20.02.2016
ქმრისა და შვილის მკვლელობაში
ბრალდებული ქალის საქმე მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ
მოექცა. 19 თებერვალს ამბის საინფორმაციო საბაბი პროკურატურის მიერ
მტკიცებულებათა ნაწილის გასაჯაროება გახდა. საგამოძიებო უწყების მიერ
ანგარიშის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა იურისტებისა და უფლებათა
დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასებები. მათი ნაწილი
ამბობდა, რომ მტკიცებულებების ამ ფორმით გასაჯაროება არსებითად
ზღუდავს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას. პროკურატურის მიერ
გამოქვეყნებული მტკიცებულებების კრიტიკა და იურისტების არგუმენტები
ვერ მოხვდა რამდენიმე ტელეარხის მიერ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებში.
თუმცა ახლო ხედით ვიხილეთ სისხლიანი ბალიშისა და ზეწრების კადრები,
ჟურნალისტების თავდაუზოგავი მცდელობა, რომ გარდაცვლილის დედისგან
კომენტარი მოეპოვებინათ, მედიასაშუალებების ნაწილმა ქალი „ქმრის
მკვლელად“ გამოაცხადა.
„მაშინ, როდესაც გამოძიება ჯერ
კიდევ გრძელდება და საქმის წინასასამართლო განხილვა არ დაწყებულა,
ამგვარი ინფორმაციის და დასკვნების გასაჯაროვება მთლიანად აზრს აცლის
ბრალდებულის ისეთ უმნიშვნელოვანეს უფლებებს, როგორიცაა უდანაშაულობის
პრეზუმფცია, უფლება, საქმე განხილულ იქნეს დახურულ სხდომაზე და/ან
ბრალდებულის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა....ამასთან,
იმპერატიული ტერმინოლოგიის გამოყენება და საზოგადოებრივი აზრის
ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ ფორმირება, პრობლემურია
არამხოლოდ კონსტიტუციური უფლებების რეალიზების კუთხით. გაჟღერებულმა
ინფორმაციამ შესაძლოა, არსებითი საფრთხე შეუქმნას როგორც თავად
ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობასა და
უსაფრთხოებას. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა
ბრალდებულის განცხადებით, ის ერთხელ უკვე გახდა არასათანადო მოპყრობის
მსხვერპლი“, - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20:23
წუთზე გამოაქვეყნა.
დღის განმავლობაში გავრცელდა
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის (კონსიტუციის 42-ე ხული,
ადამიანის უფლებათა ცენტრი) დაახლოებით მსგავსი შინაარსის
კომენტარები, სადაც ისინი პროკურატურას მტკიცებულებების გასაჯაროების
გამო აკრიტიკებდნენ და ხსნიდნენ იმ საფრთხეს, რაც საქმეზე სამართლიანი
მართლმსაჯულების განხორციელებას შეიძლება დაემუქროს.
ტელეკომპანია„იმედის“და„ჯიდიესის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში
თემაზე მომზადებულ მასალებში ეს კუთხე წარმოჩენილი საერთოდ არ
ყოფილა.
პრობლემა იყო პროკურატურის ვერსიის
უტყუარი ფაქტების სახით წარმოჩენა, თემის სკანდალურ, სენსაციურ
კონტექსტში გაშუქება და მედიის მიერ ბრალდებულისთვის „გამამტყუებელი
ვერდიქტის“ გამოტანა.
„მასალები, რომლებიც ქმრის და
შვილის მკვლელობისთვის დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს
(...)თბილისში ცოტა ხნის წინ მომხდარი შემზარავი დანაშაული დღეს კიდევ
ერთხელ ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, პროკურატურის მიერ
გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ქმარ-შვილის მკვლელობისთვის
დაკავებული გოგონას ბრალეულობას ადასტურებს“, - ასეთი იყო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ,მთავარი საინფორმაციო გამოშვების
წამყვანის შესავალი ტექსტი.
თავად სიუჟეტში კი დეტალურად
მოვისმინეთ პროკურატურის ვერსიაც და ახლო ხედით ვნახეთ სისხლიანი
ბალიში და ზეწრები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ისიც გვაჩვენა, როგორ
არ სურს მოკლული მამაკაცის ოჯახს მედიისთვის კომენტარის მიცემა....
„უბრალოდ გადი, წადი, გეხვეწები... არ მაინტერესებს. მერე რომ
გამოაქვეყნა, რაღა გინდათ“ - ეუბნება გარდაცვლილის ძმა ჟურნალისტს...
სიუჟეტში ბრალდებულის დაც არის ჩაწერილი, რომელიც ამბობს, რომ არ
ეთანხმება გამოძიების ვერსიას.
ტელეკომპანია „იმედისა“ და
„2030-სგან“ განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში იურისტების და უფლებადამცველების
არგუმენტები პროკურატურის მიერ მტკიცებულებების გამოქვეყნებასთან
დაკავშირებით ვრცლად იყო წარმოჩენილი.
პროკურატურის ვერსია პირდაპირ,
უტყუარი ფაქტების სახით წარმოგვიდგინა “TV პირველმა” 17:00 იან
გამოშვებაში. “უროთი მოკლული ქმარი“ - ასე დასათაურებულ მასალაში
ჟურნალისტი ამბობს: „საგამოძიებო უწყების მიერ ფოტო და ვიდეო
მასალებში დეტალურად აღწერილია 19 დეკემბრის ღამის საათები, ქალაქ
თბილისში მაგდა პაპიძემ მკვრივი ბლაგვი საგნის, უროს თავის არეში
ჩარტყმით მოკლა მეუღლე და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. ბრალდებულმა
სცადა კვალის დაფარვა და დანაშაულის ადგილიდან გაიტანა
ნივთმტკიცებები“.
პროკურატურის მიერ გავრცელებული
ჩანაწერის შესახებ კი წამყვანი ამბობს: „ბრალდებულ პაპიძის დღიურში
ჩანაწერის საფუძველზე საგამოძიებო უწყებას აქვს მტკიცე საფუძველი
იფიქროს, რომ ქმარ-შვილის მკვლელობა და დანაშაულის კვალის წაშლა
პაპიძეს განზრახული ჰქონდა“. (სავარაუდოდ, წამყვანი პროკურატურის
განცხადებიდან კითხულობს ამონარიდს, თუმცა მითითება იმის შესახებ, რომ
ეს პროკურატურის განცხადებაა, არსად ჩანს, შესაბამისად,
მაყურებლისთვის ისე აღიქმება, რომ ჟურნალისტი მკვლელობასთან
დაკავშირებით თავის პოზიციას გვიზიარებს)
ამავე მასალაში თითქმის ერთი წუთის
განმავლობაში გვიჩვენეს, როგორ ამბობს უარს მოკლულის ოჯახი
ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემაზე. „არ ვიცი, არ მომისმენია
არაფერი“ - ამბობს დედა და ჟურნალისტს კარს უხურავს, მაგრამ ის
დახურულ კარს მიღმა ისევ განაგრძობს კითხვების დასმას: „პროკურატურამ
გამოაქვეყნა მტკიცებულებები, თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ“. შემდეგ
კადრში გარდაცვლილის ძმა ჩნდება, რომელიც ჟურნალისტს სთხოვს გაწიოს
კამერა, გადაღება მაინც გრძელდება და ჟურნალისტი ისევ ცდილობს
კითხვებზე პასუხის მიღებას.
ამავე არხის 20:00-იან გამოშვებაში
დაახლოებით მსგავსი ტიპის მასალა ვიხილეთ. თუმცა იმ განსხვავებით, რომ
აქ უკვე საიას განცხადება წამყვანმა საკუთარ ტექსტში მოკლედ გაგვაცნო,
აღნიშნა, რომ საიას აზრით, მტკიცებულებების გამოქვეყნება აზარალებს
ბრალდებულის უფლებას... თუმცა რატომ აზარალებს, რას აზარალებს
კონკრეტულად - განმარტებული არ ყოფილა. თემა ისევ პროკურატურის
კომენტარებით გაგრძელდა.
რუსთავი ორის სიუჟეტი კი,
ზემოგანხილული მასალებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სიუჟეტში
პროკურატურის მიერ გავრცელებული მტკიცებულები დეტალურად არ
მიმოუხილავთ. მასალის მთავარი ფოკუსი იყო არა ის, რა გაავრცელა
პროკურატურამ, არამედ ის, რატომ გაავრცელა და შეუშლიდა თუ არა ეს
ფაქტი ხელს საქმის სასამართლო განხილვასა და საბოლოო ვერდიქტს.
მასალაში ვრცლად, გასაგებად და ამომწურავად იყო წარმოჩენილი
იურისტების არგუმენტები. ამავე მასალაში, საინტერესო დეტალია
პროკურორის მოკლე სინქრონი და ჟურნალისტის კონტრშეკითხვები, რომლებსაც
ის რესპონდენტს უსვამს. ამ მოკლე დიალოგით ნათლად გამოჩნდა, რომ
ჟურნალისტი კარგად იყო მომზადებული.
პროკურორი ამბობს, რომ
მტკიცებულებების გასაჯაროება ხელს არ შეუშლის ნაფიცი მსაჯულების მიერ
საქმის განხილვას. სინქრონში ისმის "რუსთავი 2 ის"- ჟურნალისტის
კონტრშეკითხვები: „მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა ხომ არ უნდა იცოდნენ
მტკიცებულებები?“ რაზეც პროკურორი პასუხობს, რომ ნაფიცი მსაჯულები
მტკიცებულებებს ყველა შემთხვევაში გაეცნობიან, ისე გადაწყვეტილებას
ვერ მიიღებენ... აქვე ჟურნალისტი აზუსტებს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა
მტკიცებულებები სასამართლო დარბაზში, სასამართლო მოსმენისას უნდა
მოისმინონ და არა მანამდე.