04.04.2015
წინამდებარე მოსაზრებაში შევეცდებით, 29 მარტის გადაცემის მაგალითზე წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად მიესადაგება შინაარსი ავტორთა მიერ გაცხადებულ მიზნებს.
ჩანაწერის ნახვის შემდეგ ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა გადაცემას საერთო ღერძი ან რამდენად გამართლებული იყო ამა თუ იმ სტუმრის მიწვევა კონკრეტული თემის განსახილველად. მაგალითისთვის, 29 მარტს გასული გადაცემის დიდი ნაწილი დაეთმო ქალთა უფლებების განხილვას, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორთან, ნინო იოსელიანთან და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან, სოფო ჯამბაზიშვილთან, საუბრის ძირითადი აქცენტი სწორედ ამ მტკივნეულ თემას შეეხებოდა, თუმცა ამ კონტექსტში, იმავე გადაცემაში რამდენად მიზანშეწონილი იყო ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, მიწვევა, გაუგებარია, რადგან ოლღა ბაბლუანს გადაცემის პირველ ნაწილში ამ სტუმრისთვის გენდერულ ან ფემიციდის თემებზე კითხვები არ დაუსვამს, პირიქით, კალაძემ გადაცემის მეორე ნაწილში თავად გამოიჩინა ინიციატივა და ქალთა ძალადობის პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ კამპანიაზე ისაუბრა.
ასევე გაუგებარი იყო სროლის სპეციალისტის, იმედა გოგელაშვილის, მიწვევაც. მართალია, წამყვანი ოლღა ბაბლუანი ეცადა, რომ სროლა და ძალადობა ოჯახში გარკვეულწილად დაეკავშირებინა (კერძოდ, თქვა, რომ სროლაში მეცადინეობა ქალის ფსიქოლოგიურ განწყობაზე დადებითად მოქმედებს და ამან შეიძლება ოჯახში ძალადობის პოტენციურ მსხვერპლს თავდაცვის ერთგვარი ტაქტიკაც კი გამოუმუშავოს), მაგრამ საბოლოო ჯამში, იარაღზე საუბარი გადაცემაში, რომელსაც “მშვიდობით იარაღო” ჰქვია და რომლის კონკრეტული გამოშვებაც უმეტესწილად ქალთა წინააღმდეგ ძალადობას და ზოგადად, ქალთა უფლებებს შეეხო, ნამდვილად უადგილო იყო.
სტუმართა პასუხების შემდეგ თითქოს გასაგები გახდა, რომ საზოგადოება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს და ამ კუთხითაც საქართველოში არსებული რეალობა ევროპულს უნდა გაუთანაბრდეს, მაგრამ ამ ზოგადი მოწოდებების ფონზე არც წამყვანს და არც სტუმრებს კონკრეტული ქალების პრობლემა არ განუხილავთ. მეტიც, მაყურებლისთვის პრობლემების სიმწვავის გააზრება კონკრეტული შემთხვევების ისტორიითაც შეიძლებოდა, რომელსაც წამყვანი ან რომელიმე სტუმარი მოყვებოდა. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, გაცილებით საინტერესო იქნებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატში ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე უფლებამდაცველი მიეწვიათ, რომლებიც სუდანში, კამბოჯაში ან დედამიწის რომელიღაც სხვა წერტილში თავს გადახდენილ ისტორიებს კი არ მოგვითხრობდნენ, არამედ საქართველოში მომხდარ ფაქტებზე, ქალთა ძალადობის შემთხვევებსა და ფემიციდის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრებდნენ. ამით გაცილებით გაადვილდებოდა მაყურებლისთვის მთავარი სათქმელის მიტანაც და თავად მაყურებელიც უფრო მარტივად დააკავშირებდა საკუთარ გარემოს გადაცემაში წამოჭრილ თემებთან.
ასევე, სულ მცირე, გაუგებარი იყო წამყვანის რემარკა იმაზე, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქალები ყოველწლიურად 700 მილიონ ლარზე მეტს აგზავნიან საქართველოში და კარგი იქნებოდა ამ სფეროს განვითარება. რა სფეროს გულისხმობდა წამყვანი - იმას, რომ უკვე წლებია, რაც ქალები ოჯახებს არიან მოწყვეტილები და მატერიალურ დოვლათს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ქმნიან?! იქნებ, ჯობდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირისთვის დაესვა კითხვა, თუ რას აკეთებს მთავრობა ამ ადამიანების დასაბრუნებად და მათი ღირსეული სამუშაო ადგილებით უზრუნველსაყოფად?! მესმის, რომ ეს გადაცემა არ არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ, სადაც დებატები იმართება, მაგრამ აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც იყო, წამყვანს “სადილზე სტუმრად მიპატიჟებული” ვიცე-პრემიერისგან ამ კითხვაზე პასუხი მიეღო.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ გადაცემის ავტორი და მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მხოლოდ პირადი, ვიწრო გამოცდილებით მიღებული დაკვირვებებით ხელმძღვანელობენ. ასეთივე დამოკიდებულება გამოავლინა გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა - ნინო იოსელიანმაც, როცა თქვა, რომ XXI საუკუნეში ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და ოჯახში ძალადობის დაძლევის ერთ-ერთი საფუძველი საკუთარი უფლებების ცოდნაა. ეს მოსაზრება გასაგები მხოლოდ ქალაქებში ან მეტ-ნაკლებად მჭიდრო დასახლებებში მცხოვრები მაყურებლისთვის იქნება. რა ვუყოთ ათასობით სოფელს, რომელთა მკვიდრი მოსახლეობისთვის ინტერნეტი ამ დრომდე ხელმიუწვდომელია?! არაფერს ვამბობ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით გამორჩეულ რეგიონებზე, სადაც სხვა ყველაფერთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებაც კი პრობლემაა, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო.
29 მარტის გადაცემა მტკივნეული პრობლემის განხილვა იყო თავად ამ პრობლემის მსხვერპლი ადამიანების გარეშე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სარედაქციო ჯგუფმა თავი აარიდა ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი აუდიტორიის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას და პრობლემის ასახვის ეს გზა აირჩია - მსხვერპლზე, ძალადობის ფაქტებზე საუბარს ზოგადი შეფასება ამჯობინა. მაგრამ რა უშლიდათ ხელს გადაცემის ავტორებს, რომ ბიზნესში, განათლებაში, კულტურაში წარმატებული ქალები მიეწვიათ, მით უმეტეს, რომ როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ნინო იოსელიანის ჟურნალის მომდევნო ნომერი სწორედ ასეთ ადამიანებს დაეთმობათ. პოზიტიური მაგალითების ჩვენება ხომ არანაკლებად ეფექტიანად მოქმედებს საკითხის გადაწყვეტისას?
დასაწყისში ვახსენეთ, რომ გადაცემას (“გასართობ-სოციალურ შოუს”, როგორც მას ავტორები მოიხსენიებენ) ერთიანი შინაარსობრივი ღერძი აკლია. იმავეს თქმა შეიძლება დრამატურგიული და ესთეტიკური მხარეების შეფასების დროსაც. “მშვიდობით, იარაღო!” (და არა “მშვიდობით იარაღო”, როგორც ეს გადაცემის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული) იწერება ეკლექტურ სივრცეში, სადაც დიზაინის უახლესი დასავლური სტილით გაჯერებულ ინტერიერში წამყვანი პირველივე სტუმარს ნარდს ეთამაშება და თან ღვინოს წრუპავს. ოლღა ბაბლუანი შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ სტუმარს კარგი მასპინძლობა გაუწიოს და თავი მისთვის უცხო სივრცეშიც კი შინ აგრძნობინოს. გადაცემის მიმდინარეობისას რამდენიმე მზარეულის ფუსფუსი და სუფრის გაწყობის პროცესიც მაყურებელსაც თითქოს უბიძგებს, რომ სავარძელში მყუდროდ მოკალათდეს და საუბარს უსმინოს, მაგრამ მაყურებელთა რა რაოდენობა შეძლებს ამ სივრცეში საკუთარი თავის პოვნას; რამდენს გაუჩნდება განცდა, რომ ოლღა ბაბლუანი ერთ დღეს მასაც მიიპატიჟებს და მოუსმენს ყურადღებით? კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან “მშვიდობით, იარაღოში“ სტუმრებად ძირითადად გადაწყვეტილების მიმღები პირები (ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ა.შ.), ასევე ისეთი ადამიანები გვევლიანებიან, რომელთაც საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ანუ გადაცემის გაცხადებული მიზნისგან განსხვავებით (“მაყურებელი თავადვე ხდება ჯანსაღი რეალობის მარეგულირებელი, მედიისგან დამოუკიდებელი, თავისუფალი აზრის ფორმირების ავტორი”), აუდიტორია უკვე მზა მოსაზრებებს იგებს და მათი შეცვლის ან მსჯელობის მიმდინარეობაზე რაიმე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას მოკლებულია.
მეტაფორულად რომ ვთქვათ, “მშვიდობით, იარაღო!” არის სივრცე, სადაც იარაღი ყოველთვის გადაცემის ავტორისა და მიწვეული სტუმრების ხელშია, სამიზნე კი ასევე ყოველთვის აუდიტორიაა. თამარ რუხაძე