„მედია ხმამ“ მედიაგარემოს ყოველწლიური კვლევა - „მედიაგარემო
2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის საქართველოში“
გამოაქვეყნა.
კვლევაში ის საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმებია ასახული, რომლებიც საინფორმაციო ეკოსისტემაზე, მედიის სიცოცხლისუნარიანობასა და მედიისადმი ნდობაზე საქართველოში გავლენას ახდენენ. ასევე, კვლევაში გაანალიზებულია რუსული კანონისა და საპროტესტო დემონსტრაციების ზეგავლენაც ინფორმაციულ ეკოსისტემაზე.
„ამ პროცესში შეფასებულია, თუ რა ხელისშემშლელი და მხარდამჭერი მექანიზმები არსებობს მედიაში სხვადასხვა აქტორის (მმართველი და სხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის აუდიტორიის, აკადემიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების) მხრიდან; რა და როგორ მოქმედებს მედიისა და სხვა აქტორებისადმი ნდობაზე და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ამ ნდობის გაზრდა; როგორ მოქმედებს ჟურნალისტურ საქმიანობაზე პოლარიზაცია და მასთან ბრძოლის რა საშუალებები არსებობს;
კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს კლეპტოკრატიული მმართველობის პირობებში მედია, როგორ უმკლავდება რუსულ გავლენებს, ტექნოლოგიური გამოწვევების პირობებში, დეზინფორმაციისა და მძლავრი პროპაგანდის გამოწვევებს. კვლევის ერთერთი ასპექტი არის, გააანალიზოს მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლი კრიზისულ სიტუაციებში და მედიის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი ინსტრუმენტები და ტრანსფორმაციული გამოცდილების მაგალითები 2024 წლის კვლევაში პირველად გამოიკვეთა.
„გამოკვეთილია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღკვეთისთვის აუცილებელი, მიზნობრივი სანქციებისა და საერთაშორისო სასამართლოების როლი. კვლევის სიტუაციურ ანალიზს წარმოადგენს იმ საკვანძო მოვლენების ხაზგასმა, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინა მედიის დღის წესრიგსა და მედიაგარემოზე საქართველოში. დაკონკრეტებულია ტერნიმონოლიური ჩარჩოც და განმარტებებიც“.
https://www.facebook.com/share/p/1CdTaLEc8n/
პირველი ქართულენოვანი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული AI
მედია უკვე ხელმისაწვდომია.
AINews.ge „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ პროექტია, რომელიც ქართველ
დეველოპერებთან კოლაბორაციით შეიქმნა.
როგორც პლატფორმის ავტორმა და „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, AINews.ge-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ, მსოფლიოს ყველაზე სანდო და პოპულარულ მედიებზე დაყრდნობით, ქართულ ენაზე მომზადებული მედია პროდუქტი განთავსდება.
„პლატფორმის ღრუბელი, რომელსაც აქვს უნარი ათეულობით რესპექტაბელურ, აღიარებულ საერთაშორისო მედიის მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით ქართულად შექმნას და თავი მოუყაროს შეუმცდარ, არამანიპულირებად მედიაპუბლიკაციებს, ხელმისაწვდომი იქნება პარტნიორი რეგიონული მედიებისთვის, რაც დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და რა გზითაც AI News-ის მასალებს მათ მედიასაშუალებებზეც ნახავთ. თავად AINews.ge-ს ღია გვერდები, ვებსა და სოც მედიებში ოპერატიულად მოგაწვდით ამბებს ყველა სფეროდან, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.
IWPR-ის მიერ OSINT-ით ჩატარებული გამოძიება აჩვენებს, რომ
ქართულენოვანმა Telegram-მა მიზნობრივ აუდიტორიაში 2024 წლის
არჩევნებამდე კრემლისგან მხარდაჭერილი დეზინფორმაციით შექმნილი სურათი
შეავსო და გაამყარა.
კვლევის - „კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე“ მიხედვით, Telegram-ზე საინფორმაციო ოპერაციები დეზინფორმაციას ისეთ სენსიტიურ სოციალურ საკითხებთან აკავშირებს, როგორიცაა დემოგრაფია, ოჯახური ღირებულებები, განათლება.
„ეს ნარატივები იმეორებს, ან პირიქით ამ ნარატივებს იმეორებენ, მმართველობაში მყოფი პარტიის, ,,ქართული ოცნების” ლიდერები. ეს მიდგომა ეხმარება აქტორებს მიაღწიონ ფართო აუდიტორიას და გამოიყენონ სოციალური დაყოფა ქართული საზოგადოების პოლარიზაციისთვის“.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, პლატფორმაზე ადგილობირივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაკლებჩართულობის ფონზე, კრემლი ქართულენოვან ტელეგრამს ეფექტურად იყენებს და მაგალითად, გენდერსა და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციით, ახერხებს სოციალური დაძაბულობის შექმნასა და შენარჩუნებას ადგილობრივ საზოგადოებაში.
სტატიის მიხედვით, პროკრემლისტურმა არხებმა, რომელიც გამოძიებამ გამოავლინა, მაინც შეძლო 62 000-ზე მეტ ქართველ გამომწერზე გასვლა, 17 არხის გამოყენებით, იმ ფონზე, როცა მიიჩნევა, რომ საქართველოში Telegram-ს შეზღუდული გამოყენება აქვს.
რომელი არხები გამოავლინა გამოძიებამ, ვინ დგას მათ უკან და რა საკითხებით კვებავენ პროპაგანდას, წაიკითხეთ ვრცლად ნათია კუპრაშვილისა და ნინა ხელაძის კვლევა - კრემლისტური დეპეშები ქართულ Telegram-ზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 3 აპრილს თავმჯდომარეს
აირჩევს. თავმჯდომარის არჩევა 3 აპრილის
სხდომის დღის წესრიგში, რომელიც 14:00 საათზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში [ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა
N31] გაიმართება, პირველი საკითხია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ახლა ვასილ მაღლაფერიძეა. მაღლაფერიძე საბჭოს თავმჯდომარედ 2022 წლის 21 აპრილს, 3 წლის ვადით აირჩიეს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამეურვეო საბჭოს წევრებმა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ახალი თავმჯდომარე წინა თავმჯდომარის ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარულ დღეში უნდა აირჩიონ. ერთი და იგივე პირის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა 2 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2023 წელს შესული ცვლილების მიხედვით კი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ახლა 6 წლის ვადით აირჩევენ.
ვასილ მაღლაფერიძე 2017-2020 წლებში „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი იყო. 2021 წელს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა და რამდენიმე თვე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევამდე, ამ პოზიციას იკავებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. ახლა მეურვეები არიან: გია იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, გია კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ვასილ მაღლაფერიძე და გია მურღულია, რომელიც 2024 წლის 1 თებერვლიდან თავმჯდომარის მოადგილეა.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით იცვლება. სამეურვეო საბჭოს თითოეულ წევრს კი 6 წლის ვადით ირჩევენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 8 817 ლარია (დარიცხული), მისი მოადგილის - 6 798 ლარი (დარიცხული), საბჭოს სხვა წევრების კი - 6 085 ლარია (დარიცხული).
ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევიდან მალევე, 2022 წლის 9 ივნისის სხდომაზე მიიღეს.
მანამდე, 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი 7 424 ლარი იყო, თავმჯდომარის მოადგილის - 5 724, საბჭოს წევრების კი - 5 124 ლარი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ის ცვლილებები, რომლებიც
მაუწყებლებისთვის „უცხოეთიდან დაფინანსების“ აკრძალვას,
თვითრეგულირების მექანიზმის შემცირებასა და კომუნიკაციების კომისიის
უფლებამოსილების ზრდას
ითვალისწინებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა შეეძლება.
ამ ცვლილებებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. კანონის ძველი რედაქციით კი, მაუწყებლებს დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ჰქონდათ და სანქცია მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში უწესდებოდათ, თუ განხილვაზე უარს იტყოდნენ.
ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლებს შეეხო, რომელიც ფაქტის ჯეროვან სიზუსტესა და პასუხის უფლებას; სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას; ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებს; პროგრამულ შეზღუდვებს; საჩივრებსა და წინასაარჩევნო დებატებს არეგულირებს.
ცვლილებები მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხება, მათი დასანქცირება კი კომუნიკაციების კომისიას 2025 წლის 1 ივნისიდან შეეძლება.
კომისიას 1 ივნისიდან შეეძლება მაუწყებლების დაასანქცირება „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსებისა და სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვისაც.
მიღებული ცვლილებებით მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ, დაუშვებელი გახდა სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებაც.
აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც.
ფოტო : „ბათუმელები"
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 31 მარტს „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის
სამართლის
საქმის არსებითი განხილვა განახლდა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მოწმეები უნდა წარმოადგინოს. ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
ნინო სახელაშვილი ესტონეთმა 3 მარტს, სწორედ ამაღლობელის საქმის გამო, ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევისთვის დაასანქცირა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „ბათუმელების" ცნობით, ნინო სახელაშვილი, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, 10 მარტს უვადოდ განაწესეს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე 18 მარტს სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიცია მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ აღნიშნა, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სქრინი - TV
პირველი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის
დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00
საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა
სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობას ითხოვს.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება.
„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობს, ძალიან მძიმეა.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე
კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
კონფერენციის პარალელურად „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“
(RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტების გათავისუფლება
მოითხოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“
RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა.
როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.
RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.
თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო
კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების
ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA
ავრცელებს.
პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.
ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.
ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“, თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.
არცერთი კითხვა ბიძინაზე
უწყვეტი პროტესტის 112-ე დღეს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ მე და
გურამ როგავა ჩვენი გადაცემისთვის ინტერვიუს ვწერდით, როცა აქციის
მონაწილეებმა კობახიძის ინტერვიუ ახსენეს. „დღეს საზოგადოებრივს
ეყოლება... ნეტავ, სტუდიაში მივა?! თუ ვერ გაბედავს და ჩაერთვება?!
ნეტავ, თუ მოვასწრებთ, შევუერთდეთ „პირველი არხის“ წინ პროტესტს?!“ -
ასეთი იყო მსჯელობა. მოგეხსენებათ, „პირველი არხის“ წინ, კოსტავას
68-ში უწყვეტი აქციებია, ეთერის გახსნის მოთხოვნით. ამ დროს გაირკვა,
რომ კობახიძე სხვა, ახალ მისამართზე მისულა. პომპეზურად გაიხსნა კადრი
და ახალი ეთერიც. ოლიგარქის პრემიერი პირველ სტუმრად შეარჩიეს. სწორედ
ამ დროს ჩემ წინ, რუსთველზე კობახიძის გამოსახულებით დროშა შევნიშნე,
წარწერით: „ნუ იყურები ირანისკენ“.
საუბარი კობახიძესთან თამთა სანიკიძემ საგარეო პოლიტიკით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით დაიწყო. თემა ნამდვილად აქტუალურია...
მაგრამ აი, რა ვერ მოისმინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა, - კითხვები, რომელსაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია აუცილებლად დასვამდა:
შეუძლებელია, კობახიძეს ამერიკაზე ესაუბრებოდე და არ გაგახსენდეს ის, რაც შესაძლოა, პირველივე წითელი ხაზი გახდეს ტრამპისთვის - ირანთან დაახლოება.
„გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი, აგენტები, მტრები, ჩალის ფასი“
კობახიძეს შეთქმულების თეორიების ტირაჟირების საშუალება დაუბრკოლებლად მიეცა. უკვე მერამდენედ განავითარა მითი იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსი ომში ჩართვაზე იყო მიბმული. რა შეიძლებოდა, გეკითხა ჟურნალისტს აქ:
ინტერვიუს ხანგრძლოვობა 1 საათი და 37 წუთია, სანიკიძესა და კობახიძეს არ უხსენებიათ ბიძინა ივანიშვილი.
ოლიგარქის პრემიერი პროდასავლური აქციების სასტიკ დარბევაზე პასუხისმგებლობასაც გაექცა, თქვა, რომ გდდ-სა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ოპერაცია იმართებოდა მკაცრი ინსტრუქციებით, ინციდენტი კი გამოვლინდა მხოლოდ რამდენიმე.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 327 დაკავებულიდან, რომელსაც მისი ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ, 225 აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო, მათგან 157 პირს ვიზუალური ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შემოსულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა, 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.
ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის საქმეზეც მიეცა დემაგოგიის საშუალება, „აბა, გერმანიაში დაარტყით ხელი პოლიციელს“, - ღირდა კითხვის შებრუნება, - აბა გერმანიაში იძალადოს პოლიციელმა ჟურნალისტზე, როგორი იქნება რეაგირება?! (აქვე ჟურნალისტს შეეძლო, მაყურებლისთვის აეხსნა, რეალურად რაზეა ლაპარაკი და შეიძლება თუ არა მზია ამაღლობელის რეაგირება პოლიციელის ქმედებაზე, დანაშაულებრივ ძალადობად ჩაითვალოს )
აქვე უმძიმესი სტატისტიკა და ისევ მშრალი ფაქტები:
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა.
არ დასჯილა და არც კი გამოვლენილა მედიის
წარმომადგენლებზე მოძალადე პირები. რეაგირება - ნული!
„მოსყიდულები, დაფინანსებულები, კოლექტიური ნაცები,
აგენტები“...
ოლიგარქის პრემიერი აქციის მონაწილეებს თავს არაერთხელ დაესხა. ჟურნალისტს მეტი ეცოდინებოდა პროტესტის შინაარსსა და აქციის მონაწილეების მოტივაციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უფრო მეტ დროს რომ უთმობდეს პროტესტს, რეჟიმის პატიმრების დედებს, რომლებმაც თავადაც არაერთხელ ითხოვეს პირდაპირ ეთერში საუბარი. ამაზე „რეალური სივრცის“ რადიოეთერში დაკავებული თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ აღნიშნა.
აქვე, ბონუს კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, როდის დაუბრუნებს სატელევიზიო სტუდიას „რეალურ სივრცეს“, როდის მოიძებნება ახალ შენობაში ადგილი ნინო ზაუტაშვილისთვის?
ივანიშვილის პრემიერი რეპრესიულ კანონებზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროპორციულია.
მხოლოდ ერთი მაგალითიც კმარა ილუსტრაციისთვის: 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ახლა „ოცნება“ ტოტალურად იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, 19-ჯერ მეტია საარსებო მინიმუმზე.
ლეგიტიმაცია
კობახიძე ირწმუნება, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი არ აქვს, რადგან ქვეყნის შიგნით ხმა მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა.
დასჯა ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის
წამყვანს არ უხსენებია ის ე.წ. რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც საჯარო სამსახურებიდან მასობრივად ათავისუფლებენ პროფესიონალ კადრებს. შეცვალეს კანონი და კომპენსაციისა თუ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვეს საჯარო მოხელეები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციისთვის. ამას წინ უძღოდა „ოცნების“ შესაბამისი მუქარა.
ჭიათურა
ინტერვიუს მსვლელობისას სოციალურ ქსელში წამყვანს სთხოვდნენ, ეკითხა მაღაროელების პრობლემაზე. ჭიათურაში უსამსახუროდ დარჩენილი მაღაროელების პროტესტი გამწვავდა, რაც კომპანიამ მიწისქვეშა სამუშაოები გააჩერა. კითხვა დაისვა, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტის გარეშე.
კონტექსტი
„ჯორჯიან მანგანეზი“, კომპანია, რომელიც ფლობს „ჭიათურმანგანუმს“ და ზესტაფონის გადამამუშავებელ წარმოებას, ფაქტობრივად ისედაც სახელმწიფო მართვაშია. საწარმოში 2017 წლიდან სახელმწიფოს მიერ დანიშნულია დროებითი მმართველი იმ მოტივით, რომ კომპანია გარემოს აყენებდა ზიანს. ფაქტობრივ მმართველად მივლენილია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“, რომელსაც „რუსთავი 2“-ის დაფინანსებას უკავშირებენ. მისი დანიშვნის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა, საწარმო კი გაკოტრებამდე მივიდა.
ამ ინტერვიუს არ უნდა ჩაევლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე კითხვების გარეშე. „ოცნების“ ახალი რეგულაცია კრიტიკულ მედიას უკიდურესად ზღუდავს, მაგრამ გამოდის, რომ ჩანაწერის რამდენიმე პუნქტი სამთავრობო მედიასაც ვერ აუვლის გვერდს.
მაგალითად:
მსგავსი ინტერვიუ კობახიძესთან მომავალში სტანდარტის დარღვევად ჩაითვლება, რადგან სანქციაა გათვალისწინებული: „თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს“.
აქ კი კობახიძე თავს დაესხა ყველას: აქციის მონაწილეებს, ოპოზიციას, მეხუთე პრეზიდენტს, ფონდებს, ენჯეოებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, უკრაინას, ამერიკის წინა ადმინისტრაციას, მოკლედ, ყველას - ივანიშვილის, პუტინის, ორბანის, ფიცოს გარდა.
P. S.
ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვის დასმის შესაძლებლობა რომ მქონდეს, სინამდვილეში, კობახიძეს ვკითხავდი იმავეს, რაზეც მთავრობის კანცელარიაში პასუხი არ გამცა: ვინ მიიღო ქვეყნის დასავლური კურსის გადახედვისა და ამით აღშფოთებული ახალგაზრდების დასახიჩრების გადაწყვეტილება, - ბიძინა ივანიშვილმა მოსკოვის დაკვეთით თუ ოლიგარქი თვითინიციატივით ებრძვის ხალხს?!
„პირველი არხის“ ჟურნალისტების მეთოდია მუდმივად ციტატებით საუბარი.
მაგალითად, გადაცემის წამყვანი დაიწყებს უზარმაზარი ტექსტის კითხვას
და სულ ბოლოს დააყოლებს: „განაცხადა ქვეყნის პრემიერმა“, „განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარემ“ ან სხვ. ეს ტექსტი იმდენად დიდი ხნის
წინ არის დაწყებული, რომ წარმოუდგენელია მსმენელმა გაარჩიოს
კონკრეტულად რომელი სიტყვა ეკუთვნოდა „პრემიერს“ და რომელი „მოამბის“
წამყვანს. არის კიდევ ერთი მეთოდი, როდესაც გინდა პარტიის
გზავნილი ისე გააჟღერო, რომ „ნეიტრალურად“ დარჩე. აი,
მაგალითად, 18 მარტის „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გასული სიუჟეტი
„დაყადაღებული ფონდების“ შესახებ, რომლის ავტორებიც არიან:
ინფორმაცია ამგვარია: 17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე 5 საქველმოქმედო ფონდი დააყადაღა.
დავალება ასეთია - მაყურებელს გავაგებინოთ, რომ 5 ფონდი ქვეყანაში ძალადობრივ წინააღმდეგობას აფინანსებს და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ახლა მივყვეთ სიუჟეტს ქრონოლოგიურად და ვნახოთ, როგორ ასრულებს ამ დავალებას პროპაგანდისტული მედია, რომელსაც კანონი ავალდებულებს იყოს დაბალანსებული და წარმოაჩინოს საქმის მეორეც მხარეც.
სიუჟეტი იწყება სიტყვებით, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს: „რაში დაიხარჯა 5 ორგანიზაციის: „ნანუკას ფონდის“, ნიკა გილაურის ფონდის - “ფროსფერითი ჯორჯია”, ფონდი „ერთმანეთსთვის“, „სირცხვილიასა“ და „ადამიანის უფლებათა სახლის“ მიერ 2 მილიონ ლარზე მეტი? პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი ნაწილი - ძალადობრივი აქციების ორგანიზებისთვის და ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაც, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა”.
ამას ამტკიცებს პროკურატურა. ჟურნალისტის მიზანი უნდა იყოს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი და გაარკვიოს რამდენად შეესაბამება პროკურატურის ბრალდება სიმართლეს. რას აკეთებს ამისთვის?
პირდაპირ ეთერში კითხულობს ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებლის, გუგა ხელაიას ფეისბუკ პოსტიდან აი ამ ფრაგმენტს: „პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს. „ერთმანეთისთვის“ მაგიტომ დაერქვა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ინდივიდებსა და ოჯახებს დავდგომოდით გვერდით. აბსოლუტურად ყველა ტრანზაქციაზე იმავე წამს გვაქვს გადახდილი ყველა სახელმწიფო გადასახადი. პლუს დეკლარაცია შევსებული მაქსიმალური სიზუსტით და ყველაფერთან ერთად, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს, ჩემი ჩათვლით, ერთი თეთრიც კი არ მიუღია 3 თვის განმავლობაში”.
გუგა ხელაიას პოსტში არის სიტყვებიც, რომელიც პირდაპირ პასუხობს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - რაში დაიხარჯა ფული? თუმცა, ეს ნაწილი სიუჟეტში ვერ მოხვდა: „ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად“.
შემდეგი რესპონდენტი ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც სატელეფონო კომენტარს აკეთებს და ადასტურებს, რომ შეძენილი აქვს აირწინაღებიც მაშინ, როდესაც მისი გამოყენება არ იყო აკრძალული. სხვა არანაირი ინფორმაცია „ნანუკას ფონდის“ შესახებ არ ჩანს. ჟურნალისტი მაყურებელს არ უყვება იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია, რაც ეს ფონდი არსებობს, რომ ის ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უკანასკნელ პერიოდში, გარდა აირწინაღებისა, ეხმარება პროტესტში მონაწილე ადამიანებს, რომ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა და გაუმკლავდნენ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მოკლედ, ძირითადი მესიჯი „ნანუკას ფონდის“ შესახებ იყო, რომ კი, აირწინაღები ნამდვილად შეიძინა.
მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ სად დაიხარჯა „სინამდვილეში“ 2 მილიონი ლარი, ფონდების დაყადაღების საქმის მთავარი ფიგურანტი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სცემს: „ამაზრზენია ის ტყუილები, რასაც ავრცელებენ, თითქოს, ეს თანხები, რომელიც აკუმულირდებოდა, ხმარდებოდა ვინმე გაჭირვებულს. ეს არის დიდი ტყუილი. ეს ფული პირდაპირ ხმარდებოდა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ კანონგარეშე ქმედებებს”.
ამის შემდეგ თათია მაყაშვილი ნიკა გვარამიას კადრების ფონზე, გვიამბობს: „ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ფონდები არა თუ კანონს არღვევდნენ, არამედ პირიქით, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამიტომ 5 ფონდისთვის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკურ ინტერესს ატარებს“. არც ამ სიტყვებში ჩანს, რა ფუნქცია ჰქონდა გილაურის ფონდს. ოპოზიციის განცხადებიდან ამოღებული ციტატა პრაქტიკულად მტკიცებულებაა იმისა, რომ დიახ, „უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ“. ამას ელენე ხოშტარიას სიტყვებიდან ამოღებული ფრაგმენტიც ადასტურებს: „უკვე აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ ინდივიდუალურად შეიკრიბა თანხები. ამიტომ გარანტიას გაძლევთ, რომ სოლიდარობის და თანადგომის ფორმები იქნება მოძებნილი, როგორც ამ ფონდების მიმართ, ნანუკას მიმართ, ასევე ყველა იმ პროტესტის მონაწილის მიმართ, რომელიც უკვე 111-ე დღეა იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის”. აქ სადმე ჩანს კონკრეტულად რაში მდგომარეობს დახმარება, იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დასვა ჟურნალისტმა? არა.
ამას მოჰყვება კიდევ ორი ოპოზიციონერის კომენტარი. პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მათ უჭირთ, რადგან ვერ აჩერებენ გულწრფელ პროტესტს, „ნანუკას ფონდის“ დაკავება არის 21-ე საუკუნის ჩვეულებრივი ინკვიზიცია“. ფიქრია ჩიხრაძე, „ლელო“: „პროტესტი, რომელიც ხელს და ნერვებს უშლის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ცდილობს, რომ სხვადასხვა მეთოდით ამოქოლოს. ამოქოლოვის ერთ-ერთი გზა იყო სწორედ ესეც, რომ დააყადაღეს ფონდები, რომ ამ მიმართულებით ამდაგვარი პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა სულ უფრო და უფრო მცირე იყოს”. პასუხი მთავარ კითხვაზე არც აქ ჩანს.
სიუჟეტის მეორე ნახევარი ცხადია, მთლიანად „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებებს მოიცავს, სადაც ისინი გვარწმუნებენ, რომ „ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა ფონდების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ფინანსდებოდა”, - ამბობს სიუჟეტის ავტორი და თავის სიტყვებს გურამ მაჭავარიანის სინქრონით ამყარებს. მას მოჰყვებიან გიორგი ვოლსკი და ირაკლი კირცხალია. საინტერესოა, რომ სადაც მომჩივანი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოა“, საქმეს პროკურატურა იძიებს და მოპასუხეები ფონდების წარმომადგენლები არიან, რატომ გადის სიუჟეტში მმართველი პარტიის 3 წევრის კომენტარი, თანაც დასკვნით ნაწილში? ამაზე პასუხს თავად ირაკლი კირცხალია სცემს: „ასე რომ მათი ფიქრები ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პროკურატურისთვის, იმიტომ რომ საქმე არის აღძრული”.
დასასრულს თათია მაყაშვილი ვრცელ ციტატას გვიკითხავს პროკურატურის განცხადებიდან და სიუჟეტს ამ სიტყვებით ასრულებს: „პროკურატურის განცხადებით, დაყადაღებული ფონდებიდან ფინანსდებოდა დანაშაულებრივი მოქმედებების ორგანიზება და საჭირო ინვენტარის შეძენა”.
ერთი სიტყვით, კითხვას, რომელიც დასაწყისში დაისვა - რაში იხარჯებოდა საქველმოქმედო ფონდების ფული, პასუხი ისევ პროკურატურამ და ვატო შაქარიშვილმა გასცეს, დანარჩენი რესპონდენტები უარყოფდნენ პროკურატურის ბრალდებას, მაგრამ „არ გვითხრეს“, რაში მდგომარეობდა სიმართლე. უფრო სწორედ გვითხრეს, მაგრამ ეს სიუჟეტში არ მოხვდა.
მაგალითად, ფონდი „ერთმანეთისთვის“ დარეგისტრირდა 2024 წლის 23 დეკემბერს, თუკი ჟურნალისტი დაინტერესდებოდა, მიიღებდა პასუხს, რომ ფონდი ყოველთვიურად ურიცხავდა პოლიტპატიმრებს თანხებს, მათ ოჯახებს ეხმარებოდა საჭიროებისამებრ და რამდენიმე პატიმარს, რომლებიც ოჯახის მარჩენალი იყო, ბანკის სესხი დაუფარეს.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ფონდი 2010 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებლები არიან: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“, „უფლებები საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „საფარი“. მიმდინარე მოვლენების პერიოდში ფონდი საპროტესტო აქციებში მონაწილეებს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაში ეხმარებოდა.
ფონდი „ფროსფერითი ჯორჯია“ შემოსული თანხის განაწილების დეტალებს (2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით) ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც აქვეყნებს. აქ ამომწურავი პასუხია კითხვაზე, რომელიც სიუჟეტის დასაწყისში დაისვა, მაგრამ „მოამბის“ ჟურნალისტს ის არ აინტერესებს.
შემდეგ განცხადება გაავრცელა მოძრაობა „სირცხვილიამაც“:
„ნანუკას ფონდის“ შესახებ ზემოთაც აღვნიშნე და მის მიერ
გაწეული დახმარებები იმდენად საჯაროა, მასზე ინფორმაციის მოძიება
მინიმალურ მონდომებას საჭიროებს, იმ მონდომებას, რომელიც „მოამბის“
ჟურნალისტებს არ გააჩნიათ.
იქიდან გამომდინარე, რომ სტატიის, ბლოგისა თუ სიუჟეტის დასაწყისი და
დასასრული სიტყვები თუ კადრები მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად
მაყურებელი თუ მკითხველი სწორედ ამას იმახსოვრებს, მეც მინდა,
მკითხველის ყურადღება იმ დეტალზე გავამახვილო, რომელიც მთელ სიუჟეტს
ლაიტმოტივად სდევდა თან. მოგეხსენებათ, სატელევიზიო
სიუჟეტში გამოსახულებას არანაკლები დატვირთვა აქვს, ვიდრე სიტყვებს,
ამიტომ მნიშვნელოვანია როგორი კადრებით აფორმებს „მოამბის“ ჟურნალისტი
თავის სიტყვებს.
ეს არის მთავარი პასუხი, ასე უნდა იმუშაოს სამთავრობო მედიამ, რომელსაც დაავალეს, რომ ხალხს გააგებინოს - ფონდები მომიტინგეების შეიარაღებას ემსახურებოდა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის შეიქმნაო. ეს არის პარტიის შეკვეთა და ამას ზედმიწევნით ასრულებს „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საინფორმაციო გამოშვება და მისი ჟურნალისტები.
სათაურში ჩვენ დავსვით კითხვა, როგორც შევასრულოთ პარტიის დაკვეთა „ნეიტრალური ტონით“? ძირითადად, სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებით, რომელიც მედიის ტონს ზომავს, „პირველი არხი“ ნეიტრალურობით გამოირჩევა, რადგან „მოამბეში“ იშვიათად ისმის ჟურნალისტის მიერ პირველ პირში გაკეთებული შეფასებები, მაგალითად, ისე, როგორც ეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ხდება. თუმცა, დასმული კითხვები, პასუხებიდან ამოღებული ციტატები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კადრები მაინც ჟურნალისტის სუბიექტური შეფასებაა, სადაც სუბიექტი უმეტესწილად არა თავად ის, კონკრეტული ჟურნალისტი, არამედ ქვეყნის მმართველი პარტიაა.
ვარდისფერ ღამის პერანგში ჩაცმული სამი წლის გოგონა მამას ფეხზე ეხვევა, ტირის და ცდილობს არ გაატანოს ნიღბიან პოლიციელებს, რომლებსაც ბინიდან გაჰყავთ. მამა ემშვიდობება ქალიშვილს და ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს მიჰყვება.
ეს დრამატული ეპიზოდი 2023 წლის ნოემბერში, ბაქოში, ჟურნალისტ აზიზ ორუჯევის სახლში მოხდა. ორუჯევის დაკავება აზერბაიჯანში ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღის ათვლის წერტილად იქცა.
დღეს ორუჯევი პატიმრობაში იმყოფება გამოგონილი ბრალდებებით, მისი პატარა ქალიშვილი კი მამის გარეშე იზრდება.
აზერბაიჯანი არასოდეს ყოფილა ქვეყანა, სადაც ჟურნალისტები კარგად გრძნობდნენ თავს, თუმცა 2023 წლის ნოემბერში დაწყებული რეპრესიები დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე უპრეცედენტო აღმოჩნდა ამ ქვეყნისთვისაც კი.
ამ დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ბრალდებით 100-ზე მეტი ჟურნალისტი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, უფლებადამცველი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს.
2025 წლის თებერვალში უფლებადამცველებმა აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 357 ადამიანი დაითვალეს. ეს რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 25 წლის განმავლობაში. პოლიტპატიმრების რიცხვის ყველაზე მეტად გასულ წელს გაიზარდა და დაკავებულებს შორის სწორედ ჟურნალისტები ჭარბობდნენ.
დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობა ხელისუფლებამ კონტრაბანდაში დაადანაშაულა – მათ ბრალი წაუყენეს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით (კონტრაბანდა, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი). რეჟიმი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტებს უკანონოდ შემოჰქონდათ აზერბაიჯანში ფინანსური სახსრები დონორი ორგანიზაციებისგან.
მედია სფეროში წმენდა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში დღეს ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი (!) კრიტიკული მედიასაშუალება და არც ერთი (!) დამოუკიდებელი ჟურნალისტი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დღეს ან ემიგრაციაში არიან, ან ციხეში, ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ვინც დევნას გადაურჩა და ქვეყანაში დარჩა, პროფესიიდან წავიდა ან რეჟიმის მიმართ ლოიალური გახდა.
ერთი მაგალითი - ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი 25-წლიანი სტაჟით, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი საერთაშორისო გამოცემის რედაქტორი იყო, მარტიდან საბავშვო ბაღში აღმზრდელად იმუშავებს. მისი კოლეგა, ასევე დიდი სტაჟის მქონე აზერბაიჯანელი რედაქტორი, უძრავი ქონების სააგენტოში იწყებს მუშაობას.
„ადრე შეგვეძლო, ასე ვთქვათ, აფიშირების გარეშე გვემუშავა. მასალებს სახელსა და გვარს არ ვაწერდით, როცა საერთაშორისო მედიასთან ვთანამშრომლობდით. ჰონორარების აღებასაც ვახერხებდით, იყო ლავირების საშუალება. თუმცა, უკვე ეს ყველაფერი გამორიცხულია. ფრილანსერობაც გამორიცხულია. ყველა გზა მოჭრეს და ყველა ხვრელი ამოავსეს. ან უნდა გაიქცე ქვეყნიდან ან უნდა წახვიდე პროფესიიდან. მე ვერ გავიქცეოდი, მოხუცი მშობლები მყავს“, - მითხრა მან.
როგორ მოახერხა ალიევმა ეს?
კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“
აზერბაიჯანულად
ალიევს არ გამოუგონებია ველოსიპედი და მოიქცა ისე, როგორც ყველა სხვა ავტორიტარი მმართველი იქცევა, რომელსაც ხელისუფლების დათმობა და გაზიარება არავისთვის უნდა - მიიღო რეპრესიული კანონები - ყბადაღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის აზერბაიჯანული ანალოგები.
გადამწყვეტი გახდა 2014 წელი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გრანტების შესახებ კანონებში შესწორებები შევიდა. ცვლილებები მკაცრად ზღუდავდა უცხოურ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესისთვის.
ამ ცვლილებებით სახელმწიფომ აიძულა არასამთავრობო ორგანიზაციები დაერეგისტრირებინათ გრანტები იუსტიციის სამინისტროში, ხოლო საკუთარ თავს უფლება მისცა უარი ეთქვა მათ რეგისტრაციაზე.
შედეგად საერთაშორისო დონორებმა აზერბაიჯანიდან მასობრივი გასვლა დაიწყეს. აზერბაიჯანი 50-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დატოვა.
თუმცა, კულმინაცია აღმოჩნდა „მედიის შესახებ“ კანონი, რომელსაც ალიევმა 2022 წლის თებერვალში მოაწერა ხელი და რომელიც უშუალოდ ჟურნალისტებს შეეხო.
ჟურნალისტებს აეკრძალათ ყველანაირი უცხოური ფულის მიღება - გრანტის, ჰონორარის, ხელფასის და ა.შ. ახალი კანონი მათ ავალდებულებდა რეგისტრაციას ერთიან სახელმწიფო რეესტრში, რა დროსაც სახელმწიფოსთვის უნდა მიეწოდებინათ პერსონალური მონაცემების გრძელი სია.
ასევე კანონი არეგულირებს, თუ ვის შეუძლია იმუშაოს ჟურნალისტად - აწესებს პროფესიაში მიღების მკაცრ კრიტერიუმებს. მაგალითად, მედიასაშუალების ფლობა მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს შეუძლია (ყოველგვარი უცხოური მონაწილეობის გარეშე). ხოლო ჟურნალისტად დარეგისტრირებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, არ იყოს ნასამართლევი და ჰქონდეს შრომითი ხელშეკრულება. ანუ ფრილანსერები (ასეთები კი აზერბაიჯანში ძალიან ბევრნი იყვნენ - ძირითადად სწორედ ფრილანსერები თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან) ავტომატურად კანონგარეშედ გამოცხადდნენ.
მეტიც, ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო მარეგულირებელს შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ლიცენზია გაუუქმოს მოვლენების ე.წ. „მიკერძოებული“ გაშუქების გამო.
ამ ჩანაწერით, ფაქტობრივად, ცენზურა დაკანონდა. მთავრობა წყვეტდა - რა არის ჟურნალისტიკა და რა - არა, რა არის ახალი ამბავი და რა - არა.
როგორც ვარაუდობდნენ, ეს კანონი ალიევის ხელისუფლების ხელში რეპრესიების მძლავრ იარაღად გადაიქცა.
ყველას ერთ დღეს როდი მიადგნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში რეპრესიებს ვერავინ გადაურჩა. აზერბაიჯანში დაიწყო დამოუკიდებელი მედიის ფიზიკური განადგურების ხანა – ეკონომიკური ჩახშობის, ძალოვანი სტრუქტურების რეიდების და სასამართლო აკრძალვების გზით.
რეპრესიები: დაპატიმრებები და დევნა
2024 წელს აზერბაიჯანი ჟურნალისტების ციხეში გამომწყვდევის
თვალსაზრისით მსოფლიოს ათეულში მოხვდა.
ბოლო წლებში ჟურნალისტებს უფრო ხშირად აკავებენ არა „ცილისწამებისთვის“, როგორც ადრე, არამედ ფალსიფიცირებულ ეკონომიკურ და სისხლის სამართლის ბრალდებებს უსადაგებენ – „კონტრაბანდა“, „გადასახადებისგან თავის არიდება“, „ვალუტის უკანონო შენახვა“.
შედეგად, 2025 წლის დასაწყისისთვის, რამდენიმე ათეული ჟურნალისტი აღმოჩნდა წინასწარ პატიმრობაში „ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით.
ამ ბრალდებით ცალკეული ჟურნალისტები კი არა, მთელი რედაქციები დააკავეს.
მაგალითად, პირველი ასეთი მასობრივი დაკავება იყო 2023 წლის ნოემბერში - პოლიცია შეიჭრა დამოუკიდებელი გამოცემა Abzas Media-ს ოფისში, სადაც „აღმოაჩინა“ დიდი ოდენობით ნაღდი ფული (ევრო).
დააკავეს გამოცემის ხელმძღვანელები: ულვი ჰასანლი და სევინჯ ვაგიფგიზი. დაკავებულების კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ ფული პოლიციამ ჩადო. ამის შემდგომ, ამავე გამოცემის კიდევ სხვა ჟურნალისტები დააკავეს, ასევე კონტრაბანდის ბრალდებით. ბევრ მათგანს 8-12 წელი ემუქრება.
უფრო ცხადი რომ გახდეს - უბრალოდ ჰონორარის აღება შესრულებულ საქმეში საერთაშორისო ფონდისგან უკვე შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევად.
როგორც დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ექსპერტები აღნიშნავენ, კრიტიკული, მაგრამ შედარებით პატარა ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების დაკავება დემონსტრაციული ხასიათის იყო და ზოგადად ჟურნალისტების დასაშინებლად იყო მიმართული:
„მათ დევნიან არა იმდენად იმის გამო, რაც კონკრეტულად თქვეს მათ მასალებში, არამედ იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ ჭკუა და სხვებისთვის იყოს გაკვეთილი. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო უვნებელი და უდანაშაულოა მსხვერპლი, მით უფრო დიდია მიღწეული ფსიქოლოგიური ეფექტი“, - ამბობს უფლებადამცველი და ჟურნალისტი ელდარ ზეინალოვი.
საერთაშორისო გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტებს სპეციალური ჯაშუშური პროგრამის, Pegasus-ის მეშვეობით უთვალთვალებდა - ამ პროგრამით ჟურნალისტების ტელეფონები დაავირუსეს, რათა თვალი ედევნებინათ მათი მიმოწერისთვის.
კიდევ ერთი დეტალი - 2014 წელს, როდესაც „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა დააკავეს, ქალი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა ამ ქვეყნისთვის „ეგზოტიკა“ იყო. დღეს აზერბაიჯანის ციხეები გავსებულია დატყვევებული ქალი ჟურნალისტებითა და აქტივისტებით.
ემიგრანტი ჟურნალისტები
ბევრმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა იძულებით დატოვა ქვეყანა, რათა
დაპატიმრებას გადარჩენოდა. (თუმცა, არც ემიგრაციაში გრძნობენ ისინი
თავს უსაფრთხოდ – სპეცსამსახურები მათ იქაც უთვალთვალებენ - შორს რომ
არ წავიდეთ, აფგან მუხტარლის შემთხვევა გავიხსენოთ. ხოლო აზერბაიჯანში
დარჩენილ მათ ოჯახის წევრებზე ალიევის რეჟიმი ზეწოლას
ახდენს).
ემიგრაციაში აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა რამდენიმე ონლაინ მედია დააფუძნეს და აგრძელებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას ქვეყნის შიგნით მყოფი ფრილანსერი ჟურნალისტების დახმარებით.
ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Meydan TV-ი, რომელიც გერმანიაში ემიგრირებულმა ჟურნალისტმა გამომძიებლებმა დააფუძნეს.
ამ გამოცემას დიდი ფრილანსერების ქსელი ჰყავდა აზერბაიჯანში - ისინი, როგორც წესი, სახელისა და გვარის გაუმჟღავნებლად წერდნენ, თუმცა, აქტიურად მუშაობდნენ და ამ წლების განმავლობაში ბევრი კრიტიკული რეპორტაჟი და გამოძიება მოამზადეს.
თუმცა, ამიერიდან, Meydan TV-ი უკვე ვეღარ იმუშავებს აზერბაიჯანში ფრილანსერების დახმარებით - გასული წლის შემოდგომიდან დღემდე Meydan TV-ის ცხრა კორესპონდენტი დააკავა ალიევის ხელისუფლებამ აზერბაიჯანში. ამის შემდეგ, გამოცემამ საბოლოოდ უარი თქვა ადგილობრივ კორესპონდენტებთან თანამშრომლობაზე მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
იგივე მოხდა სხვა საერთაშორისო მედიების შემთხვევაშიც - თუკი აქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები რისკავდნენ და მაინც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიებთან, 2025 წლიდან უკვე ეს შესაძლებლობაც დაიხურა.
მსოფლიოს რეაქცია: დუმილი და შეშფოთება
საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, მუდმივად გამოხატავს შეშფოთება
იმის გამო, რაც აზერბაიჯანში ხდება, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც
კრიტიკოსები აღნიშნავენ, არასაკმარისად მკაცრია და დიპლომატიურ დუმილს
ინარჩუნებს, რადგან აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსებითაა
დაინტერესებული.
სულ ბოლო მაგალითი - 2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა უმასპინძლა მსხვილ საერთაშორისო ფორუმს - გაეროს კლიმატის კონფერენციას (COP29). ანუ მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ფორუმს დაესწრო, არ შეაფერხა იმან, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი ჰყავთ ციხეში გამომწყვდეული.
ამიტომაც, აზერბაიჯანში ხშირად ამბობენ, რომ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ნავთობია და ალიევის ხელისუფლება ბუნებრივ რესურსებსა და ნავთობზე დგას.
დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ყოველ ჯერზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ეს დაუწერელი კანონია - ალიევის ყოველი მორიგი „გადარჩევის“ შემდეგ რეპრესიები განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს.
გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, ალიევმა გლობალურადაც კარგი მომენტი აირჩია წმენდისთვის - აშშ საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული, ევროპა კი - უკრაინის ომით.
ხოლო, დღეს, როდესაც მსოფლიო წესრიგში ერთი დიდი გაურკვევლობა სუფევს, ალიევი კიდევ უფრო თამამად მიუყვება აღებულ კურსს, რადგან მის შესაჩერებლად არავის სცალია.
რა ხდება დღეს?
ილჰამ ალიევი, რომელიც 2003 წლიდან შეუჩერებლად მართავს ქვეყანას, აგრძელებს ძალაუფლების ვერტიკალური სისტემის გამაგრებას.
დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ათწლიანი ბრძოლის შედეგები უკვე აშკარაა და საგრძნობლად აისახება აზერბაიჯანის მოქალაქეებზე.
ქვეყანაში დამყარდა საინფორმაციო მონოპოლია – მოქალაქეების უმეტესობა ახალ ამბებს მხოლოდ პროსახელისუფლებო ტელეარხებიდან იღებს, სადაც აზერბაიჯანი წარმოჩენილია როგორც აყვავებული ქვეყანა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მედიაში დომინირებს ოფიციალური პროპაგანდა – ყოველდღიურ ეთერში ტრიალებს რეპორტაჟები ყარაბაღის დაბრუნებული მიწების, გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თავად ალიევის ოჯახის შესახებ.
კორუფციული სკანდალები და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები გაშუქებას არ ექვემდებარება. ოპოზიცია ან იგნორირებულია, ან „სახელმწიფოს მტრად“ არის გამოცხადებული.
ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლა, იქნება ეს სოციალური თუ ეკოლოგიური, ან საერთოდ არ შუქდება, ან მიზანმიმართულად წარმოჩინდება, როგორც მარგინალური მოვლენა.
დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გარეშე კორუფციამ და ჩინოვნიკების განუკითხაობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. არავინ დარჩა, ვინც გამოიძიებს ალიევის ოჯახისა და მისი გარემოცვის ოფშორულ სქემებს, მიწის თაღლითობებს, პოლიციის თვითნებობას, ციხეებში წამებასა და ბიუჯეტის სახსრების ფლანგვას.
საჯარო კონტროლის არარსებობის პირობებში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათზე კრიტიკული სიტყვა არც ონლაინ მედიაში გამოქვეყნდება და არც ტელევიზიით გაჟღერდება.
საერთაშორისო მასშტაბის გახმაურებული კორუფციული გამოძიებები, რომლებიც პირდაპირ ბაქოს ხელისუფლებას ეხება, შიდა სივრცეში საერთოდ არ განიხილება, რადგან ამაზე მედია დუმს.
ხელისუფლებასა და ხალხს შორის კავშირი პრაქტიკულად გაწყვეტილია. დამოუკიდებელი მედიის გარეშე მოქალაქეებს აღარ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრონ.
„ეს კანონი ართმევს უფლებებს არა მხოლოდ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არამედ მთელ საზოგადოებას“, – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.
ამ პროცესის კიდევ ერთი მძიმე შედეგია აზერბაიჯანიდან ე.წ. „ტვინების გადინება“. ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იძულებულნი არიან, ემიგრაციაში წავიდნენ, რადგან ქვეყნის შიგნით მათ არ აქვთ განვითარების პერსპექტივა.
მრავალწლიანი ბრძოლა დამოუკიდებელი მედიისა და
სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, აშკარად უთანასწორო აღმოჩნდა.
ოპოზიცია დასუსტებული და დაქუცმაცებულია, სამოქალაქო საზოგადოება კი –
განადგურებული. ქვეყანაში დუმილია, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების
ოფიციალური განცხადებები არღვევს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.