12 თებერვალს, Droni.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია არასრულწლოვნის
სავარაუდო სუიციდის შესახებ. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით
წერს, რომ 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა და მოტივად შეყვარებულთან
დაშორებას ასახელებს. სტატიაში აღწერილია სუიციდის მეთოდი, შემთხვევა
ერთ კონკრეტულ, ამავე დროს დაუდასტურებელ მიზეზამდეა დაყვანილი და არ
ჩანს მცდელობა, მომხდარზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების, ან
პრობლემაზე მსჯელობის.
Droni.ge-ზე დაყრდნობით, იდენტური ინფორმაცია გამოაქვეყნეს შემდეგმა
გვერდებმაც: primetime.ge, dianews.ge, sarkenews.ge, newposts.ge,
resonancedaily.com, paqtebi.ge, newsmakers.ge, alia.ge, night.ge,
plus.kvira.ge, news.coa.ge.
თითქმის ყველა ამ გვერდზე პრობლემურია მასალების სათაურებიც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიებს ურჩევს, რომ მოერიდონ სათაურში
სიტყვების "თვითმკვლელობა", "სუიციდი" გამოყენებას. მიუხედავად ამისა,
გამოცემებს მასალა ძირითადად მსგავსი სათაურებით აქვთ გამოქვეყნებული:
“ერთმანეთი ძალიან უყვარდათ” – თბილისში მოზარდმა თავი მოიკლა,
„სუიციდი სიყვარულის გამო“, "შეყვარებულს დაშორდა და შემდეგ ეს
უბედურება დატრიალდა" - 17 წლის მოზარდმა თავი მოიკლა“ და ა.შ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სუიციდის
გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად,
ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებისას, როგორიც სუიციდია,
მნიშვნელოვანია ფოკუსირება პრობლემაზე ზოგადად და არა კონკრეტულ
შემთხვევაზე, თუ არ არსებობს მის მიმართ განსაკუთრებული საჯარო
ინტერესი. ამ კონკრეტული შემთხვევის ასე გაშუქებისას კი ეს
საზოგადოებრივი ინტერესი არ ჩანს.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ სუიციდის რომანტიზება და სენსაციურ
ჭრილში გაშუქება დაუშვებელია. ასევე, არ უნდა დავიყვანოთ სუიციდი
მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში
არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ.
რადგან, “ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ
მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია”.
⇒ ამავე თემაზე:
რომანტიზებული სუიციდის
ხიბლი