კატეგორია: რესურსები
მედიაწიგნიერება ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტულ საგნად 2011 წელს შევიდა, თუმცა სკოლებში ეს საგანი დღემდე დანერგილი არ არის.


სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების ძირითადი დანიშნულებაა, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს უნარი, გაარჩიონ ნამდვილი და ცრუ ინფორმაცია იმ უზარმაზარ საინფორმაციო ტალღაში, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ინტერნეტში აწყდებიან - იფიქრონ და იაზროვნონ კრიტიკულად. თუმცა, მედიაწიგნიერება, როგორც საგანი, ქართულ სკოლებში დღემდე არ ისწავლება.

2011 წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ 9 კომპეტენციაში მეორე ადგილი სწორედ მედიაწიგნიერებას უჭირავს. ეს ნიშნავს, რომ ყველა საგნის მასწავლებლის მოვალეობაში შედის მოსწავლეებს არა მხოლოდ მიაწოდონ ინფორმაცია მედიაწიგნიერების შესახებ, არამედ გამოუმუშაონ ციფრულ მედიასთან ურთიერთობის სწორი უნარი. სანამ ქართულ სკოლებში მედიაწიგნიერების სილაბუსსა და სწავლების სამოქმედო გეგმას განიხილავენ, ევროპისა და ამერიკის სკოლებში ეს საგანი უკვე ისწავლება.

როგორ ისწავლება მედიაწიგნიერება საქართველოში?

მე წმიდა გიორგის საერთაშორისო სკოლაში დაწყებითი საფეხურის თანადამრიგებლად ვმუშაობ და ყოველდღე მიწევს მოსწავლეებთან ურთიერთობა. როდესაც მედიაწიგნიერების შესახებ მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს ვკითხე, აღმოჩნდა, რომ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაციის სანდოობის გარკვევასა და მისი გადამოწმების ტექნიკის სწავლების აუცილებლობაზეც ალაპარაკდნენ.

,,ინტერნეტის და სოციალური ქსელების გარეშე დღეს ცხოვრება წარმოუდგენელია. მეტ-ნაკლებად ვცდილობ გადავამოწმო ინფორმაცია, „დავგუგლო“ და ა.შ., მაგრამ ჩემი მეხუთეკლასელი და ხშირად უაზრო, არასაჭირო და მისთვის საზიანო ამბებს ეცნობა ინტერნეტიდან” - მითხრა 14 წლის, მეცხრეკლასელმა გოგომ და დასძინა, კარგი იქნება მედიაწიგნიერების სწავლება დაწყებითი კლასებიდან დაიწყოსო.

იმაზე, თუ როგორ მოიხმარენ ბავშვები ინტერნეტს, პირველად დავფიქრდი, როდესაც ჩემი სადამრიგებლო მესამე კლასის 8 წლის მოსწავლეებმა მკითხეს კორეული სერიალი, „კალმარის თამაში“ ნანახი მქონდა თუ არა.

ამ სერიალით პირველად ამ კითხვის შემდეგ დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ „ნეტფლიქსს“ მითითებული აქვს, „კალმარის თამაშის“ ნახვა 17 წლამდე მოზარდებისთვის მიზანშეწონილი არ არისო. ანუ, ის არ არის განკუთვნილი ჩემი მოსწავლეების თაობისთვის. ამ სერიალის სიუჟეტში ხშირია სისხლიანი და არასრულწლოვანთათვის უხამსი ეპიზოდები.

„ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთობა ადრეულ ასაკში იწყება და ბავშვი მარტო ხვდება ზღვა ინფორმაციასთან, რომელიც მისთვის ახალი შთაბეჭდილებებით არის სავსეო“, მითხრა ჩემი სკოლის ფსიქოლოგმა, ნათია კანდელაკმა.

,,ფერადი, მუსიკალური, მრავალფეროვანი ინფორმაცია ბავშვის ყურადღების იპყრობს და ხდება მასზე დამოკიდებული. თავისუფალი, უკონტროლო წვდომა მოზარდში იწვევს ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ და მოტორულ პრობლემებს, რაც აფერხებს მის მრავალმხრივ განვითარებას”- ამბობს ფსიქოლოგი.

ნათია კანდელაკი ყვება, რომ პრაქტიკაში ხშირად უწევს ისეთ ბავშვებთან ურთიერთობა, რომელთაც აქვთ მაღალი შფოთვა „რაც განპირობებულია მათი ასაკისთვის შეუსაბამო თამაშის, ვიდეოს თუ ფილმის ნახვის შედეგადო”. მისი თქმით, პრევენციის მიზნით აუცილებელია მშობლების ცნობიერების ამაღლებაც და ნაადრევ ასაკშივე ბავშვისთვის ინტერნეტ სივრცისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

მედიაწიგნიერების სწავლების გამოცდილება საზღვარგარეთ

მედიაწიგნიერების საგანმა ბრიტანეთსა და ამერიკაში მკვლევრების ყურადღება 60-იანი წლების შემდეგ მიიქცია, როდესაც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებმა ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი დაიკავა. ამ დროს იწყებენ მედიის მკვლევარები, ნილ პოსტმანი (ამერიკაში), დევიდ ბაკინგჰემი და ლენ მასტერმანი (დიდ ბრიტანეთში) მედიის როლის კრიტიკულ ანალიზს.

ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების დახვეწის ფონზე ამ დისციპლინის აქტუალურობა განსაკუთრებით გაიზარდა.

აშშ-ში შექმნილია მედიაწიგნიერების ეროვნული ასოციაცია, რომელიც ყველა შტატის სკოლაში საქმიანობს. თუმცა მედიაწიგნიერების როლის გააზრებაში ამერიკა მაინც ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კანადა და ავსტრალია. ევროპის კონტინენტზე კი სკანდინავიის ქვეყნები ლიდერობს.

ამის მიუხედავად, ამერიკის როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლები და უმაღლესი განათლების ინსტიტუტები სტუდენტებსა და მოსწავლეებს არჩევით დონეზე სთავაზობს მედიაწიგნირების სხვადასხვა კურსს.

,,აშშ-ში, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთის და დასავლეთის შტატებში სკოლები ქირაობენ მედიის და ტექნოლოგიების ინტეგრაციის სპეციალისტებს, რომლებიც სკოლებს ეხმარებიან მედიაწიგნიერების სასწავლო კურსის შედგენასა და სასწავლო პროცესში მის დანერგვაში. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ორგანიზაცია, სადაც იქმნება უფასო სასწავლო რესურსები, რომელთა მორგება ყველა საგანამანათლებლო საფეხურის პედაგოგს შეუძლია იმის მიხედვით რა კონტექსტში, ან რომელ საგანში მუშაობს. ასეთი რესურსები მნიშვნელოვნად ახალისებს და რელევანტურს ხდის მედიაწიგნიერების სწავლებას ამერიკაში.” - ამბობს სალომე აფხაზიშვილი, რომელიც სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტში კომუნიკაციების კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერების სწავლება სკოლებში?

ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტ გამოცემა „mastsavlebeli.ge-ს“ მთავარი რედაქტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ინგოროყვა თანაავტორია 2015 წელს გამოცემული „მასწავლებლის წიგნისა” სადაც მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და საკუთარი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებზე წერს.

ნატალია ინგოროყვა ამბობს, რომ 10 წლის წინ, როდესაც ამ თემაზე მუშაობა დაიწყო, საქართველოში მედიაწიგნიერების შესახებ რესურსი თითქმის არ არსებობდა, თუმცა დღეს უკვე ბევრი სახელმძღვანელო გვაქვს და ამ საგნის სწავლება დაინერგა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი მაინც არ არისო:

„როცა მედია და მედიუმები ხვეწავენ ინფორმაციის გავრცელების და მანიპულაციის ინსტრუმენტებს, უმჯობესია მასწავლებელიც ყოველდღიურად ივითარებდეს ამ უნარს და უვითარებდეს მოსწავლეებსაც.“

მედიაწიგნიერების სწავლებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი სწავლების სისტემურობა და კონკრეტული სკოლების საჭიროებებზე მორგებაა.

ონლაინ პლატფორმა Chai Khana-ს მედია და ციფრული წიგნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, მედიაწიგნიერების შესახებ პოდკასტის, „დედასთვის“, ავტორი, სალომე აფხაზიშვილი ამბობს, რომ „აუცილებელია მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსების შექმნა და მუდმივი განახლება, რომელზე წვდომაც ექნებათ სკოლის პედაგოგებს, მშობლებს და არაფორმალური განათლების ცენტრებს.“

მედიაწიგნიერების სპეციალისტები ამბობენ, რომ პოლარიზებულ მედია გარემოში, როგორიც დღეს საქართველოშია, მედიაწიგნიერების მნიშვნელობა განსაკუთრებით იკვეთება. ექსკლუზიური ინფორმაციების მოპოვებისთვის ,,ბრძოლაში” ხშირად გადაუმოწმებელი ამბები მოსწავლეების ინტერესის სფეროშიც ხვდება. ასეთ დროს მედიაწიგნიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს ინფორმაციაში სიმართლის „ამოცნობა“.

ამისთვის კი აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მარკეტინგული ინტერესები და ინფორმაცია. მედიაწიგნიერი ადამიანი სვამს კითხვებს: ვინ შექმნა ეს გზავნილი? რატომ შექმნა? ვინაა აუდიტორია? ვინ გადაიხადა ფული? ვინაა მოგებული ამ გზავნილის შედეგად? ვის მიადგა ზიანი? - და ეძებს პასუხებს ამ კითხვებზე.