ქართული მედია ქსენოფობიური მარშის სამზადისში
24.07.2017
14 ივლისს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ქსენოფობიური მსვლელობა ე.წ. „ქართველთა მარში“ მოეწყო. მსვლელობით აქციის მონაწილეები ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნას აპოტესტებდნენ და ხელისუფლებისგან საიმიგრაციო კანონისა და უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრებას მოითხოვდნენ.

ორგანიზატორებისთვის ღია ტრიბუნის დათმობით, ქსენოფობიური მარშის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი მედიამაც შეიტანა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაცემების ნაწილის მიზანი ე.წ. ქართველთა მარშის შესახებ პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის შექმნა იყო. მარშამდე ორი დღით ადრე, მის ორგანიზატორებს ტელეკომანიებმა „იბერიამ“ და „ობიექტივმა“ სრული თავისუფლება მისცა. პირდაპირი ეთერის საშუალებით ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები ნაციონალისტურ-შოვინისტური პათოსით გამსჭვალული ტექსტებით საზოგადოებას მსვლელობაზე მისვლისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ.

ტელეკომპანია „იბერიაზე“ ტოქშოუ „ფაბრიკას“ 13 ივლისის თემა სწორედ ე.წ. „ქართველთა მარში“ იყო. გადაცემის წამყვანმა ლალი მოროშკინამ თავშივე აღნიშნა, რომ მარშის ორგანიზატორები მისი მეგობრები არიან და ზუსტად იცის, რომ მათი მარში მიმართული არ არის არც არაქართველების წინააღმდეგ და არც ტურისტების წინააღმდეგ. მან იქვე გულისწყვეტაც გამოხატა, რომ ხშირად, მისი მეგობრები ფაშისტებად გამოჰყავთ და რომ ეს ასე ნამდვილად არ არის.

გადაცემაში ქართველთა მარშის ორგანიზატორებმა იმ „საფრთხეებზე“ ისაუბრებს, რომელსაც მათი რწმენით, ქვეყანაში ე.წ. არალეგალი უცხოელი ემიგრანტები ქმნიან. ერთ-ერთმა სტუმარმა სანდრო ბრეგაძემ ისიც აღნიშნა, რომ მათი მასიური ჩამოსახლება ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წლების წინ მიზანმიმართულად დაიწყო. მანვე პირობა დადო, რომ მალე არალეგალ თურქებს და არაბებს დეპორტის სახით საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ და საქართველოში ქართველი კვლავ იქნება, როგორც მასპინძელი და არა ეთნიკური უმცირესობა. მათივე თქმით, თუკი ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა, მალე საქართველო უცხო ტომელებით, ან ბოკერიასნაირი მანქურთებითა და მუტანტებით იქნება დასახლებული.

გადაცემაში გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით, საუბარი იყო მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს მთავრობის მისამართით გამოთქმულ მუქარებზეც, რომ თუკი ე.წ. „ქარველთა მარში“ ბათუმშიც გაიმართებოდა, ისინი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საზღვარს გადმოლახავდნენ. მართალია, სტუმრებმა მეზობელი ქვყენის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს, თუმცა მინიშნებები აშკარად თურქეთისკენ იყო.

გადაცემის სტუმრებმა საზოგადოების ლიბერალურად განწყობილი ნაწილი „ლიბერასტებად“ შერაცხეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მეხუთე კოლონად, მოღალატეთა რაზმად მონათლეს. “საშიში სიმსივნე, რომელიც უნდა ამოიკვეთოს და შემდეგ ქიმიოთერაპიით გადარჩეს” - ამბობდნენ გადაცემის სტუმრები.

გადაცემის წამყვანმა არარერთხელ აღნიშნა, რომ აღმაშნებლის ქუჩა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ და იქ ღამით გასვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია და საფრთხეებთან არის დაკავშირებული. წამყვანის პათოსს ერთხმად იზიარებდა ყველა სტუმარი.

გადაცემაში ისიც ითქვა, რომ აღმაშენებლის გამზირიდან ქართული წარწერები სრულიად გაქრა და მის ადგილას თურქული და ირანული გაჩნდა. ის, რომ ქუჩაზე მხოლოდ ერთი ქართული კაფე ფუნქციონირებს და რომ ეს პრობლემაა, გადაცემის წამყვანმაც აღნიშნა.

გადაცემაში ისიც აღინიშნა, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირანული, თურქული, ჩინური საროსკიპოებია გახსნილი, სადაც არასრულწლოვნების ექსპულატაცია ხდება. “ჩვენი შვილები უნდა გაიზარდნონ იმ ქუჩებში, სადაც არაბული ჩინური საროსკიპოების და არალეგალების ადგილი არ არის” - ითხოვდნენ სტუმრები.

კითხვაზე ვინ დგას მათ გვერდით ე.წ “ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კორკოტაშვილმა ამაყად თქვა, რომ მის გვერდით დგას ტრამპი, კელი და მთელი დემოკრატიული ქვეყნიერება.

“არ შეგრცხვეთ, რომ ქართველები ხართ. ვიღაც გაჯგიმული ტიპი სხვა ადგილებში უყურებს გოგოებს. ვერ იგრძნეს მამაკაცური სიძლიერე. უსახსრობისგან გაჭირვებული გოგოები მითრეული ჰყავთ. რადგან იმათზე ძალადეობენ, ჰგონიათ, რომ მთელი ქვეყნაც მაგათი საძალადოა. ეგრე არ არის ჩვენო ძმებო, განახებთა ახლა ვინ ვისზე იძალადებს” - მოგვიწოდებდა კორკოტაშვილი ეთერიდან.

“თუ სახლში დარჩებით, არ მოხვალთ მარშზე და არ გააპროტესტებთ ამას ღირსები იქნებით, რომ თქვენს შვილებს უქნან იგივე არაბებმა და თურქებმა” - გადაცემაში აქტიურად ისმოდა მსგავსი მოწოდებები.

გადაცემის წამყვანმა სტუმრებს ის კადრებიც შეახსენა, რომელიც, მისი თქმი, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა და სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ გადმოდის ათასობით თურქი საქართველოს საზღვარზე და სტუმრებს აღიშნულის გათვალისწინებაც შეახსენა. მან მარშის ორგანიზატორებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და მსვლელობაზე მისვლის პირობაც დადო.

გადაცემაში სტუმრებმა სრულიად უკონტექსტოდ ერთმანეთთან ქვეყენაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყოფნა და ოკუპირებული ტერიტორიები ერთმანეთთან დააკავშირეს და ქვეყანაში სეპარატიზმის გაღვივების საფრთხეებზეც ისაუბრეს.

ე.წ. “ქართველთა მარშის ორგანიზატორებს, 12 ივლისს ღია ეთერი დაუთმო ტელეკომპანია ობიექტივმაც. 40 წუთის განმავლობაში მათ პირდაპირი ეთერის საშუალებით ქსენოფობიური და ნაციონალისტური შინაარსის მქონე გაცხნადებების კეთების სრული“თავისუფლება” ჰქონდათ.

ფოტო: on.ge
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ