საქართველოში „სოდომიისა და ლესბოსელობის“ დაშვებაზე „სპუტნიკ საქართველომ“ დეზინფორმაცია გაავრცელა
27.02.2017
რუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" ქართულმა ფილიალმა, 21 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია დეზინფორმაციული სათაურით “საქართველოში შესაძლოა დაუშვან ლესბოსელობა და სოდომია”. სტატია „სპუტნიკ საქართველოს“ ვებგვერდზე რუსულ ენაზე ამ სათაურით იყო ხელმისაწვდომი 27 თებერვლის დილამდე, თუმცა, ამჟამად მისი სათაურია „საქართველოში ქალთა წინდაცვეთის აკრძალვა სურთ“.

სტატია მთლიანად ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე თავად კანონპროექტშიც დეტალურადაა მითითებული დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, „სპუტნიკ საქართველოს“ აღნიშნული ინფორმაცია მკითხველისთვის მიწოდებული აქვს არასწორი ინტერპრეტაციით.

ზემოაღნიშნული ცვლილებების მიზანია, საქართველოს კანონმდებლობა მოვიდეს ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ მიღებულ კონვენციასთან (ე.წ. სტამბულის კონვენცია). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საჭიროა ამ კონვენციის რატიფიცირების დასრულებისთვის.

კერძოდ, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია, ასევე, მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. კანონპროექტის მიხედვით იკრძალება ქალების სასქესო ორგანოების დამახინჯება რიტუალური მოტივით, ასევე, ადევნება, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება ძალადობა ოჯახის წევრის წინააღმდეგ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ „სპუტნიკ საქართველომ“ დეზინფორმაციული სათაური შეცვალა, სტატიაში მსგავსი ინფორმაცია მაინც არის შემორჩენილი. კერძოდ, ერთ-ერთ აბზაცში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის კოდექსიდან ქრება სასჯელი სოდომიისთვის, ლესბოსელობისთვის, ან გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტისთვის“.

ისევე, როგორც სტატიის პირვანდელი სათაური, აღნიშნული ინფორმაციაც მცდარია, რადგან საქართველოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 2000 წელს მოხდა, სწორედ მას შემდეგ არ მიიჩნევა ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად. ახლანდელ კანონმდებლობაში კი მსგავსი ჩანაწერი საერთოდ არ არის, შესაბამისად, კანონმდებლებმა რომც მოინდომონ, ცხადია, არარსებულ ნორმას ვერ გააუქმებენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ