დაფინანსებული სიახლეები სარედაქციო მასალის სახით
01.05.2017
რამდენიმე ონლაინგამოცემა აპრილის თვეშიც აგრძელებს სარეკლამო მასალების სარედაქციო მასალის სახით გავრცელებას. იდენტური სიახლეები, ერთნაირი სათაურებითა და ფოტოებით, თითქმის ერთსა და იმავე დროს, სხვადასხვა გამოცემაშია განთავსებული. ზოგიერთი მედიასაშუალება უთითებს, რომ გამოქვეყნებული მასალა დაფინანსებულია, თუმცა იგივე სიახლე სხვა ვებგვერდზე რეკლამის აღმნიშვნელი ნიშნის გარეშეა გამოქვეყნებული.

„ნიუპოსტმა“ 4 აპრილს გაავრცელა მასალა, სათაურით „სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში.“ იგივე სიახლე გამოაქვეყნა პრაიმტაიმმაც. ტექსტში ხაზგასმულია კომპანიის უპირატესობა, ის, თუ როგორ ზრუნავს „ენერგო პრო ჯორჯია“ საკუთარ პერსონალზე. სიახლეს „ნიუპოსტზე“ არ ახლავს სარეკლამო ნიშანი, თუმცა იგივე ამბავს რეკლამის ნიშნით (NS) შეხვდებით pia.ge-ზე.

„ინტერპრესნიუსის“ 4 აპრილის მორიგი სარეკლამო მასალა სარედაქციო სახით გვხვდება ამჯერად pia.ge-ზე.

გაუმიჯნავ სარეკლამო და სარედაქციო მასალებს primetime.ge-ზეც წააწყდებით. გამოცემამ 10 აპრილს გაავრცელა სიახლე, რომ „თეგეტა მოტორსმა გორში მეორე ფილიალი გახსნა.“ მასალა რომ სარეკლამო ხასიათისაა და კონკრეტული კომპანიის პოპულარიზაციას ემსახურება, კარგად ჩანს ტექსტიდანაც, სადაც ვკითხულობთ: „აქ წარმოდგენილია მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო...აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და სხვა სათადარიგო ნაწილები...„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას...“ მასალის სარეკლამო ხასიათს ადასტურებს იგივე ამბის რეკლამის ნიშნით განთავსება „ინტერპრესნიუსზე“.

“Garage 48 თბილისშია,“ - ამ სათაურითა და სარედაქციო მასალის სახით სიახლე 18 აპრილს „presa.ge-მ,“ „newspress.ge-მ“ და „newpost.ge-მ“ გაავრცელეს. იდენტურ მასალას რეკლამის ნიშანი ახლავს „ინტერპრესნიუზე“.

„მარტო შენთვის“ „ელიტ ელექტრონიქსის“ ინოვაციური კამპანია,“ – „presa.ge-ზე“ 20 აპრილს გამოქვეყნებული სიახლის სათაურია. „ელიტ ელექტრონიქსი“ ტექნიკის ბაზრის ლიდერია და მრავალი წლის მანძილზე ინოვაციური პროექტებითა და შეთავაზებებით მუდმივად ინარჩუნებს აღნიშნულ პოზიციას. კომპანია წარმოადგენს საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდეს რეალიზატორს,“ - ვკითხულობთ ტესქტში და არსად ჩანს, რომ მასალა დაფინანსებულია, თუმცა ანალოგიური სიახლე რეკლამის ნიშნით (R) გვხვდება „ექსპრესნიუსზე“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 მუხლის თანახმად, „სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.“
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ