23.03.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭომ ის მასალები განიხილა, რომელიც “გევორქიანის ცეკვის აკადემიის”
მიერ ქართული ცეკვის შესრულების შესახებ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა
„2030 -მა“ და ვებგვერდმა Artinfo.ge -მ მოამზადეს.
საქმის განხილვა მოქალაქეების,
ელენე მეჩიტოვას, ინა სუკიასიანის და ედიტა ბადასიანის განცხადების
საფუძველზე დაიწყო. განცხადებას კი წინ უძღვოდა საზოგადოების ფართო
დოსკუსია, რომელიც თებერვალში ანონიმური ავტორის მიერ YouTube-ზე
ვიდეოს ატვირთვამ გამოიწვია. კადრებში ჩანდა, რომ „გევორქიანის ცეკვის
აკადემია“ ასრულებს ცეკვა "დაისს", ვიდეოს სახელწოდებად კი მითითებული
იყო „სომხური საქორწილო ცეკვა“. საზოგადოებამ ეს ფაქტი "სომხების მიერ
ქართული ცეკვისა და სიმღერის მოპარვად" აღიქვა. ამ ჭრილში მოამზადა
სიუჟეტი „2030-მა“, Artinfo.ge -მ კი რამდენიმე მასალა
გამოაქვეყნა.
როგორც მოგვიანებით, თავად
„გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერ გავრცელებული წერილით ირკვევა,
ვიდეო არ ატვირთულა „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“ მიერ. იქვე
განმარტებულია, რომ “გევორქიანის ცეკვის აკადემია” ამერიკის შეერთებულ
შტატებში მოღვაწეობს, მის რეპერტუარში შედის სხვადასხვა ქვეყნის
ცეკვები. ოფიციალურ განცხადებაში აკადემიამ აღინიშნა, რომ მას
არავითარი საერთო არ აქვს ვიდეოს გამავრცელებელთან, ვიდეო აიტვირთა
მათი თანხმობის გარეშე და ყველა გამოსვლისას ისინი ამცნობენ
საზოგადოებას, რომელი ქვეყნის ცეკვას ასრულებენ.
ქარტიის საბჭომ განმცხადებლებთან
ერთად იმსჯელა სადავო სიუჟეტზე. „2030-ის“ წარმომადგენლები სხდომას არ
დასწრებიან. მასალის განხილვის შემდეგ, საკუთარ გადაწყვეტილებაში
საბჭომ აღნიშნა, რომ სიუჟეტიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს
„სომხურმა ცეკვის ანსამბლმა“ ცეკვა „დაისი“ მიითვისა და ის „სომხურ
საქორწინო ცეკვად“ გამოაცხადა. ანსაბმლიც მოხსენიებული იყო არა ზუსტი
დასახელებით „გევორქიანის ცეკვის აკადემია“, არამედ წევრების ეთნიკურ
წარმომავლობაზე ხაზგასმით - “სომხური ცეკვის ანსამბლი“.
ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილების
თანახმად, სიუჟეტის ავტორს არ გადაუმოწმებია ინფორმაცია, „დაისის“
შესრულებისას „გევორქიანის ცეკვის აკადემია“ მოიხსენიებდა თუ არა მას
სომხურ ცეკვად.
„ჟურნალისტს ყურადღება უნდა
მიექცია იმ ფაქტობრივი გარემოებისადმი, რომ „დაისის“ შესრულების ვიდეო
ატვირთული იყო ანონიმური ავტორის მიერ და ვიდეოს სახელწოდებაც,
„სომხური საქორწილო ცეკვა“, ამ ავტორის მიერ იყო შერჩეული. თავის
მხრივ YouTube-ი არ ზღუდავს მომხმარებლებს სახელის შერჩევაში. ამ
ფაქტობრივი გარემოებების შედეგად ცხადი იყო, რომ ანონიმური ავტორის
მიერ ვიდეოს სახელწოდებად „სომხური საქორწინო ცეკვის“ გამოყენება არ
ნიშნავდა, რომ „გევორქიანის ცეკვის აკადემიამ“ დაისი მიითვისა ან
ცეკვას ავრცელებდა როგორც „სომხური საქორწინო ცეკვა“ - აღნიშნულია
საბჭოს გადაწყვეტილებაში.
საბჭომ ასევე იმსჯელა სიუჟეტის
ბოლოს ჟურნალისტის მიერ ნათქვამ ფრაზაზე – „გაგრძელდება თუ არა დავა“,
რითიც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს არსებობს გარკვეული დავა:
„იმის გათვალისწინებით, რომ არ არის იდენტიფიცირებული ვინ ასრულებს
ცეკვას, ნამდვილად ხდება თუ არა ცეკვის წარდგენა როგორც „სომხური
საქორწინო ცეკვა“, ვინ ფლობს ცეკვაზე საავტორო უფლებებს და საერთოდ
ფლობს თუ არა, დავაზე საუბარი არ შეესაბამებოდა რეალურ ფაქტს....“ -
ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.
სადავო სიუჟეტში რამდენიმე
რესპონდენტი საუბრობდა, რომელთა კომენტარებზე ასევე იმსჯელა საბჭომ და
თქვა, რომ ისინი „ფაქტის შეფასებისას აშკარად ამჟღავნებენ
დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით“. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა,
მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რომ ჟურნალისტმა თავად არ გამოიყენოს
დისკრიმინაციის შემცველი ტერმინოლოგია, არამედ ხელი არ უნდა შეუწყოს
დისკრიმინაციის წახალისებას და გაემიჯნოს მას: „იმის გათვალისწინებით,
რომ ფაქტი იყო არაზუსტი და რეალურად დაისის „მითვისება“ არ მომხდარა,
სიუჟეტის მომზადებამ აქცენტით “ქართული ცეკვა სომხურად?!“ და
„მითვისების“ რეალურ ფაქტად გავრცელებამ გამოიწვია ეთნიკური
დისკრიმინაციის ტალღა, როგორც სოციალურ ქსელებში, ისე სხვადასხვა
საინფორმაციო ველებში. არასწორ ინფორმაციაზე დარყდნობით გაძლიერდა
ეთნიკურად სომეხი პირების მიმართ დისკრიმინაციული
დამოკიდებულება“.
აღსანიშნავია, რომ სადავო მასალის
გარდა, ამავე თემაზე „2030-მა“ კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც
მაყურებელს სრულად გააცნო „გევორქიანის ცეკვის აკადემიის“
ხელმძღვანელის განმარტება, სადაც ვართან გევორქიანი აღწერს
გარემოებებს და გამორიცხავს ცეკვა „დაისის“ მითვისებას. მიუხედავად
ამისა, საბჭომ მიიჩნია, რომ შესწორება არ მომხდარა, ვინაიდან მეორე
სიუჟეტში არ აღნიშნულა, რომ წინა დღეს არასწორი ინფორმაციის შემცველი
სიუჟეტი გავიდა ეთერში. ქარტიის საბჭოს განმარტებით, იმისათვის, რომ
შეცდომა გამოსწორებულად ჩაითვალოს, საჭიროა შეცდომაზე ხაზგასმა და
მითითება, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა
სიმართლეს.
შესაბამისად, ქარტიის საბჭომ
მიიჩნია, რომ დაირღვა შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე) მეხუთე
(შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ
ამ თემაზე Artinfo.ge - ს მიერ მომზადებულ სტატიებშიც დარღვეული იყო
ეთიკის სტანდარტები, საბჭომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა:
"ამ შემთხვევაში იკვეთება
დისკრიმინაციის მკვეთრად გამოხატული ფორმა. თუ „2030-თან“
დაკავშირებით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჟურნალისტმა თავიდან არ აიცილა
დისკრიმინაციის წახალისება, „ARTINFO.GE-ს“ ნაწილში თავად ავტორი
ჟურნალისტი გვევლინება დისკრიმინაციის წყაროდ. სტატიის სათაურად
გამოტანილია: „სომხების ბოდიში ქართველებს“, რაც როგორც უკვე
აღინიშნა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მხოლოდ იწვევდა ეთნიკური
დაპირსპირების პროვოცირებას. თითქოს ერთი ეთნიკური ჯგუფი, მეორე ჯგუფს
ბოდიშს უხდის. „ARTINFO.GE-ს“ ასევე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე
გაავრცელა კონკრეტული პირების სტატუსები, რომლებიც არასწორი ფაქტის
შეფასებისას იყენებდნენ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას – „ბოდიში
მოუხადონ ქართველ ერს“ , „მოსთხოვეთ პასუხი ქურდბაცაცებს“.
შესაბამისად artinfo.ge-ს
შემთხვევაშიც საბჭომ ქარტიის პირველი, მეხუთე და მეშვიდე მუხლების
დარღვევა დაადგინა.