„გახანგრძლივებული სიცოცხლის“ საიდუმლო "ასავალ-დასავალისგან"
16.03.2017
იაფი, სწრაფი და ხარისხიანი მკურნალობა - აი რა შემოთავაზება შეიძლება მივიღოთ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ იმ გვერდებიდან, რომლებიც მედიცინას ეხება. ამ რუბრიკაში უგულებელყოფილია ტრადიციული მედიცინა და შემოთავაზებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები. მაგალითად, გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, ამა თუ იმ ავადმყოფობისგან ხსნა სხვადასხვა სახის ბალახოვან ნაყენებში, ნახარშებსა თუ მუხლის ქვედა ნაწილის სტიმულაციაშია.

გაზეთს აქვს რუბრიკა „ექიმის ტრიბუნა“, სადაც თავმოყრილია დაავადებათა არატრადიციული განკურნების გზები. „ასავალ-დასავალი“ გვარწმუნებს რომ: „ჰომეოპათია შესაძლებელია ეფექტიანი აღმოჩნდეს იქ, სადაც კლასიკური, ოფიციალური მედიცინა, ანუ ქიმიური მედიკამენტებით მკურნალობა არანაირ შედეგს არ იძლევა“.

„ეს სასწაულმოქმედი ნაყენია, რომელიც ყველა სახის სიმსივნეს ამარცხებს!“ -ვკითხულობთ გაზეთის ერთ-ერთ ნომერში. როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ამ „წამლის“ დამზადება ყველა მსურველს შეუძლია, დამზადების პროცესში თუ რაიმე სახის სირთულე წარმოიქმნა, „ასავალ-დასავალი“ გვირჩევს, რომ მივმართოთ დეკანოზ სერაფიმე დანელიას. ოღონდ წამლის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ “ადამიანი ხორცთან ერთად, სულის განკურნებასაც უნდა შეეცადოს“.

„პროსტატის ადენომის უოპერაციოდ განკურნება სავსებით შესაძლებელია!“-ვკითხულობთ გაზეთის ამავე რუბრიკაში. სხვა სტატიებში კი მდოგვისა სოდის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ მოგვითხრობენ. ამ თემებზე მომზადებულ მასალებში არ ჩანს პროფესიონალი ექიმების მოსაზრებები, არაა შემოთავაზებული ალტერნატიული აზრი ან მკურნალობის სხვა საშუალებები. ხშირად, ამ რუბრიკაში ვკითხულობთ სკეპტიკურ მოსაზრებებს ტრადიციული მედიცინისა და ექიმების მიმართ. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ სტატიაში აღნიშნულია: „დღეისათვის კომერციულ სამედიცინო დაწესებულებაში, ძირითადად, პროდუქტიულად მუშაობენ ის ექიმები, ვისაც შეუძლია მიიღოს სერიოზული სახე და მოახერხოს პაციენტის დარწმუნება, ჩაიტაროს ძვირადღირებული კვლევები, შეიძინოს ძვირად ღირებული მედიკამენტები“. „ჯობია წამალი საერთოდ არ მიიღო და ხალხური საშუალებებით იმკურნალო, ვიდრე შენი ფინანსები საკუთარი ორგანიზმის განადგურებას მოახმარო!“
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ