში, ფაქტობრივად, არ ჩანს. ზუსტად არ ვიცი რატომ, თუმცა, შესაძლოა, მათ წინაშე კიდევ ერთი რეალობაცაა - ჟურნალისტები ტელევიზიით გვიღებენ მაშინ, როდესაც რამე გვემართება ან იმ დღეს პოლიტიკური, სენსაციური სიუჟეტი არ აქვთ და ბადის შევსება სჭირდებათ.
იქნებ, არც არის ასეთი რეალობა? - კითხეთ ბავშვებს. მათი რეალობები აღმოუჩენელი მიწებივითაა, ან უფრო, ჩვენი გაუცნობიერებელი შიშებივით. ამ შიშების გამო რაღაც შინაარსს ჩვენი ცნობიერება გონებიდან განდევნის რადგან ჩვენ მასთან თვალის გასწორება არ გვინდა. ბუნებრივია, არ გვინდა იმის მოსმენა, რომ ჩვენ ისე გადავეშვით პოლიტიკაში და ერთმანეთის ანგარიშსწორებაში, რომ ბავშვებს ვეღარ ვიცავთ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვერ ვუფრთხილდებით და მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ვიწყებთ პანიკას, ისიც მხოლოდ რამდენიმე დღით მედიაში და სოციალურ ქსელში. მოვუსმინოთ ბავშვებს, იქნებ აღარ დავაგვიანოთ მათი დაცვა და მანამდე შევძლოთ მათი დახმარება, სანამ ტრაგედიები მოხდება. იქნებ მათი რეალობა ჩვენს რეალობაზე მეტად რეალურია და ჩვენი შექმნილი ერთგანზომილებიანი კომფორტული რეალობის გარეთ სხვა მრავალგანზომილებიანი რეალობაც აღმოვაჩინოთ?!
01.06.2019