ფოტო: გურამ მურადოვი
დღეს, 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წელს, რუსული
კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების საქმის
განხილვა დაიწყო. სასამართლომ იმსჯელა მხარეების მიერ წარდგენილ
შუამდგომლობებზე და მტკიცებულებების გამოთხოვის მიზნით, საქმის
განხილვა 2025 წლის 16 ივნისამდე გადადო.
სასამართლოში სარჩელი 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სახელით „მედიაომბუდსმენმა“ წარადგინა. მოსარჩელები პოლიციელების მიერ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. საქმეს მოსამართლე ანა ჩხეტიანი უძღვება.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, რომელიც საბოლოოდ 2024 წლის 14 მაისს მიიღო, პირველად 2023 წელს დააინიცირა, რასაც პროტესტი მოჰყვა. მარტში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია კი ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.
„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, 2023 წლის 2-9 მარტის პერიოდში სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლების მიმართ ისეთ ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის ჩარტყმა), სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, დამამცირებელი მიმართვა, ძალადობის მუქარა), კამერაზე ხელის აფარება, იძულებით გაყვანა გადაღების ადგილიდან, პარლამენტის შენობიდან გაგდება და სხვა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება “მედიაომბუდსმენის” მიერ წარდგენილ ფაქტებზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დღემდე შეუსრულებელია, რაც დამატებით აღრმავებს უნდობლობას გამოძიების ეფექტიანობის მიმართ.
სასამართლო დავა წარმოადგენს კიდევ ერთ სამართლებრივ მცდელობას, რომლის მიზანია სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირების უფლების დაცვა. აღნიშნული სარჩელის დროული და სრულფასოვანი განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების განმტკიცებისთვის“, - წერს მედიაომბუდსმენი.
მთლიანობაში, 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 21 წარმომადგენელს შეეშალა, საიდანაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 9 ჟურნალისტსა და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. სასამართლოში სარჩელი კი მედიის 18 წარმომადგენლის სახელით შევიდა.