როგორ აშუქებს ონლაინმედია პრეზიდენტ მარგველაშვილს
25.04.2017
რამდენიმე ონლაინგამოცემა პრეზიდენტ მარგველაშვილს მკვეთრად უარყოფით კონტექსტში აშუქებს. სტატიებს ხშირად თან დამამცირებელი ფოტომანიპულაციებიც ერთვის.

პრეზიდენტის გაშუქებისას მუდმივად მეორდება რამდენიმე გზავნილი, რომლებიც უარყოფითად წარმოაჩენს გიორგი მარგველაშვილს:

„პრეზიდენტი ხალხს არ აურჩევია“; „პრეზიდენტის ოჯახის წევრები კრიმინალები არიან“; „პრეზიდენტი უუნარო და ფუნქციებწართმეულია“.

1. „პრეზიდენტი ხალხს არ აურჩევია“

ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც ონლაინმედიის ნაწილი პრეზიდენტის შესახებ ავრცელებს, არის ის, რომ მარგველაშვილი უუნაროა და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის „ხათრით არჩეული“:

„დედამიწის ზურგზე არ არსებობს ორგანიზაცია, პიარმენეჯერი ან სპონსორი, რომელიც მარგველაშვილს ან ვინმეს მისი გვარიდან საქართველოს პრეზიდენტად გახდიდა, ამის გაკეთება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომელიც პარტიაც იყო („ქართული ოცნება“), სპონსორიც, პიარმენეჯერიც და მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსიც“, - წერია „საქინფორმზე“ 31 მარტს გამოქვეყნებულ მასალაში.

სტატიაში სხვა არაერთი საყურადღებო დეტალიცაა, განსაკუთრებით კი, მასალის ბოლოს, რედაქციის სახელით მინაწერი ორი აბზაცი, საიდანაც ირკვევა, რომ თურმე „საქინფორმი“ ბიძინა ივანიშვილის „თხოვნას“ ითვალისწინებს ხოლმე:

„2013 წელს, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისას, ქართულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „საქინფორმმა“, ბიძინა ივანიშვილის თხოვნის გათვალისწინებით, უპრეცედენტო და უანგარო საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია მარგველაშვილს. პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, როცა გიორგი ისევ გახდება სიმპათიური ადამიანი - მხიარული და ჭკვიანი თბილისელი, პოლიტიკური კონიუნქტურისაგან თავისუფალი, სამართლიანი და გულისხმიერი ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების მიმართ, ჩვენ კვლავაც მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ მას ახალ და აუცილებლად სასიკეთო წამოწყებებში“, - ნათქვამია სტატიის ბოლოს.

პრეზიდენტი მარგველაშვილი „ხათრით არჩეულად“ და ბიძინა ივანიშვილის „გაპრეზიდენტებულად“ მოიხსენიება „tb24.ge-ს“ არაერთ მასალაში: „ხათრით არჩეული ე.წ. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი წამოწყებული შოუ- კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, ამჯერად გორში მართავს შეხვედრებს“, - ასე იწყება 24 მარტს „tb24.ge“ გამოქვეყნებული მასალა. ავტორი პრეზიდენტის უფუნქციობასაც უსვამდა ხაზს და მარგველაშვილს „ე.წ პრეზიდენტად“ მოიხსენიებდა: „ე.წ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მის პოზიციას საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი წონა აქვს და ალალად სჯერა, რომ თავისი არაფრისმომცემი ვეტოს ტყლაშუნით თუ მისამძიმრების შემორჩენილი ფუნქციით, ქვეყანაში პოლიტიკურ "ძალთა ბალანსს აწონასწორებს“. 24 მარტს ამავე გამოცემამ გიორგი მარგველაშვილი უარყოფით კონტექსტში კიდევ ერთ მასალაში მოიხსენია, სათაურით „პრეზიდენტი და ციანიდი პოსლეზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი „ციანიდის საქმეს“ შეეხებოდა, ავტორი შიგადაშიგ გიორგი მარგველაშვილსაც იხსენიებდა და წერდა, რომ „ციანიდი პოსლეზე“ კი გასაკვირია, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ პრეზიდენტი აირჩია „პოსლეზე“, აღარაფერი უკვირს: „პრეზიდენტი ავირჩიეთ „პოსლეზე“, ბოლოს და ბოლოს...“- ნათქვამია სტატიაში.

„მკვლელობის იარაღი „პოსლეზე“ - აღარ გამიგია... ციანიდი - „პოსლეზე“ აღარ გამიგია...ქინაქინიც კი ვერ ვიშოვნე „პოსლეზე“...მარტო მარგველაშვილს გაუმართლა - ეგ მართლა ავირჩიეთ „პოსლეზე...“ - ეს სიტყვები არაერთხელ მეორდება ტექსტში.

„ხომ ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად პიროვნულად არავის არ აურჩევია. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომლის სახელი და გვარი იყო გიორგი მარგველაშვილი“, - გოგა ხაინდრავას ეს სიტყვები „tb24.ge-მ“ 6 მარტს გამოაქვეყნა.

31 მარტს „geworld.ge-ზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში კი გიორგი მარგველაშვილზე ვკითხულობთ: „2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა “აიღო” და საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა, მარგველაშვილსაც არ უთქვამს უარი “გონებაჩლუნგი” და “დებილი” ერის პრეზიდენტობაზე და… მივიღეთ კიდევ ერთი უსაქმური მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც მოწყენილობისგან ქსოვას დაანება თავი და მიზანმიმართულად დაიწყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება“.

„პარადოქსი არის ის, რომ მარგველაშვილს ხალხმა ერთადერთი მიზეზით მისცა ხმა _ ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით და თუ მის გამო ივანიშვილიც იმედგაცრუებულია (და ასეც არის), გამოდის, რომ პარლამენტისგან ისედაც უფლებაყრილი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ნულის ტოლია“, - წერია იმავე ტექსტში.

2. „პრეზიდენტის ოჯახის წევრები კრიმინალები არიან“

ონლაინგამოცემების ერთი ნაწილი აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიორგი მარგველაშვილს კრიმინალური გარემოცვა ჰყავს, მათი დაუსჯელობა კი პრეზიდენტის გავლენითაა გამოწვეული.

„პრეზიდენტობა – მარგველაშვილის კრიმინალური გარემოცვის იმუნიტეტი: სიძე, ცოლის ძმა, შვილის მეგობარი…“ - ამ სათაურის მასალას „geworld.ge-ზე“ წაიკითხავთ. „ვინ არის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური, პირველი ლედის ძმა და შვილის მეგობარი, საიდან მომდინარეობს დაუსჯელობის ეს სენი და რა კრიმინალური წარსული იმალება მათ უკან? უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს „პრეზიდენტის შეწყალების“ უფლებამოსილება?“ - ეს კითხვა „საქართველო და მსოფლიომ“ 28 მარტს დასვა. სტატიაში კი ავტორი დეტალურად მიმიოხილავდა პრეზიდენტის ოჯახის წევრების ნასამართლეობის საკითხს:

„სამჯერ ნასამართლევმა ცოლისძმამ 17 წლის ნაცვლად 3 წელი გაატარა ციხეში და ბედად, ცოლის ძმის გაპრეზიდენტებამაც მოუსწრო. პრეზიდენტმაც შეიწყალა… აბა, სიძე რის სიძეა?!“- წერს ავტორი.

ანალოგიური შინაარსისაა „საქინფორმის“ სტატიაც, „მარგველაშვილის კრიმინალი სიძის მეგობარი ნარკოტიკებისთვის დააკავეს - საქართველოს პრეზიდენტის ოჯახი ახალ სკანდალში გაეხვა!“ და „tb24.ge-ს“ მასალა - დანიანი პოლიციელები, მიშო, მინდია და პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიმინალი ოჯახი.

3. „პრეზიდენტი უუნარო და ფუნქციებწართმეულია“

„გამოვიდა, იბოდიალა, მიედ-მოედო, იჩირთიფირთა, ვერც ისა თქვა, ვერც ესა თქვა, არც იქით იყო, არც აქეთ..ჰეეეე, მარგველ, მიდი, ჩაი დალიე, ფისი ქენი, დაიძინე!“ - ვკითხულობთ „tb24.ge-ს“ მორიგ მასალაში.

გიორგი მარგველაშვილის უნარებით და სარგებლიანობით „საქართველო და მსოფლიოც” დაინტერესდა. „რა სარგებლობა მოაქვს საქართველოს პრეზიდენტს? ანალოგიურ კითხვაზე უკვე ვიცით ცნობილი ქართული კინოფილმის _ “იმერული ესკიზების” პერსონაჟი ბიჭუნას პასუხი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ორიოდე წლის წინ დაგვიდასტურა თავისი მდიდარი სექსუალური გამოცდილებისა და მისი ამ მხრივ სარგებლიანობის შესახებ,“ - წერს „საქართველო და მსოფლიო“ 31 მარტის მასალაში.

„გიორგი მარგველაშვილის გამო, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს, ალბათ, ჩინჩვლის უფლებაც ჩამოერთმევა“, - წერია ამავე ტექსტის ბოლოს.

ყველაზე „კრიტიკული,“ ალბათ, მაინც „თბილისი 24-ის“ 17 მარტის მასალა იყო, სადაც ავტორი პრეზიდენტს ასე მიმართავდა: „თქვენ ხართ სასჯელი ყველა ჩვენი ცოდვისათვის, თქვენ ხართ ჩვენი მოუშორებელი ჭირი, თქვენ ხართ ჩვენი მტრების მეგობარი, თქვენ ხართ ცრუ ფილოსოფოსი, თქვენ ხართ ჩვენი საღათა, ძილისგუდა საღათა, თქვენ ხართ ფსევდოდემოკრატი, ფსევდოპრეზიდენტი, ფსევდოგულმოწყალე, ფსევდოგულუხვი, ფსევდოგანათლებული... „გაგშიფრეთ“, ბატონო პრეზიდენტო... „დაგასტუკეთ“, ბატონო პრეზიდენტო...“

გიორგი მარგველაშვილის შესახებ ზემოხსენებულ გამოცემებში, ფაქტობრივად, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში იწერება. გაუგებარია, რატომ გვთავაზობს ჟურნალისტი თავის პირად დამოკიდებულებებს სიახლეებში. გამოცემების მიერ პრეზიდენტის გაშუქება ცდება კრიტიკის გონივრულ ზღვარს და არცთუ იშვიათად, გადადის პირად შეურაცხყოფაში. ზემოთ განხილული მესიჯები ხშირად მეორდება სხვადასხვა გამოცემაში და რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის ამგვარი გაშუქება ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ