სექსისტური სათაურები ისრაელში ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის შესახებ
10.01.2019

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ისრაელში 31 წლის კაცის მკვლელობის შესახებ. აღნიშნულ თემაზე პოსტი მომხმარებელმა შოთო სიხარულიძემ გამოაქვეყნა. მან გაავრცელა გარდაცვლილი ახალგაზრდის დედის წერილი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი 1 იანვრის ღამეს მოკლა ემიგრანტმა ქალმა და ითხოვს დახმარებას შვილის საქართველოში გადმოსასვენებლად.

იმავე დღეს, სხვადასხვა საიტებზე მომხდარის შესახებ გამოქვეყნდა ახალი ამბავი შოთო სიხარულიძის ფეისბუკის პოსტზე დაყრდნობით. გამოცემების უმეტესობამ გარდაცვლილის დედის ნათქვამი, რომ შვილი ქალმა მოუკლა, დადასტურებულ ფაქტად წარმოაჩინა და სათაურშიც გაიტანა. „ისრაელში ემიგრანტმა ქალმა ქართველი ბიჭი მოკლა“ - ამ ტიპის, სექსისტური სათაურებით გამოაქვეყნა ახალი ამბავი საიტების უმეტესობამ. ასეთი სათაურები გვხდება შემდეგ საიტებზე: resonancedaily.com; infonews.ge; alia.ge; newposts.ge; georgians.gr.

პირველი ახალი ამბის გავრცელების შემდეგ, მალევე, იმავე საიტებზე, ამავე თემაზე, სხვა სტატიაც გამოქვეყნდა, სათაურში კვლავ დანაშაულის ჩამდენ ქალზე აქცენტირებით: „ვინ არის ისრაელში ქალის მიერ მოკლული ქართველი ბიჭი“. ასეთი სათაურები იძებნება პლატფორმებზე: trialeti.ge; newposts.ge; primetime.ge; alia.ge; akhalitaoba.ge; cyc.ge; iposti.ge.

რამდენიმე პლატფორმა შედარებით მოერიდა სექსისტურ და მტკიცებით სათაურს და იმის სათქმელად, რომ დანაშაული ქალმა ჩაიდინა, სხვა გზა აირჩია - გარდაცვლილის დედის, ან შოთო სიხარულიძის ციტირება. მაგალითად: „ისრაელში 31 წლის ქართველი მოკლეს: "ყელში დანა ჰქონდა დარტყმული... ემიგრანტმა ქალმა მოკლაო". მსგავსი სათაურებით გამოაქვეყნეს ამბავი ისეთმა საიტებმა, როგორიცაა: kvirispalitra.ge; ambebi.ge; presa.ge; marneulifm.ge; intermedia.ge; kvira.ge; droni.gebrandnews.ge; umedia.ge.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. მედია უნდა მოერიდოს ამბის მონაწილე პირთა სქესის აღნიშვნას, როდესაც ის რაიმე დამატებით ინფორმაციას არ აძლევს აუდიტორიას.


თეგები : სექსიზმი;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ