02.12.2015
Geworld.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია
სათაურით „ერდოღანი-2015 _ ეს არის სააკაშვილი-2008 და
პოროშენკო-2014“, რომელიც თურქოფობიის ნიშნებს შეიცავს.
ავტორი თურქეთისაგან მტრის ხატს
ქმნის: „თურქეთი უწინდებურად განაგრძობს საქართველოს დაპყრობას
ეკონომიკურად _ ენერგეტიკასა და ეკონომიკაში, სამშენებლო, სასტუმრო და
სარესტორნო ბიზნესებში ჩანერგვით, ქართული ბაზრის მავნე პროდუქტებითა
და უხარისხო საქონლით შევსებით. ქართველი ქალები გაჰყავთ თურქეთში,
სადაც ისინი პროსტიტუციითა და მოსამსახურეობით შოულობენ ლუკმაპურს.
თურქებს არ უყვართ საქართველო და ქართველები, მაგრამ უყვართ ქართველი
ქალები“ - ვკითხულობთ სტატიაში.
ჟურნალისტი რუსეთის საქართველოს
მოკავშირედ წარმოჩენის მიზნით ირწმუნება, რომ „საქართველოში თურქეთის
გეგმებისთვის ხელის შეშლა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, როგორც ეს გააკეთა
1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატით“.
„თურქებს არასოდეს უყვარდათ
ქართველები და არც შეიყვარებენ - ქართული მართლმადიდებლური კულტურა
იყო და რჩება მათთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად. ისინი საუკუნეების
განმავლობაში ანადგურებდნენ ქართველებს და ამას კვლავაც აგრძელებენ
ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოლოდინში. 2021 წელს კი
თურქები იმედოვნებენ, რომ აამოქმედებენ თავიანთი გენშტაბის საიდუმლო
გეგმას, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 10 წლის წინათ გვაფრთხილებდა
ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია“ - ვკითხულობთ
სტატიაში.
თურქოფობიის წახალისების საფრთხეს
შეიცავს “Geworld”-ის მიერ გამოქვეყნებული სხვა სტატიაც -
„ბუღა-თურქობის ღია დასაწყისი საქართველოში, ანუ ლაშას ლავაში, ნიკას
ვენახი და თინას ოცდამეერთე“.
„ლაშა ბუღაძე, უფრო სწორად
„ნიკაგვარამიები“, „ლაშაბუღაძეები“, „თინახიდაშელები“ იმას კი არ
საყვედურობენ ქართველ ხალხს, რუსეთს, ანუ აგრესორს რატომ ემხრობითო,
არა! მათი საყვედურის ძირითადი მიმართულება არის ის, თუ რატომ
ვუყურებთ ჩვენ უნდობლად თურქეთს და როგორ ვბედავთ, რომ ოსმალთა
იმპერიას ერთგულებას არ ვეფიცებით“ - წერს ავტორი.
ჟურნალისტი იშველიებს საქართველოს
„ისტორიულ გამოცდილებას“, უწოდებს თურქ ხალხს „თურქ-სელჩუკებს“,
„პან-ოსლამურ იმპერიას“: „ოსმალთა სასარგებლო არგუმენტს კი, ანუ იმას,
რომ “თურქეთი ნატოს წვერია” მოქნილად იყენებენ იმის დასამტკიცებლად,
თითქოს პან-ოსმალური იმპერია საქართველოს არაფერს დაუშავებს და ეს
მხოლოდ რუსეთის იმპერიის პროპაგანდის გავლენაა“.
თურქოფობიის ნიშნებს შეიცავს
აგრეთვე Geworld-ის ჟურნალისტის ინტერვიუ გელა ხუციშვილთან - „თურქეთს
მითვისებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული
კილომეტრი თავისი მოსახლეობით“.
„როდესაც ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს მითვისებული აქვს საქართველოს
ტერიტორიის 23 ათასი კვადრატული კილომეტრი თავისი მოსახლეობით“, - ასე
უპასუხებს რესპონდენტი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ „ვის აძლევს ყარსის
ხელშეკრულების დენონსაცია ხელს“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის მე-7 მუხლის მიხედვით, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ
დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა
იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე
სხვა ნიშნით“.