დღეს, 28 აპრილს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია
ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის სახელით
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით
მიმართა.
საიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, როგორებიცაა:
თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი);
საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი);
პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი);
გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი);
სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაშ);
უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევების, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი:
„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს.
18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც.