კატეგორია: ბლოგი
2017 წლის 2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახალიფოს“ რიგებში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა. გარდაცვლილის მამის, ახმად ბაღაკაშვილის ცნობით, მისი შვილი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა და იქ მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მუხმადი 27-ეა საქართველოდან, რომელიც სირიასა და ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეეწირა.

ბუნებრივია, ისლამურ სახალიფოში საქართველოს მოქალაქეთა ყოფნა და მათი ამბის გაშუქება ჩვენი მედიის ფოკუსში ხშირად ექცევა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, სადაც გარკვეული მედიასაშუალებები ისლამური სახალიფოსა და საქართველოს ურთიერთკავშირს ხელოვნურად, ფაქტებისა და გარემოებების გაუაზრებლად წამოჭრიან ხოლმე.

ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ, გაზეთ „რეზონანსის“ 15 ივნისის სტატია „ხალიფატი საქართველოსკენ მოიწევს-ეს საფრთხე გადაფარავს ყველა გამოწვევას“ . სტატია სამხედრო,პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსების, ამირან სალუქვაძისა და ვახტანგ მაისაიას ინტერვიუებისგან შედგება.

600 სიტყვიან სტატიაში, საქართველოში ისლამური სახალიფოს ინტერესების გაძლიერების არგუმენტად, მკითხველთათვის მხოლოდ ორგანიზაციის მიერ ავღანეთში, ირანსა და ინდოეთში ბოლო დროს განხორციელებული აქტივობებია მოყვანილი. სტატია ვახტანგ მაისაიას კომენტარით სრულდება „..მე ვიცი, რომ ჩვენი მთავრობა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ დრო მოქმედებს ჩვენ საწინააღმდეგოდ და ეს საფრთხე გადაფარავს ყველა შიდა თუ საგარეო გამოწვევას. ამიტომ, ამ საკითხს მთავრობამ დროულად უნდა მიხედოს...“. განცხადება საზოგადოებას არათუ ბუნდოვან და უსაფუძვლო ინფორმაციას აწვდის, არამედ ხელოვნურ შიშსა და აპოკალიპტურ მოლოდინებს უქმნის.

ტერორიზმთნ დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პროცესია, რადგან პროდუქტის ფართო საზოგადოებრივი დაფარვა თითქმის გარანტირებულია. თუმცა, თავისი სენსიტიურობისა და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ თემაზე მუშაობა მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მითუფრო თუ ის ფაქტებისა და რეალური გარემოების ანალიზისგან არის დაცლილი.

ნებისმიერ მსგავს დაუმუშავებელ სტატიასა თუ რეპორტაჟს, შეუძლია მრავალი უკუშედეგისა და პრობლემის გაჩენა ქვეყნისათვის. მეტი სიცხადისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპარლამენტარი სტივენ ვულფი, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მოწინააღმდეგე იყო და ძირითად არგუმენტად სწორედ მსგავსი, წყაროების არმქონე ინფორმაცია მოიყვანა: “ქართულმა გაზეთმა "რეზონანსმა" დაწერა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე. მოდით, ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას, რაც მერკელმა გასულ წელს დაუშვა“.

იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს ცრუ განგაშის გარემო, შევეცადოთ პუნქტობრივად ავხსნათ, თუ როგორია რეალისტური მოლოდინები ისლამური სახალიფოსა და საქართველოს გადაკვეთისა. ასევე, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი მსგავსი შინაარსის სტატიებმა და განცხადებებმა:

· 2014 წლიდან დღემდე, დასავლურმა კოალიციამ ისლამურ სახალიფოზე სირიასა და ერაყში 11,000-ზე მეტი საავიაციო იერიში მიიტანა. 2016 წლის იანვრისათვის, ისლამური სახალიფოს 78,000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებდა. დეკემბრისათვის, საერთაშორისო კოალიციისა და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის გავლენის არეალი 60,000 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა. 2017 წელს ისლამურმა სახალიფომ თითქმის დაკარგა ტერიტორიული კონტროლი და გავლენა ერაყში, სადაც უკანასკნელ ბასტიონად ქალაქ მოსულის ძველი უბანიღა დარჩა. მეორე ფლანგზე, სირიის ოპოზიციურმა და დასავლური კოალიციის ძალებმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ისლამური სახალიფოს მიერ სრულად კონტროლირებად ქალაქ რაქას მიმართულებითაც დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. ქალაქის დაკარგვა ორგანიზაციას სირიაშიც გამოაცლის მნიშვნელოვან დასაყრდენს.

მოსულის რუკა. წითელი ფერით აღნიშნულია IS მიერ კონტროლირებადი ტერიტორია

· ისლამური სახალიფოს ძალების შევსების მთავარი წყარო უცხოელი მებრძოლები იყვნენ. 2011 წლიდან დღემდე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ისლამური სახალიფოს რიგები 27,000-მდე უცხოელმა გაირა. ზუსტი სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს, მაგრამ თუ კი დავეყრდნობით “Guardian”-ს 25,000-მდე უცხოელი მებრძოლი უკვე გარდაიცვალა, ხოლო დარჩენილთაგან დიდი ნაწილი ცდილობს თავი დააღწიოს ორგანიზაციას თურქეთის გავლით.

მხარდამჭერთა დაკარგვის ფონზე ისლამური სახალიფო ნამდვილად გახდა უფრო აგრესიული საერთაშორისო მასშტაბით. ახალი „სისხლის“ მოზიდვის მიზნით აწყობს ტერაქტების სერიას ევროპის დედაქალაქებსა თუ ცენტრალურ აზიის ქვეყნებში. ეს ნაბიჯები გადადგმულია მხოლოდ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დარჩენის, საკუთარი პროპაგანდის უფრო მეტად გავრცელებისა და ახალი თანამოაზრეების გაჩენის მიზნით.

· 2015 წლიდან, ისლამური სახალიფოს ფინანსური შესაძლებლობი და შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. აშშ-სა და კოალიციის მიერ ორგანიზაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებამ, თურქეთის საზღვარზე კონტრაბანდის შედარებით შემცირება და გადასახადების გადამხთელთა რაოდენობის კლებამ, ორგანიზაციის გავლენა მნიშვნელოვნად შეასუსტა. რიგითი მებრძოლის საშუალო ხელფასიც 400 დოლარიდან 200 დოლარამდე დაეცა,

დღეისათვის ისლამური სახალიფო ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე სუსტია. ტერიტორიების, გავლენისა და მებრძოლთა რაოდენობის კლებამ ორგანიზაციის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამრიგად გაუგებარი, რა ლოგიკითა და რესურსებით უნდა „დაიძრას“ ისლამური სახალიფო საქართველოსკენ. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ორგანიზაციაში:

· ISIS-ში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობიდან და მაღალმთიანი აჭარიდან წასული საქართველოს 50-100 მოქალაქე ისლამური სახალიფოს რიგებში იბრძვის. ამ სფეროს მკვლევარები საქართველოშიც დაახლოებით იმავე რაოდენობას ასახელებენ. ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველო 2015 წლამდე დატოვეს, ხოლო გადინების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. ეს რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული : ა) ზოგადად ისლამური სახალიფოს დასუსტება; ბ) გავლენიანი ფიგურების, მაგალითად თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაცია;

ვინ შეიძლება, მსგავსი სახის სტატიები და ინფორმაცია ბოროტად გამოიყენოს?

· კითვხაზე პასუხი ნათელია - პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციამ. მოსკოვს არაერთხელ გაუკეთებია სპეკულაციური განცხადებები იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობა და საქართველო არის თავშესაფარი და სატრანზიტო კორიდორი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. თუ გავითვალისწინებთ ასევე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ლიდერის რამზან კადიროვის სიძულვილს პანკისელებისა და ზოგადად ვაჰაბიზმის მიმდევრებისადმი, ინტერვენციის საბაბის მოძიება ამ მიმართულებით, მოსკოვისთვის წარმოუდგენლად რთული ნამდვილად არ უნდა იყოს. განსაკუთრებით ყურადსაღები იყო მცირე ხნის წინ კადიროვის განცხადება, როდესაც მან საქართველოსთან საზღვარი მოინახულა და ღიად დაიმუქრა, რომ საზღვარს საქართველოდან ტერორისტები ვერ გადალახავდნენ.

· საერთაშორისო არენაზე, კრიტიკოსებს ეძლევათ საბაბი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოტენციური პრობლემების წარმოქმნის კუთხით და სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს.

დღეისათვის, საქართველოში ტერორიზმის ანალიზის მიმართულებით ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. ფაქტობრივად არ არის გაანალიზებული თუ რა იყო ჩვენი მოქალაქეების რადიკალიზაციისა და გადაბირების მიზეზები. არ გვაქვს ერთი სტრატეგიული დოკუმენტიც კი სადაც ტერორიზმი, როგორც საფრთხე არის ფართოდ გაშლილი და წარმოდგენილია პრევენციის გზები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექსპერტებმა და მედიამ საზოგადოებას უსაფუძვლო და ფაქტების ნაკლებობით გაჯერებული აპოკალიპტური ინფორმაცია მიაწოდოს და ხელოვნურად დანერგოს შიში.

გიორგი გოგუაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია
კატეგორია: ბლოგი
ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა. თავისი შინაარსით, ფორმითა და შედეგებით ერთნაირად დამანგრეველი და მიუღებელია ყველგან, პარიზიდან-ბეირუთამდე და ვაშინგტონიდან-ისლამაბადამდე.XXIსაუკუნის მთავარი სენი ერთობლივი, კომპლექსური ძალისხმევით უნდა დაიძლიოს- ეს პათოსი ხშირად გვესმის მსოფლიო ლიდერებისა და გავლენიანი მედიის წარმომადგენლებისგან. თუმცა რეალურ ცხოვრებაში, ყველა ტერორისტულია აქტის მიმართ მედია და საზოგადოება ერთნაირად სოლიდარული როდია.

დასავლურ ქვეყნებში, ორმაგი სტანდარტების საკითხი ფართოდ განიხილება. ინგლისურენოვან მედიას ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ ის მხოლოდ საკუთარ გეოგრაფიულ არეალშია ჩაკეტილი. 2015 წელს, ნიგერიაში ბოკო-ჰარამის მიერ ქალაქ ბოგაზე მიტანილი იერეიშის შედეგად 2000-ზე მეეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა შარლი ებდოს პარალელურად,ეს შემთხვევა ნაკლებად მოხვდა დასავლური და ქართული მედიის ობიექტივში. არც სოციალურ ქსელში გამოუჩნდა #PrayforNigeria-ს მიმდევრები და არც ნიგერიის დროშის ფერებში განათებულა ბრანდენბურგი და თბილისის ანძა.

სახელმწიფო ინსტიტუტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ზოგიერთ ტერაქტს უფრო მტკივნეულად, ხოლო ზოგს კი ნაკლები წუხილით აპროტესტებენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ვისი სიცოცხლე უფრო ღირებულია? რატომ ვერ ხვდება ქაბულის ქუჩებში მომხდარი სიხლიანი ტერაქტები ჩვენი და დასავლური მედიის საინფორმაციო ბადეში?

ამ კითხვაზე არაერთი პასუხი და მოსაზრება არსებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანისათვის მის ახლოს დატრიალებული ტრაგედია უფრო მტკივნეულია და შესაბამისად, მეტ ყურადღებას იპყრობს. აქ იგულისხმება როგორც ტერიტორიული, ასევე იდეური სიახლოვეც. რატომ აშუქებს ქართული მედია საფრანგეთსა და აშშ-ში მომხდარ ამბავს უფრო მეტი სიმძაფრითა და სიხშირით? ბევრი ჩვენგანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ხომ საერთოდ არ ვართ ნამყოფი და შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე არც მოგვეცეს ამის შესაძლებლობა. არც დაღუპულ ფრანგსა და ამერიკელს ვიცნობთ, ინდივიდუალურად. საქმე ისაა, რომ ვგლოვობთ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს საკუთარი სახელისა და გვარის მიღმა, არამედ ჩვენს იდეაზე, ღირებულებებსა და კუთვნილებაზე თავდასხმას.

წიგნებიდან, ფილმებიდან, სიმღერებიდან ჩვენ ქვეცნობიერში ილექება ემოციები პარიზზე, ბერლინსა და ვაშინგტონზე, რომელიც შემდგომი ტრაგედიის შემთხვევაში უფრო მეტ თანაგრძნობასა და წუხილს იწვევს ჩვენში. რაც შეეხება მაგალითად ახლო აღმოსავლეთს, უფრო დიდი მსხვერპლის მიუხედავად, იქ მიმდინარე ყოველდღიურმა განუკითხაობამ და საომარმა ვითარებამ დასავლურ მედიას დააკარგვინა თანაგრძნობის უნარი. მედიასა და საზოგადოებას სამწუხაროდ, არ აქვს ემოციური და იდეური სიახლოვე იქ მიმდინარეა პროცესებთამ.

საზოგადოების დიდი ნაწილი ფარისევლობად მიიჩნევს საფრანგეთის დროშის ფერებში სოციალური ქსელების პირადი გვერდების გადაკეთებას იმ ფონზე, როდესაც იმავე ან მომდევნო დღეს უფრო მასშტაბური და სისხლიანი თავდასხმა ხდება ახლო ან შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. 2015 წლის ნოემბერში, პარიზისა და ბეირუთის ტერაქტებს შორის (ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ხალმხრავალ ბაზარზე, დაიყუპა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები ხოლო დაშავდა 200-ზე მეტი) დაშორება მხოლოდ ერთი დღე იყო, თუმცა ჩვენი მედიისა და საზოგადოების ყურადღება მხოლოდ პარიზმა დაიმსახურა.

ორმაგი სტანდარტებით მოქმედება გულისხმობს, რომ მედია თითქოს, ლიბანელის სიცოცხლეს უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ვიდრე ფრანგის.მაგრამ რამდენად საფუძვლიანი და მართებულია ეს მოსაზრება? ინდოეთის, პაკისტანისა და ინდონეზიის მედიაც ხომ ძირითად ფოკუსს საკუთარ ტერიტორიულ და იდეურ სივრცეზე აკეთებს. რატომ არ გახდა „Je Suis Charlie”ძირითადი თემა აფრიკის კონტინენტზე?

ამრიგად, ორმაგი სტანდარტები, თავისი სენსიტიურობისა და სიმძაფრის გამო, ცხარე განხილვის თემაა. ყოველი ტერაქტის შემდეგ მუდამ ისმის კითხვა და იწყება კამათი თუ „რატომ არ გამოხატავთ კენიელისადმი იმავე ხარისხის სოლიდარობას, ფრანგის სიცოცხლე უფრო ღირებულია?“ საერთო, ყველასთვის მისაღები პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თუმცა ადამიანის ფსიქოლოგიაა, გამოხატოს უფრო მეტი ტკივილი და თანაგრძნობა მის გარშემო დატრიალებულ ტრაგედიაზე.

გიორგი გოგუაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მკვლევარი
კატეგორია: ბლოგი
ჯერ კიდევ 1975 წელს ტერორიზმის სფეროს კვლევების ერთ-ერთ მამად წოდებულმა ბრაიან ჯენკინსმა აღნიშნა, რომ ტერორისტისთვის მთავარია ბევრი მაყურებელი და არა მსხვერპლი. მათი მიზანია ჩვენში, როგორც მაყურებელში, ჩანერგონ შიშის მარცვალი, გადავიფიქროთ დასასვენებლად ან სამოგზაუროდ იქ წასვლა, სადაც უკვე „მაღალია“ ტერორიზმის საფრთხე, გაგვიჩნონ დაუცველობის შეგრძნება და რაც მთავარია, დავიწყოთ ყველაფრის კონტროლი.

ფართო დისკუსიის საგანი არაერთხელ გამხდარა პასუხის ძიება კითხვაზე, თუ რატომ პარიზი, ბრიუსელი, სტამბული, აეროპორტები, ყველასათვის საყვარელი ქუჩები და ადგილები. იმიტომ, რომ ტერორისტები მუდამ ირჩევენ ისეთ ადგილს, რომლისკენაც უფრო მეტი ვიდეოკამერაა მიმართული.

წარმოიდგინეთ, რომ ჯენკინსმა ეს აზრი 1975 წელს გამოთქვა, მაშინ როცა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს არ ჰქონდა ისეთი ძალაუფლება, როგორიც დღეს აქვთ, არ არსებობდა სოციალური ქსელები. ტერორისტებს არ გააჩნდათ „WhatsApp”, „ტელეგრამი“ და სხვა აპლიკაციები რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად ავრცელებენ პროპაგანდისტულ გზავნილებს და პოპულარიზებას უწევენ საკუთარ საქმიანობას.

ტერორისტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიამ მათი ქმედებები გააშუქოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ტერორიზმისვთის, მედია ძირეული პლატფორმაა, რომელზეც მუშაობის ტაქტიკასა და მეთოდებს გამუდმებით ხვეწს. ყველა დიდ ტერორისტულ ორგანიზაციაში გვხვდება, „მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის“ სტრუქტურები. მაგალითად, „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰყავს მოქნილი მედია აპარატი/ადმინისტრაცია, რაც გულისხმობს სპიკერის, მედიასთან ურთიერთობების ხელმძღვანელის და „PR“ ჯგუფის არსებობას. მათი მთავარი ამოცანა საკუთარი აქტივობების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად შეფუთვაა ( მაღალი ხარისხის ვიდეობი, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, სიუჟეტები და ა.შ).

რა გამოწვევების წინაშე დგას მედია ტერორიზმის გაშუქებასთან დაკავშირებით? ყველასათვის გასაგებია, რომ მას სურს პირველმა მოგვითხროს ამბავი, რაც შეიძლება დრამატულად და „მიმზიდველად“. ამასთანავე, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, თუ რა მოვლენები ვითარდება საერთაშორისო ასპარეზზე, ვინ და რა მიზნით ახორციელებს ტერორისტულ შეტევებს. მედიისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლება. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს მოთხოვნები, მას უკარგავს უნარსა და ძალას დაიცვას ბალანსი ტერორისტული აქტების გაშუქების პროცესში. ხშირად ქრება ზღვარი და მედია ტერორისტთა ხელში იარაღად იქცევა ხოლმე.

ტერორიზმთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სახელმწიფოზე დამოკიდებული, ამ მხრივ მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. განსაკუთრებით დასავლურ დემოკრატიებში, სადაც საჭიროა მყარი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია და არგუმენტები იმისათვის, რომ ამა თუ იმ გზით დაიწყო სამხედრო შეიარაღებული კამპანია ორგანიზაციის წინააღდმეგ, განსაკუთრებით თუ მას სხვა სახელმწიფოს საზღვრებში აქვს ფესვები გადგმული. მედიას შეუძლია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ყველას გვახსოვს 9/11 ტერაქტი. პირდაპირ ეთერში გადმოცემულმა კადრებმა და რეპორტაჟებმა („ტყუპების“ ჩამონგრევა, სასიკვდილოდ განწირული ადამიანების ყურება ცათამბჯენის მაღალ სართულებზე და ა.შ) მნიშვნელოვნად განაპირობა აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და იმდროინდელი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ფართო სამხედრო ოპერაციის დაწყებაში.

1985 წელს, მარგარეტ ტეტჩერმა ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა, რომ მედია ტერორისტებისთვის ერთგვარი ჟანგბადია. შესაბამისად, მისთვის ჟანგბადთან წვდომის შეზღუდვა ბრძოლის ეფექტურ რეცეპტამდე მიგვიყვანს. ეს კი, მხოლოდ მეტი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის გრძნობით, საკითხის ცოდნითა და რაც მთავარია, ბალანსის დაცვით მიიღწევა.

გიორგი გოგუაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაცია