02.05.2015
2015-05-02 30 აპრილს ტელეკომპანია "იმედის"
საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი 2012 წელს ლოპოტის
ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.
როგორც წამყვანი აცხადებს, სიუჟეტში
გამოყენებულია “ლაფანყურის ხმაურიან სპეცოპერაციას ცოცხლად
გადარჩენილი და ამჟამად უკრაინაში მყოფი მანსურ შუდინოვის მიერ
გავრცელებული ვიდეომიმართვა”.
მიმართვაში შუდინოვი ამბობს, რომ ჩეჩნეთში
გადასვლის მიზნით მოჯაჰედები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან
საქართველოში დოკუ უმაროვის წარმომადგენლებმა, ახმედ ჩატაევმა და
ახმედ უმაროვმა, ჩამოიყვანეს. შუდინოვის თქმით, ამის შესახებ ყოფილი
ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმირებული იყვნენ. ვიდეომიმართვის
ავტორის მტკიცებით, მათ დაჯგუფების წევრებს ყველა პირობა შეუქმნეს:
“პანკისის ხეობაში 2 კვირის განმავლობაში ვცხოვრობდით. როდესაც
ლაფანყურში ჩეჩნეთში გადასვლისთვის წავედით, ადგილზე თბილისიდან
ჩამოყვანილი სხვა პირებიც დაგვხვდნენ, რომლებიც ჩვენთან ერთად
ჩეჩნეთში უნდა გადმოსულიყვნენ. ადგილზე გადაყვანისთვის სოლიდური
თანხები დაიხარჯა. ხეობაში ჩვენი ყოფნის შესახებ საქართველოს ყოფილმა
ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა. მათ გადასვლისთვის ყველა პირობა
შეგვიქმნეს”.
მიმართვაში შუდინოვი კონტრტერორისტული ცენტრის
კახეთის სამმართველოს ყოფილ უფროსზეც საუბრობს: “სანდრო ამირიძე
გამოჩნდა. მან ქისტები იცნო და ერთმანეთს მიესალმნენ. ამირიძემ თქვა,
რომ უნდა დავბრუნებულიყავით უკან, რადგან ინფორმაციამ გაჟონაო. ჩვენ
არსად წასვლას არ ვაპირებდით, სჯობდა ჩვენი თავი ადგილზე
დაეხოცათ”.
სიუჟეტში არის შუდინოვის ბრალდების ადრესატის,
ახმედ ჩატაევის, სატელეფონო კომენტარი. ჩატაევი შუდინოვის ბრალდებებს
უარყოფს და ამბობს, რომ იმაში, რაც ლაფანყურში მოხდა, დამნაშავე არ
არის.
გარდა ამისა, სიუჟეტში ჩაწერილია უმარ
იდიგოვის, კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის,
კომენტარიც. ის ადასტურებს, რომ მანსურ შუდინოვი შეიარაღებული
დაჯგუფების წევრი მართლაც იყო და ამ დაჯგუფების და მათი გეგმების
შესახებ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დეტალური ინფორმაცია
ჰქონდათ: “რამდენადაც მე ვიცი, ეს იყო ვანო მერაბიშვილის პროექტი,
ოპერაციას კი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. თვითონ განსაჯეთ,
დამოუკიდებლად ხომ ვერ ჩამოვიდოდნენ ასე თამამად ან იარაღს სად
იშოვიდნენ? იარაღი სწორედ საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ
მისცათ”.
სიუჟეტში ჩაწერილია სპეცოპერაციის დროს
დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლის, ბაჰაუდინ ალდამოვის მამა, რომელიც
აცხადებს, რომ გაჭიანურებული გამოძიების გამო მოსახლეობა იძულებულია
სასამართლო “საკუთარი ტრადიციების და წესების დაცვით ჩაატაროს”.
ალდამოვი ხელისუფლებას მიმართავს და სპეცოპერაციის დროულად გამოძიებას
ითხოვს.
2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში
ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 9 ადამიანი დაიღუპა.
ეთერში გასულ სიუჟეტში არ ჩანს, რა ეტაპზეა
ამჟამად გამოძიება, არ არის მოყვანილი ყოფილი და ახლანდელი
ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია შუდინოვის და იდიგოვის
ბრალდებებზე, არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის ან ბრალდების
პოზიცია. არსად ჩანს, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტის დაბალანსებისთვის
სხვადასხვა მხარის კომენტარის ან დამატებითი ინფორმაციის მოძიება
სცადა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის
თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების
უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში
აღნიშნულია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან
საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა
ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი
ინფორმაცია.