11.08.2017
2002 წლის 3 სექტემბერს, საზაფხულო ბანაკში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „განკითხვის დღე“ (Час расплаты). „ეს შემთხვევა განსაკუთრებით სამარცხვინოა, ვინაიდან ერთ-ერთი პატარა ნაძირლის მშობლები რაიონული სასამართლოს მოსამართლეები არიან, ხოლო მეორის ახლო ნათესავი კი, რეგიონული საგზაო პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია“, აღნიშნული იყო სტატიაში. ამავე მასალაში ვკითხულობდით, რომ ბავშვებთან ერთად, პასუხი მათმა მშობლებმაც უნდა აგონ. ამ მასალაში არც ბავშვებისა და არც მათი მშობლების ვინაობა დასახელებული არ ყოფილა. მომდევნო სტატიებში კი ბავშვებისა და მშობლების სახელები და გვარებიც დაიწერა.
ბავშვების მშობლებმა ადგილობრივ სასამართლოს, გამოცემის წინააღმდეგ, ცილისწამებისა და პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო მიმართეს და პროცესი მოიგეს. სასამართლომ დაადგინა, რომ გაზეთს უნდა გამოექვეყნებინათ ინფორმაცია, მათ მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების ოფიციალურად უარყოფის შესახებ და ბოდიში უნდა მოეხადათ. გარდა ამისა, გამოცემას უნდა გადაეხადა კომპენსაცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3,000 რუსული რუბლის ოდენობით, რაც დაახლოებით 85 ევროს ეკვივალენტია .
გამოცემამ მიიჩნია, რომ ადგილობრივი სასამრთლოს ამ გადაწყვეტილებით, დაირღვა ევროკონვენციის მეათე მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება და ევროსასამართლოს მიმართა. ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვებისა და მათი მშობლების ვინაობის დასახელების მიმართ არ არსებობდა ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეზე დაწყებული სამართალწარმოების პროცესი არ უკავშირდებოდა მათი მშობლების საქმიანობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელია ოფიციალური პირისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მისი ოჯახის წევრების გამო.
სასამართლოს მსჯელობაში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტის უფლება, გაავრცელოს ინფორმაცია სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, არ უნდა იყოს უპირატესი, არასრულწლოვნის უფლებაზე, პირადი ცხოვრების ეფექტიან დაცვასთან დაკავშირებით. „უდავოა, რომ არასრულწლოვნის გვარის არაერთხელ ხსენებამ პრესაში საზაფხულო ბანაკში მომხდარ დასაგმობ ინციდენტთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ზიანი მიაყენა მის მორალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, და პირად ცხოვრებას“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მეათე მუხლი არ დარღვეულა. სასამართლომ ასევე იმსჯელა ჩარევის პროპორციულობაზე და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობა, რომლის გადახდა განმცხადებელს დაეკისრა მოსარჩელეებისთვის, არ იყო გადაჭარბებული.
„არ არსებობს საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გადააჭარბეს მათზე მინიჭებული უფლებების ზღვარს. აქედან გამომდინარე, სასამართლო ადასტურებს, რომ გასაჩივრებული ჩარევა არ იყო არაპროპორციული კანონიერ მიზანთან და შესაბამისად, ის შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც "აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში" კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,“ - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე