კატეგორია: ეთიკა
რუსულმა ინტენრეტ გამოცემამ Gazeta.ru, საქართველოს გაზმომარაგების შესახებ სტატიის მომზადებისას ფოტომანიპულაციას მიმართა. კერძოდ, სტატიის მთავარ ფოტოდ მედიასაშუალებამ აირჩია 14 წლის წინ, თბილისში, სასტუმრო ივერიას წინ გადაღებული ფოტო, სადაც ჩანან შეშით მოვაჭრეები, მათ უკან კი გაპარტახებული სასტუმრო “ივერია”. ფოტოზე არ არის მინაწერი, თუ როდისაა აღნიშნული ფოტო გადაღებული.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება 2017 წელს, ბუნებრივ აირს, რუსეთის ნაცვლად, აზერბაიჯანისგან იყიდის. ამის მიზეზი კი გახდა გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურს, საქართველო რუსეთისგან ფულის სახით მიიღებს. ამ დრომდე, რუსეთი, გაზის ტრანზიტის საფასურად, საქართველოს გატარებული აირის 10 პროცენტს აძლევდა. მას შემდეგ, რაც საქართველო დათანხმდა გაზპრომს და გაზის ნაცვლად ფულს აიღებს, გადაწყდა, რომ ხელისუფლება ბუნებრივ აირს უფრო იაფად შეიძენს აზერბაიჯანისგან, შესაბამისად, საქართველო რუსულ გაზს არ მოიხმარს.

როგორც Gazeta.ru წერს, საქართველოს აღნიშნული გადაწყვეტილება რუსულ მხარეს არ მოეწონა და აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა “პოლიტიკურ გადაწყვეტილებად” შეაფასა.

2017 წლის 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაზე თანდართული ფოტო, რომელიც Itar Tass-ის ფოტორეპორტიორმა, დავით ხიზანიშვილმა 2003 წლის იანვარში გადაიღო, აჩენს ასოციაციას, რომ რუსულ გაზზე უარის თქმის გამო, საქართველოს შეშის მოხმარება მოუწევს. ფოტომანიპულაცია ასევე, არასწორ წარმოდგენას ქმნის ქვეყნის ენერგო მდგომარეობის შესახებ.

2003 წლის ზამთრის შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, ეს განსაკუთრებით ეხება იმ ტერიტორიას, რომელიც Gazeta.ru-ს მიერ გამოყენებულ ფოტოზეა ასახული. უკვე 14 წელია საქართველოში ენერგოკრიზისი არ ყოფილა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2006 წელს რუსეთში, გაზსადენზე მომხდარ დივერსიას, რის შედეგადაც საქართველო მცირე დროით ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა) . აქედან გამომდინარე, თბილისში შეშას გასათბობად თითქმის არავინ იყენებს და ვერც შეშის ბაზრობებს შეხვდებით. ასევე, კეთილმოწყობილია ვარდების მოედნის (ადრინდელი რესპუბლიკის) ტერიტორია, შეშის ბაზრობა თანამედროვე კაფემ ჩაანაცვლა, სასტუმრო “ივერიას” შენობა კი - ხუთვარსკვლავიანმა “რადისონ ბლუ ივერიამ”.
კატეგორია: ეთიკა
digest.pia.ge და topnews.com ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „ქუთაისში ტანკებია მობილიზებული“. გამოქვეყნებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ „ტანკების გამოყვანა თავდაცვის მინისტრის ქუთაისში ვიზიტსა და სამხედროების სწავლებას უკავშირდება,“ თუმცა სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და შესაძლოა გამოიწვიოს პანიკა, რასაც კომენტარის ველებში მკითხველთა გამოხმაურებებიც მოწმობს.გარდა ამისა, მასალებს თან ერთვის ფოტო, რომელზეც არა ტანკები, არამედ ქვეითთა საბრძოლო მანქანებია გამოსახული.
კატეგორია: ეთიკა
“რატომ სცემა ნიკა მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე?” - ამ სათაურით Reportiori.ge-მ სტატია 8 აგვისტოს „პოლიტიკის“ განყოფილებაში გამოაქვეყნა. სტატიაში ვხვდებით ფოტომანიპულაციას, რომელიც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გასამყარებლად არის გამოყენებული.

ინფორმაცია საიდუმლო წყაროზე დაყრდნობითაა გავრცელებული, საკითხი ჟურნალისტს ამბის შესაძლო მონაწილეებთან არ გადაუმოწმებია. მასალას თან ერთვის ფოტო, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრ მიხეილ მაჭავარიანს თვალი აქვს „ჩალურჯებული“. გამოუცდელი თვალისთვისაც მარტივი შესამჩნევია, რომ ეს ფოტომონტაჟია.

ფოტომონტაჟს ბევრი მედიასაშუალება მიმართავს, თუმცა მისი გამოყენება ისე, რომ შეიცვალოს ფოტოს შინაარსი, მიზანშეწონილი არ არის. ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, მედია მოვლენებს მაქსიმალური სიზუსტით უნდა გადმოსცემდეს. ფოტომანიპულაციები კი სიზუსტის პრინციპს არღვევს.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” შინაგანაწესის მიხედვით, ფოტოები და ისტორიები უნდა ასახავდეს რეალობას. რაც შეეხება სამონტაჟო პროგრამებს, ისინი იყენებენ “ფოტოშოპს”, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. “როიტერსი” ცვლის ფოტოების ფორმატს, ზომას და ფერების ბალანსს. თუმცა გამოცემა არ ამატებს, ან არ აკლებს ფოტოს ელემენტებს, არ ცვლის მას ისე, რომ შეიცვალოს შინაარსი და კონტექსტი.
კატეგორია: ეთიკა
ქართული გამოცემების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ სირიაში 19 იეზიდი გოგონას ცოცხლად დაწვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა . ამ მედიასაშუალებებს შორის იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც სიახლე ფოტოსთან ერთად ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა. ფოტო, რომელიც მასალებს ერთვოდა, ტექსტებში აღწერილ ამბავს არ უკავშირდებოდა. სინამდვილეში ეს ფოტო, პირველად 2013 წელს არაბულ გვერდზე elbashayeronline.com-ზე გამოქვეყნდა. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პროტესტი ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ქალებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამო. სტატიას თან ერთვის იგივე საპროტესტო აქციიდან მეორე ფოტოც.





კატეგორია: ფოტოისტორია
მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ გაყალბებული ფოტოების ისტორიებს. ეს ფოტოები სხვადასხვა დროს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა. მათი გაყალბების შესახებ ინფორმაცია კი, მოგვიანებით გავრცელდა.

ეს ფოტო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა, 1970 წლის 4 მაისს ოჰაიოში სამართალდამცავებმა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. სროლას კენტის უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი ემსხვერპლა. სტუდენტმა ფოტოგრაფმა ჯონ ფილომ ფოტო გადაუღო 14 წლის მარი ანა ვეკიოს, რომელიც თავისი მეგობრის ცხედარს დასტიროდა. ფოტოს პულიცერის პრემიაც მიენიჭა. თუმცა 1972 წელს უცნობმა ფოტორედაქტორმა გადაწყვიტა, რომ ფოტოდან მოეშორებინა ბოძი, რომელიც „არ უხდებოდა“ მთლიან სურათს. დამუშავებულმა ფოტომ დედანი მალევე ჩაანაცვლა. დიდი ხნის განმავლობაში გამომცემლობათა უმრავლესობა რედაქტირებულ კადრს აქვეყნებდა. ვერავინ შეამჩნია ბოძის "გაქრობა", სანამ 1995 წელს დედანი ისევ არ გამოჩნდა ჟურნალ „ლაიფში“.



ამ ფოტოს რედაქტირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს „როიტერსის“ კონტიბუტორი, ბეირუთელი ფოტოგრაფი ადნან ჰაჯი. მან ფოტოშოპის დახმარებით გაამუქა კვამლი ფოტოებზე და ასე გააზვიადა ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დაბომბილი ბეირუთი. ადნან ჰაჯი „როიტერსთან“ 10 წელზე მეტხანს თანამშრომლობდა, თუმცა როგორც კი ამ ფოტო გაყალბება დადასტურდა, გამოცემამ ფოტოგრაფთან კონტრაქტი შეწყვიტა.



1994 წელს ყოფილ ფეხბურთელს, ო.ჯ სიმპსონს ცოლისა და მეგობრის მკვლელობაში დასდეს ბრალი, ჟურნალმა „ტაიმმა“ მისი დაკავებისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გამოქვეყნებამდე „ტაიმმა“ ფოტოილუსტრატორ მეტ მაურინს დაავალა, ხელოვნურად დაემუშავებინა ფოტოსურათი. მაურინმა დაკავებულის საიდენტიფიკაციო კოდი ზომაშიც შეამცირა და ფოტო გაამუქა. კრიტიკოსების აზრით, ფოტოს გამუქებამ ხაზი გაუსვა ბრალდებულის კანის ფერს და დაკავებულს უფრო „მრისხანე“ ელფერი შესძინა. მათი აზრით რადგან ფოტო იყო ახალი ამბების ფორმატის "ნიუს-ფოტო", მისი დამუშავება საერთოდ არ შეიძლებოდა. „ტაიმისთვის“ სამწუხაროდ, „ნიუზვიკმა“ იგივე ფოტო დაურედაქტირებლად გამოაქვეყნა. გაზეთების ჯიხურებში ეს ორი ნომერი გვერდიგვერდ მოხვდა, შესაბამისად, „ტაიმის“ მანიპულაცია უფრო მეტად შესამჩნევი გახდა. მოგვიანებით გამოცემამ ბოდიში მოიხადა.



. გადაკეთებული აღმოჩნდა 2013 წლის პულიტცერის პრემიის მფლობელის ნარცისო კონტრერასის მიერ სირიის სამოქალაქო ომის დროს გადაღებული ფოტო. ფოტოგრაფს გამოყენებული ჰქონდა ე.წ „კლონირების“ ტექნიკა. ეს ტექნიკა გულისხმობს ფოტოშოპის მეშვეობით ფოტოზე მცირე დეტალების გადაკოპირებას - ასე ფოტოდან არასასურველი ობიექტის შეუმჩნევლად მოშორებაა შესაძლებელი. კონტრერასმა აღიარა, რომ სირიის სამოქალაქო ომში გადაღებული ფოტოებიდან ერთ-ერთზე ვიდეოკამერა „გააქრო“. „ესოშიეითიდ პრესმა“ კონტრერასი ამ მანიპულაციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.