გურიაში მომხდარი სუიციდის ზედაპირული და სენსაციური გაშუქება
19.08.2018
2018 წლის 18 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 22 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა გარდაცვლილს შანტაჟის გზით ჯერ ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალა გადააგზავნინა, შემდეგ კი აღნიშნული მასალის გასაჯაროებით დაემუქრა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს თემა ფართოდ გაშუქდა ქართულ ტელე და ონლაინ მედიასაშუალებებში, თუმცა, უმეტესობამ ამბის გაშუქებისას აქცენტი გააკეთა მხოლოდ ფაქტზე, როგორც დანაშაულზე ან ტრაგიკულ მოვლენაზე, ნაცვლად საკითხის სოციალურ პრობლემად წარმოდგენისა და მოზარდებში სუიციდის პრევენციაზე ყურადღების გამახვილებისა. ზოგიერთი მედიასაშუალების მომზადებულ მასალაში კი ამბის თხრობისას სენსაციურობის ელემენტები სჭარბობდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველმა არხმა და “TV პირველმა” აღნიშნული თემა საღამოს მთავარ გამოშვებაში არ გააშუქეს, თუმცა, დღის გამოშვებებში ინფორმაცია კადრ-სინქრონის ფორმატით გავიდა. მასალა შსს-ის მიერ გავრცლებულ ფაქტობრივ ინფორმაციას შეიცავდა და ფოკუსი ბრალდებულის დაკავებასა და ბრალის კვალიფიკაციაზე გაკეთდა. შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაშუქდა ამბავი ტელეკომპანია “იბერიის” 19:00-საათიან გამოშვებაშიც.

მსგავსადვე გაშუქდა ამბავი ონლაინ გამოცემების უმეტესობაში, სადაც თქვეს, რომ 16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, შემდეგ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს დაკავებულისთვის ბრალის დამძიმების შესახებ. აღნიშნული ახალი ამბები მხოლოდ შსს-ის განცხადებებს ეყრდნობოდა.

ორმა ტელეკომპანიამ, “რუსთავი 2-მა” და “იმედმა” შედარებით ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს თემას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში.

რუსთავი 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გამოყენებულია გარდაცვლილის წერილი დეტალები, რომელიც ჟურნალისტის თქმით „კურიერმა“ მოიპოვა. სიუჟეტში წაიკითხეს და აჩვენეს წერილიდან ციტატები, საიდანაც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი სწორედ ის დეტალები, რომლის გახმაურების თავიდან აცილების მიზნითაც მოიკლა არასრულწლოვანმა თავი. სიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო გოგონას რამდენიმე ფოტოც.

ამავე სიუჟეტში ბრალდებულის ადვოკატი ხანგრძლივ კომენტარში აღნიშნავს, რომ გოგონა “ნებაყოფლობით” ჩაერთო “ბინძურ თამაშში” და მან აღწერა იმ ფოტოებისა თუ ვიდეოების შინაარსი, რომლის გასაჯაროებითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაემუქრა გარდაცვლილს. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანმა თავი მხოლოდ მას შემდეგ მოიკლა, რაც ბრალდებულმა დაზარალებულს ვიდეოების ჩაწერა მეგობარ გოგოსთან ერთად მოსთხოვა. მისი თქმით, ბრალდებულს რომ არ მოეთხოვა მეორე გოგონასთან ერთად ვიდეოს ჩაწერა, შესაძლოა გოგონას სუიციდი არ ჩაედინა, “მაგრამ ამან ვერ გაუძლო ამ ცდუნებას უკვე და მოიკლა თავი.“

“კურიერში” გასული ინფორმაციის შემდეგ, წერილიდან ამონარიდები გამოაქვეყნეს ონლაინ მედია საშუალებებმაც, მათ შორის „პალიტრავიდეომ“, „რეზონანსმა“ და „ნიუპოსტსმა“. აღნიშნული წერილიდან ციტატები ამბის სათაურებად გამოიყენეს მაგალითად „ახალმა თაობამ“, „ალიამ“ და „მედიამოლმა“. “გურიის მოამბემ” კი ამბის კიდევ უფრო სენსაციურად გასაშუქებლად სათაურად გატანილ წერილის ციტატას წინ დაურთო სიტყვა „ექსკლუზივი“.

"იმედზე", „ქრონიკის“ 20:00-საათიან გამოშვებაში შსს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის გარდა სიუჟეტში გამოყენებული იყო კადრები გარდაცვლილის დაკრძალვიდან და საუბარი შეეხო გარდაცვლილის წერილსაც, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, თუმცა, წერილის დეტალები სიუჟეტში არ მოხვედრილა. გარდა ამისა, თვითმკვლელობის მიზეზებთან დაკავშირებით სიუჟეტში ჩართულია რამდენიმე მეზობლის კომენტარი. ერთ-ერთის თქმით, მას არ სჯერა, რომ გოგონა ამის გამკეთებელი იყო (იგულისხმება ინტიმური მიმოწერა და ფოტოების გაგზავნა ბრალდებულისათვის). მეორე მეზობლის თქმით კი, ბავშვი ემოციური იყო და ვინაიდან ისინი სოფელში ცხოვრობენ, მამის მორიდების გამო არ გაამჟღავნა ამბავი, თორემ ოჯახი აუცილებლად დაუდგებოდა გვერდში და მიღებდნენ ზომებს მოძალადის წინააღმდეგ. მეზობლებისა და ადვოკატის გაკეთებული კომენტარებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვითმკვლელობის ჩადენის მიზეზი ნაწილობრივ თავად ამ გოგოს ქცევა გახდა, რომელიც გაკიცხვას იმსახურებს. მაგალითად, “კურიერის” სიუჟეტში, სადაც აღნიშნულიც კი არ არის, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ადვოკატის კომენტარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გარდაცვლილმა სუიციდი მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ მას მოსთხოვეს სხვა გოგოსთან ერთად გადაეღო ვიდეო და რომ თვითმკვლელობა იყო „ცდუნება“.

სიუჟეტებში არ ყოფილა აქცენტირებული, რომ მოზარდებში სუიციდი ცალკე აღებული მოვლენა არ გახლავთ და იგი ხშირად დაკავშირებულია ობიექტურ ხელშემწყობ გარემოებებთან, რომლის კონტროლიც სუიციდის მსხვერპლის შესაძებლობებს აღემატება. სიუჟეტებში არ იყო გამოყენებული სფეროს ექსპერტების არც ერთი კომენტარი, რომელიც შეძლებდა განემარტა თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნულ ასაკში სუიციდის ნიშნების გამოვლენა და მისი თავიდან არიდება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ "სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესების"თანახმად, კვლევებით დადასტურებულია, რომ „ცალკეული შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა, კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც“. იმისათვის, რომ მედიამ თავიდან აირიდოს ამბის ზედაპირული და სარისკო გაშუქება, უმნიშვნელოვანესია, რომ ჟურნალისტმა დასვას შეკითხვა თუ რა არის მიზანი აღნიშნული მედიამასალის მომზადებისა. თუკი მასალა არ ემსახურება სუიციდზე, როგორც სოციალურ პრობლემაზე მსჯელობას, მაშინ იგი მაღალი საჯარო ინტერესით ან დაზარალებული მხარის ინტერესით შეიძლება გამართლდეს. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში კი დაზარალებული მხარის ინტერესი არა თუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ მედიის დამსახურებით ზუსტად ის დეტალები გახმაურდა, რომლის დაფარვასაც გარდაცვლილი შეეცადა თვითმკვლელობით. საჯარო ინტერესი კი მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც მედიამ მშრალად, ზედაპირულად და რიგ შემთხვევებში სენსაციურად გააშუქა ამბავი.

აღსანიშნავია, რომ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ცალსახადაა მითითებული ისაც, რომ მედიისთვის არ არის რეკომენდირებული გარდაცვლიის ფოტოების, თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის დეტალების განსაკუთრებული აქცენტირება და სუიციდის მიზეზების შესახებ გარდაცვლილის ახლობლების ვერსიების უაპელაციო ტირაჟირება. ნაცვლად ამისა, საჭიროა ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა თუ სხვა პროფესიონალების ექსპერტული ცოდნის გაზიარება მაყურებლისათვის სუიციდის ნიშნების ამოსაცნობად და თავიდან ასარიდებლად.

თეგები : სუიციდი;
ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ