29.11.2018
"ლისის ტბასთან ავარიამ წლინახევრის ბავშვი იმსხვერპლა - დაკავებულია 18 წლის გოგო", - წერს პრაიმტაიმი. სწორედ პრაიმტაიმზე დაყრდნობით ავრცელებენ ამბავს დანარჩენი საიტები, რომელთა სათაურები იდენტურია: "წლინახევრის ბავშვი ავარიას ემსხვერპლა - მანქანის მძღოლი 18 წლის გოგოა".
მასალიდან ვიგებთ, რომ ლისის ტბაზე ავტოავარია ორი დღის წინ მოხდა. წლინახევრის ბავშვი ტბაზე და-ძმასთან და მამასთან ერთად იმყოფებოდა. ავტომანქანის მძღოლს ბრალი 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარუდგინეს. მასალაში სხვა არანაირი ინფორმაცია არ არის მომხდარის შესახებ, არ არის დამატებითი დეტალები მძღოლის შესახებ და გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულება აქვს მისი სქესის ხაზგასმას. მასალების ამგვარი აქცენტი და სათაური ამყარებს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ "ქალები ცუდი მძღოლები არიან".
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას.
"მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე მძღოლი ქალი იყო თუ კაცი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მასალაში იმის მითითება, რომ მანქანას ქალი მართავდა, ამყარებს სტერეოტიპს თითქოს ქალი ცუდი მძღოლი იყოს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევების მონაწილე არაერთი კაცი მძღოლია", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.