23.12.2020
“მედიაჩეკერის” დაკვირვებით, შერჩევითი ფოტოებით მანიპულირებისას, სხვადასხვა ტიპის მედიების სამიზნე ყველაზე ხშირად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ქართული ოცნების” ლიდერები ხდებიან.
ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა, რომელიც ხშირად იყენებს მსგავს შერჩევით ფოტოებს მკითხველის წინასწარი განწყობების შესაქმნელად ან, შესაძლოა, თავად გამოცემის დამოკიდებულების საილუსტრაციოდ - “ტაბულაა”. დაუკვირვებელი თვალისთვისაც კი მარტივად შესამჩნევია, რომ გამოცემა, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ხშირად მასალის ვიზუალიზაციისთვის მმართველი პარტიის ლიდერების ისეთ ფოტოებს იყენებს, სადაც ისინი შეუსაბამოდ, არასერიოზულად, სასაცილოდ ან/და არაადეკვატურად გამოიყურებიან.
მაგალითად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გაშუქებისას “ტაბულა” მასალებს ხშირად ურთავს ფოტოს, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერს თავისივე ნათქვამის შინაარსთან შეუსაბამოდ, არასერიოზულად წარმოაჩენს, მისი გამომეტყველება კი, უარყოფით განწყობას უქმნის მკითხველს.
ქვემოთმოყვანილ ფოტოზე ასახულია სამი კადრი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე მომზადებული მასალების ვიზუალიზაციისთვის - ე.წ. ქავერის, ანუ, მთავარ ფოტოდ:
იხილეთ რამდენიმე მასალის ბმული:
- ბოლო ერთი წელიწადში ბიძინა ივანიშვილი $100 მილიონით გამდიდრდა – Bloomberg
- ივანიშვილი: ვერ მივიღებთ ბრალდებას, რომ სიღარიბე "ოცნების" მმართველობის შედეგია
- ივანიშვილი: კვლავაც გავაგრძელებთ გზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობას
"ტაბულაზე" რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი ფოტოების გამოყენებას ტენდენციური ხასიათი აქვს. ბიძინა ივანიშვილის გარდა, “ტაბულა” ხშირად იყენებს შერჩევით ფოტოებს პარტიის სხვა ლიდერებსა თუ წევრებზე მასალების გამოქვეყნებისასაც.
მაგალითად, ფოტოები შერჩევითაა გამოყენებული ქვემოთმოყვანილ მასალებში, რომლებიც ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანსა და გია ვოლსკის ეხება:
- კობახიძე: 60%-ს ავიღებდით, არჩევნები თვენახევრით ადრე რომ ჩატარებულიყო
- მდინარაძე: პრაქტიკულად ყველა უბანთან არიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც
- ტიკარაძე: ჩვენი მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება
- წულუკიანი ოპოზიციაზე: გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, იმედი მაქვს, პარლამენტში ვიდებატებთ
- ვოლსკი: გაცილებით უფრო თავდაჯერებულები ვიქნებოდით, რომ არა პანდემია
"ტაბულას" შერჩევითი ფოტოები სხვა პარტიის ლიდერების გაშუქებისასაც არაერთხელ გამოუყენებია. მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ადა მარშანიაზე მომზადებულ მასალებში.
ფოტომანიპულირების შემთხვევებს ტენდენციური ხასიათი არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა on.ge-ს მიერ მომზადებულ მასალებშიც. ასეთი სტატიები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ, თეა წულუკიანს ეხებოდა.
სტატიას სათაურით - “რვა წლის შემდეგ იმიტომ ვიხდი ბოდიშს, რომ ახლა დგება სიმართლის დრო — მიხეილ სააკაშვილი” საილუსტრაციოდ ახლავს ფოტო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ხელსახოციანი ხელი თვალთან აქვს მიტანილი და, ერთი შეხედვით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ცრემლებს იწმენდს.
მეორე მასალას კი - სათაურით "წულუკიანმა დავით ბაქრაძეს "მოლაპარაკე დათუნია" უწოდა" - თეა წულუკიანის არასერიოზული გამომეტყველების ამსახველი, “შეუსაბამოდ” გაცინებული ფოტო ახლავს თან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაგალითი მოხვდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშიც, სადაც ნათქვამია, რომ “გაუგებარია თუ რატომ შეარჩია რედაქციამ სწორედ ასეთი ფოტოსურათი მინისტრის განცხადების გაშუქებისას.”
ზოგჯერ შერჩევით ფოტოებს მიხეილ სააკაშვილზე მომზადებული მასალების საილუსტრაციოდ იყენებს“პრაიმტაიმიც”. მაგალითად, ქვემოთმოყვანილ სტატიებს თან ერთვის ფოტოები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილს თავისი ქმედება ან გამომეტყველება არასერიოზულად წარმოაჩენს:
- ამ ლაჩარს ვინმემ აუხსნას, რომ პირადად მისი საქმე იყო გაქცევა, და პირადად მისი საქმეა დაბრუნებაც – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე
- მოგმართავთ, როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი – მიხეილ სააკაშვილი
- მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი არჩევნების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს – გახარია სააკაშვილზე
ორივე გამოცემა ხშირად იყენებს ფოტოებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასაცილოდ, არაადეკვატურად და შეუსაბამოდ გამოიყურება. მაგალითად, “მარშალპრესის” მასალას სათაურით - ხომ გეუბნებოდით, დაცხება და ტვინში ისევ ოფლის გაჟონვა დეემართება-მეთქი? – ხტუნაობდით, ტოოო? - ზედელაშვილი–თანდართული აქვს ფოტო, სადაც მიხეილ სააკაშვილის შადრევანთან სირბილის მომენტია ასახული.
“კვირას” მასალას - სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებისა და პომპეოს მოადგილის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება - კი ერთვის სააკაშვილის არასერიოზულ გამომეტყველებიანი კადრი.
მსგავს ფაქტებს ტენდენციური ხასიათი აქვს ოპოზიციის გაშუქებისასასც. მაგალითად, ფოტომანიპულაციების შემთხვევები, რომლებიც “ევროპული საქართველოს” ლიდერ ელენე ხოშტარიას და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერ შალვა ნათელაშვილს ეხებოდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2020 წლის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშიც მოხვდა.
ფოტოები, რომლებსაც აღნიშნული გამოცემები იყენებენ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათი მიზანი, ერთი მხრივ, “სამიზნე” სუბიექტებისადმი წინასწარ არასერიოზული განწყობების შექმნა, მეორე მხრივ კი - კონკრეტული პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მცდელობაა.