09.08.2016
ინფორმაცია საიდუმლო წყაროზე დაყრდნობითაა გავრცელებული, საკითხი ჟურნალისტს ამბის შესაძლო მონაწილეებთან არ გადაუმოწმებია. მასალას თან ერთვის ფოტო, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრ მიხეილ მაჭავარიანს თვალი აქვს „ჩალურჯებული“. გამოუცდელი თვალისთვისაც მარტივი შესამჩნევია, რომ ეს ფოტომონტაჟია.
ფოტომონტაჟს ბევრი მედიასაშუალება მიმართავს, თუმცა მისი გამოყენება ისე, რომ შეიცვალოს ფოტოს შინაარსი, მიზანშეწონილი არ არის. ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, მედია მოვლენებს მაქსიმალური სიზუსტით უნდა გადმოსცემდეს. ფოტომანიპულაციები კი სიზუსტის პრინციპს არღვევს.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” შინაგანაწესის მიხედვით, ფოტოები და ისტორიები უნდა ასახავდეს რეალობას. რაც შეეხება სამონტაჟო პროგრამებს, ისინი იყენებენ “ფოტოშოპს”, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. “როიტერსი” ცვლის ფოტოების ფორმატს, ზომას და ფერების ბალანსს. თუმცა გამოცემა არ ამატებს, ან არ აკლებს ფოტოს ელემენტებს, არ ცვლის მას ისე, რომ შეიცვალოს შინაარსი და კონტექსტი.