ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
„ასავალ-დასავალსა“ და „კვირის ქრონიკაში“ მატულობს ჰომოფობიური და ანტიდასავლური პუბლიკაციების რაოდენობა. ეს ტენდენცია უკავშირდება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 26 ივნისის გადაწყვეტილებას ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების თაობაზე. „ასავალ-დასავალისა“ და „კვირის ქრონიკის“ რედაქციები ამ მოვლენას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და უარყოფითად აფასებენ.

ჟურნალისტები და რესპონდენტები სიძულვილის ენას, უმეტესწილად - ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებენ. ამავე დროს, ამ საკითხზე აზრის გამოხატვას სთხოვენ მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებიც ანტიდასავლური შეხედულებებით არიან ცნობილი. მათ მიერ მკითხველს თემა მიეწოდება „საფრთხის“ სახით, თითქოსდა ამერიკა ცდილობს, საქართველოშიც დააკანონოს ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება. ეს რესპონდენტები, ასევე, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლენს, რომლებიც ლგბტ-ჯგუფების უფლებებს იცავენ.

6-12 ივლისის „ასავალ-დასავალის“ ანტიამერიკული და ანტიდასავლური პათოსი ჩანს პირველივე გვერდიდან, სადაც სათაურის სახით გამოტანილია „ქართული მისიის“ ლიდერის, გია კორკოტაშვილის (კორკოტა) სიტყვები: „ამერიკელებმა სიტყვა „დემოკრატია“ შემაზიზღეს! მიმიფურთხებია ასეთი დემოკრატიისთვის“. ინტერვიუში კორკოტაშვილი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას ანომალიად, უზნეობად, უხამსობად აფასებს და აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი „ყურთან ახლოსაც ნუ მიიტანს არასამთავრობო ორგანიზაციების პოპულისტურ გამოსვლებს. თანადგომა და დასაყრდენი უზნეო ადამიანებში კი არა, ხალხში ეძებოს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოდის „ასავალ-დასავალის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლუკა კურტანიძე: „იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლობირებენ, ასეთი რამ საკუთარ ოჯახებში დააკანონონ!“

გაზეთის მე-5, მე-6 გვერდებზე, სადაც კორკოტაშვილსა და კურტანიძესთან ინტერვიუებია დაბეჭდილი, ტრადიციულ რუბრიკაში - „კვირგვინოსნები“, ასევე, გამოქვეყნებულია ცნობილი ადამიანების (მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის) ჰომოფობიური და ანტიდასავლური გამონათქვამები.

სიძულვილის ენა გვხვდება გაზეთის მომდევნო, მე-7 გვერდზეც, სადაც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს: „იცით, რა მაინტერესებს? აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი როგორ დაადებს ხელს ბიბლიას და როგორ დადებს ფიცს მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი სიბილწე და უღმერთობა დაკანონდა?“ მჟავანაძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას მოითხოვს, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ.

უმცირესობების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელთანაც „ასავალ-დასავალი“ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

მე-5 გვერდზე „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია აცხადებს: „პირადად ჩემთვის მამათმავალსა და პედოფილს შორის არავითარი განსხვავება არ არის!“

„ასავალ-დასავალის“ მე-14 გვერდზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც ეხება „ერთსქესიანთა ქორწინების“ თემას და აცხადებს: „სამყაროში საოცარი პროცესები ხდება. ასე მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „გვარწმუნებს“, ჰომოსექსუალიზმი დაავადება არ არისო! ხოლო მეორე მხრივ, იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „გვიმტკიცებს“, რომ სიყვარული არის დაავადება!..“

24-ე გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სიძულვილის ენას გაზეთის ჟურნალისტი იყენებს: „საქართველოში თუ ჩვენ დავუშვით ერთსქესიანთა ქორწინება, მაშინ უკლებლივ ყველა კაცი იქნება პედერასტი, ყველა ქალი კი - ლესბოსელი“. იგივე ჟურნალისტი 25-ე გვერდზე თავს ესხმის მწერალ ლაშა ბუღაძეს. ამ პუბლიკაციაში მრავლად გვხვდება პიროვნების შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური ეპითეტები, რომელთა ტირაჟირებისაგან თავს შევიკავებთ.

32-ე გვერდზე, „ასავალ-დასავალის“ ტრადიციული რესპონდენტი „ჯაბა ექიმი“ 13 ივნისის წყალდიდობაზე საუბრისას აცხადებს: „ცხოველთა, მამათმავალთა თუ ლესბოსელთა დამცველები ერთი სექტაა და სწორედ მათი აზრისათვის ანგარიშის გაწევა მიგვიყვანს ყველა უბედურებასა და ტრაგედიამდე!“

გია კორკოტაშვილთან და ლუკა კურტანიძესთან ვრცელ ინტერვიუებს გაზეთი „კვირის ქრონიკაც“ აქვეყნებს. მათი შინაარსი და პათოსიც იგივეა, რაც „ასავალ დასავალში“ იყო.

სიძულვილის ენა „კვირის ქრონიკის“ პირველივე გვერდზე გვხვდება - ერთ-ერთი პუბლიკაციის ანონსში.

განსაკუთრებული აგრესიისა და ზიზღის შემცველია მე-14 გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორის ჰომოფობიური ფრაზები, რომელთა ტირაჟირებისაგან, ასევე, თავს შევიკავებთ.
კატეგორია - ეთიკა
მომღიმარსახეებიანი ბავშვები, ფერად-ფერადი ბუშტები, უფასო ატრაქციონები, ჭრელაჭრულა ქაღალდებში გახვეული შოკოლადები და კანფეტები, ბავშვებისთვის მოწყობილი სხვადასხვა სახალისო ღონისძიება - 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქართულ ონლაინ მედიაში, სწორედ ამ კონტექსტში გაშუქდა.
Mediachecker- ის მიერ გაანალიზებულ მედიასაშუალებებში ბავშვთა საკითხებზე ჯამში 146 მასალა მომზადდა. უნდა აღინიშნოს, რომ მასალების ძირითად ნაწილში საუბარი იმ საქველმოქმედო და გასართობ ღონისძიებებზე იყო, რომლებიც ამ დღისთვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა თუ კერძო კომპანიებმა მოაწყვეს. ბავშვთა უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება არც ერთ მასალაში არ ყოფილა წარმოჩენილი.
ფაქტობრივად, ერთადერთი საჯარო პირი, რომელმაც 1 ივნისს ბავშვთა უფლებებზე ისაუბრა, სახალხო დამცველი იყო. მისი თქმით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტები არასათანადოა. ავტო-საგზაო შემთხვევის დროს ბავშვთა უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა. ონლაინ მედიამ ეს თემებიც მოკლე ახალი ამბების სახით გააშუქა. პრობლემის სიღრმისეული ანალიზის მცდელობა არ ყოფილა. მედიის მთავარი განსახილველი თემა სახალხო დამცველისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებები იყო და არა თავად პრობლემა.
ბავშვთა დღე ონლაინ მედიაში ბავშვების გარეშე გაშუქდა. გაანალიზებული მასალიდან არც ერთში არ იყო წარმოდგენილი თავად ბავშვის მოსაზრება ან მისი საინტერესო ისტორია. არა მხოლოდ 1 ივნისს, არამედ ზოგადად, ბავშვთა თემების გაშუქებისას, ბავშვებს მათთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, როგორც წესი, არ ეძლევათ. ვინ აღარ საუბრობს მედიაში ბავშვებზე - ფსიქოლოგები, მასწავლებლები, მინისტრები, პოლიტიკოსები, ბავშვების მშობლები, საუბრობს ყველა, გარდა თავად ბავშვებისა.
მედიასაშუალებებში ფიქსირდება თითქმის იდენტური მასალები, იდენტური ტექსტებითა და ფოტოებით. რაც აჩენს ეჭვს, რომ პირველ ივნისს ბავშვთა საკითებზე მომზადებული მასალების დიდი ნაწილის ავტორი არა თავად მედიასაშუალება, არამედ საბავშვო ღონისძიების მომწყობი დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტია, მედიასაშუალებები კი პრესრელიზებს უცვლელი სახით აქვეყნებენ.
კვლავაც პრობლემატურია ბავშვების ქველმოქმედებისა და მოწყალების მიმღებ ობიექტებად წარმოჩენა. 1 ივნისს მედიასაშუალების მიერ გაშუქებულ ამბებში ქველმოქმედების გამცემებად გვევლინებოდნენ სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, გამგეობები, საკრებულოს წევრები, მერები.
მედია ინტერესდებოდა იმითაც, თუ რომელი მაღალჩინოსანი ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე რომელ გასართობ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას:
საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, ჩვილ ბავშვთა სახლს ესტუმრა, მოგვიანებით კი მეუღლესთან ერთად მზიურში გადაინაცვლა და ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ეს ამბავი დაკვირვების ქვეშ მყოფი მედიასაშუალების უმრავლესობამ გააშუქა. მასალები ამ შემთხვევაშიც ერთმანეთს ჰგავდა.
ბავშვებისთვის ბავშვთა დღის მილოცვა არც პრემიერს გამორჩენია. მან „სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსებულ ბავშვებს უმასპინძლა“ (მედიასაშუალებების უმეტესობამ სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა მასალები) მოგვიანებით კი ილუზიონისტს პატარების სურვილების მოგროვებაში დაეხმარა. ამ ამბის გაშუქებისას მედიასაშუალებები მხოლოდ ფაქტების აღწერითა და პრემიერისა და მისი მეუღლის კომენტარების წარმოდგენით შემოიფარგლნენ.
ბავშვებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობაში სამინისტროებიც აქტიურობდნენ. აქტიურობამ შედეგი გამოიღო და მათი ორგანიზებული ღონისძიებებიც მრავლად მოხვდა ონლაინ მედიის დღის წესრიგში. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები დაათვალიერებინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი დევნილ ბავშვებს ტორტით, ლიმონათითა და ნაყინით გაუმასპინძლდნენ.
ბავშვთა დაცვის დღეს ბავშვებისთვის სიურპრიზების, სხვადასხვა ღონისძებისა და საქველმოქმედო აქციის მოწყობა არც კერძო, კომერციულ კომპანიებს დავიწყებიათ და მედიის ყურადღების ცენტრში მათ მიერ მოწყობილი ღონისძებებიც მოექცა. ამ მასალების დიდი ნაწილიდან იკვეთება ფარული კომერციული რეკლამის ნიშნები, თუმცა სიახლეები სარედაქციო მასალების სახით იყო გამოქვეყნებული და რეკლამის აღმნიშვნელი მითითება არ ჰქონია.
მედიასაშუალებებს ბავშვთა საკითხებზე სიღრმისეული, მოკვლევითი სტატიები არ გამოუქვეყნებიათ. ყველა მათგანი მოკლე ინფორმაციას წარმოადგენდა. წინა წლების მსგავსად, წელსაც, ბავშვთა დაცვის დღე და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები მედიისთვის მხოლოდ ერთი დღის „ნიუსი“ იყო.
სალომე აჩბა
კატეგორია - ეთიკა
„დღეს ქმრისგან მიტოვებული 12 წლის ორსულის შესახებ გიამბობთ. თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, მათი ვინაობა დაფარული იქნება. ამ თემით უკვე სამართალდამცველებიც დაინტერესდნენ. ნაადრევი ქორწინების ისტორიამ გურჯაანში განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ცნობილი გახდა, რომ ქმრისგან მიტოვებული არასრულწლოვანი უკვე ექვსი თვის ორსულია“, - ასე დაიწყო 17 თებერვალს „იმედზე“საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ ერთ-ერთი სიუჟეტი, სათაურით - „ქმრისგან მიტოვებული 12 წლის ორსული“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 მუხლში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა ბავშვთა საკითხების გაშუქებისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს; არ უნდა მოამზადოს და გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

12 წლის ორსული გოგონას შესახებ „ქრონიკის“ სიუჟეტში ნაწილობრივ დაცულია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები. მსხვერპლი, ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები იდენტიფიცირებულნი არ არიან. ამ მხრივ ისიც მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტის ავტორები მომხდარის ადგილსაც არ აკონკრეტებენ და სიუჟეტის ტიტრში ფართო გეოგრაფიულ არეალს, კახეთს უთითებენ.

თუმცა, სიუჟეტში შესამჩნევია სხვა ტიპის პრობლემები. კერძოდ, თვალშისაცემია შემთხვევის ზედაპირული და ამავე დროს დრამატიზებული გაშუქება.

თუკი წამყვანის შესავალ ტექსტსა და სიუჟეტის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ საქმეში ბრალდებული 18 წლისაა, მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ ის 19 წლისაა.

"აწამებდნენ და აწვალებდნენ სახლში ყველანი“ – 12 წლის ორსული გოგონას მამის ეს ფრაზა „ქრონიკის“ მთავარ ანონსშიც გატანილი იყო. ანონსიდანვე დაიწყო ისტორიის გამძაფრება და დრამატიზება, თანაც - ძალადობაზე აქცენტით.

ბრალდებულის დედა (მისი სახე დაფარულია) სიუჟეტში უარყოფს გოგონაზე ძალადობას (აქვე ის ჟურნალისტებს მიმართავს: „არ გაგვიგდია ჩვენ და სხვა რაღა გინდათ?!“).

სიუჟეტში უფრო მეტი ადგილი ისეთ კომენტარებს ეთმობა, სადაც გოგონაზე ძალადობის თემაა წინ წამოწეული. ჟურნალისტი ამბობს - „მიტოვებული გოგონას ოჯახის წევრები ყოფილ სიძეს ძალადობაში ადანაშაულებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ“. „ძალადობდა ყველანაირად, მასხარადაც მიგდებდაო“, - ამბობს გოგონას მამა. მისი დაც აცხადებს, რომ დაკავებული გოგონას ფეხმძიმობის პერიოდშიც აიძულებდა სქესობრივ კავშირს, რაც მოზარდის ჯანმრთელობას აზიანებდა.

სიუჟეტის ბოლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის იურისტი იმ მუხლს განმარტავს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ეხება. მისი თქმით, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საიას იურისტის მოკლე კომენტარის შემდგომ, ჟურნალისტებმა სიუჟეტი კვლავ ძალადობის თემაზე აქცენტით დაასრულეს: „არასამთავრობოები არასრულწლოვნებზე ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ცოტა ხნის წინ პროკურატურამ კახეთში 14 წლის მოზარდს სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წაუყენა. მე-7 კლასელ გოგონაზე ძალადობაში მონაწილე მეორე პირი კი დაუსჯელი რჩება, რადგან კანონით 14 წლის მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება“.

როგორ და რატომ მოხდა, რომ ოჯახმა და სკოლამ თვალი დახუჭეს 18(თუ 19?) და 12 წლის მოზარდების„დაქორწინებაზე“? რატომ არ იყო ინფორმირებული პოლიცია ამ შემთხვევის შესახებ? ხოლო თუ იყო, რატომ არ რეაგირებდა? ეს კითხვები მასალაში არ დასმულა. სიუჟეტს მიღმა დარჩა ასევე ნაადრევი ქორწინების თემა და თანმდევი პრობლემები. ნაცვლად პრობლემის წარმოჩენისა, მისი მიზეზების ძიებისა, „ქრონიკის“ ჟურნალისტები 12 წლის გოგონას „საინტერესო ამბავს“გვიყვებიან.
კატეგორია - ეთიკა
27 თებერვალს ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების - „მაესტროს ცხრიანი“ მთავარი თემა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩატარებული ტენდერები და იქ არსებული ნეპოტიზმი იყო. თემაზე სასაუბროდ სტუდიაში მიწვეული ჰყავდათ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი. რესპონდეტის თქმით, თემა, რომელზეც მას უნდა ესაუბრა წინასწარ შეთანხმებული არ იყო.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სსიპ-ებში ჩატარებული ტენდერები ეჭვს აჩენს. მინისტრის მოადგილე მათ კანონიერებაზე უკვე საუბრობს და საქმეებსაც სწავლობს... არის თუ არა შავლიაშვილის უწყებაში ნეპოტიზმის ნიშნები?“ - ამ სიტყვებით გახსნა წამყვანმა „მაესტროს ცხრიანი“ და იქვე დააანონსა, რომ ამ თემაზე სტუდიაში სასაუბროდ მიწვეული იყო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ნოდარ ჯავახიშვილი და სტუმრობისთვის მას მადლობაც გადაუხადა.

„იგივე დიდი მადლობით ნამდვილად ვერ მოგმართავთ. მთელი დღის განმვლობაში მქონდა კავშირი „მაესტროსთან“ და ერთადერთი თემა, რომელზეც დღეს უნდა გვესაუბრა, იყო ეროვნული ვალუტის მდგომარეობა... რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომლებიც ახლა აქ მოვისმინე, ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამის შესახებ ცოტათი ადრე მექნებოდა ინფორმაცია, რადგანაც კონკრეტულ საწარმოებზე და კონტრაქტორებზე ცოტა უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია მექნებოდა,“ - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კითხვები, რომლებიც წამყვანებმა მინისტრის მოადგილეს დაუსვეს, ძირითადად სამინისტროში ჩატარებულ ტენდერებს, ტენდერებში გამარჯვებულ კონკრეტულ კომპანიებს, სამინისტროში განხორცილებულ საკადრო ცვლილებებს და იქ ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კონკურსებს ეხებოდა. საუბრის ბოლოს წამყვანებმა ნოდარ ჯავახიშვილს ლარის დევალვაციის მიზეზების შეფასებაც სთხოვეს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მუხლი 20

1. მაუწყებლები და პროგრამის შემქმნელები/პროდუსერები პროგრამის პოტენციურ მონაწილეებს უნდა მოეპყრონ სამართლიანობის პრინციპის დაცვით

2. პროგრამაში მიწვევისას მაუწყებელმა პოტენციურ მონაწილეს უნდა აცნობოს (გარდა შემთხვევისა, თუ განხილვისა საგანი ტრივიალურია და მონაწილის მნიშვნელობა მინიმალური);

ა) პროგრამის არსი, მიზანი და მიწვევის მიზეზები, გადაცემის თემა და მათი მოწვევის მიზანი. როდის ( თუ ცნობილია) და სად გადაიცემა იგი პირველად“

გ) სავარაუდო კითხვები და სხვა სავარაუდო სტუმრების ვინაობა.